ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სუროვიკინი ისვენებს" - რუსი დეპუტატი გაუჩინარებულ გენერალზე


გენერალი სუროვიკინი და ვლადიმირ პუტინი. 31 დეკემბერი, 2022.
გენერალი სუროვიკინი და ვლადიმირ პუტინი. 31 დეკემბერი, 2022.

რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი, რუსეთში „ვაგნერის“ ჯგუფის შეიარაღებული ამბოხის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. რუსი კანონმდებელი მმართველი პარტიიდან აცხადებს, რომ გენერალი „ისვენებს“. სუროვიკინი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში, რუსეთის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილეა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ისმის, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს - „სუროვიკინი ახლა ისვენებს. ის ჯერ მიუწვდომელია.“

სუროვიკინი, რომელსაც სირიის კონფლიქტში მისი აგრესიული სამხედრო ტაქტიკის გამო, როსული პრესა „გენერალ არმაგედონს“ უწოდებს, ბოლოს საჯაროდ მაშინ გამოჩნდა, როცა ამბოხებული „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლებისთვის ვიდეომიმართვა გაავრცელა. 23-24 ივნისის, ჯერ კიდევ მიმდინარე შეიარაღებული ამბოხისას, გენერალმა მებრძოლებს ამბოხის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მიიჩნეოდა, რომ სუროვიკინს „ვაგნერთან“ და მის მეთაურ ევგენი პრიგოჟინთან, კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მაშინ, როცა პრიგოჟინი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით კი თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსს - ვალერი გერასიმოვს აკრიტიკებდა, გენერალ სუროვიკინს აქებდა.

შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციაზე დაფუძნებით, გასულ თვეში გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსა“ დაწერა, რომ სუროვიკინს „ვაგნერის“ ამბოხის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა. ამავე ცნობით, რუსეთის ხელისუფლება იძიებდა, იყო თუ არა გენერალი ამბოხის თანამონაწილე.

ზოგიერთმა რუსულმა და საერთაშორისო მედიამ, გასულ თვეში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუროვიკინი დააკავეს. მაგრამ, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. კრემლი ამ საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს არ პასუხობს.

მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ გასულ თვეში, რუსეთში მომხდარი შეიარაღებული ამბოხება, 23-წლიანი მმართველობის განმავლობაში, ვლადიმირ პუტინის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. ეს კი მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ პრიგოჟინს სულაც არ სურდა მთავრობის დამხობა. ვლადიმირ პუტინი აცხადებდა, რომ ამბოხს, შესაძლოა, რუსეთში სამოქალაქო ომი გამოეწვია. თუმცა გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევგენი პრიგოჟინი რუსეთში დაბრუნდა და ის "ვაგნერის" სხვა მეთაურებთან ერთად, პრეზიდენტ პუტინს შეხვდა. კრემლის პრეს-სპიკერის თანახმად, მათ კიდევ ერთხელ დაუდასტურეს პრეზიდენტს ერთგულება და მხარდაჭერა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG