გოლიათი ბრაბუსი დავით ბრაბუსის წინააღმდეგ
გოლიათი ბრაბუსი დავით ბრაბუსის წინააღმდეგ
15.02.2017
ბრაბუსის ბოროტი ძმები: უმძლავრესი სმარტი ხვდება Rocket-ს, ანუ, სუპერ-S-კლასს

კარგი და ცუდი ამბები ხანდახან ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. სახელდობრ, ახალი Brabus Smart-ის მყიდველს შეუძლია იამაყოს იმით, რომ მისი 109-ცხენისძალიანი ჯუჯა ყველაზე მძლავრია იმ ”სმარტებს” შორის, რაც ოდესმე გამოშვებულა. ეს კარგი ამბავია. რაც შეეხება ცუდს: ეს ”სმარტი”, ამავდროულად, ყველაზე სუსტი ”ბრაბუსია” იმ ”ბრაბუსებს” შორის, რაც დღეისათვის იყიდება.

Auto Bild

ბრაბუსიო? დიახ, ”ბრაბუსი”, რომელიც ”მერსედესის” მარკის ავტომობილებს 1977 წლიდან ამუშავებს. ყველაზე პოპულარული G-კლასის ბრაბუსისეული ვერსიებია , თუმცა მსოფლიოში ერთ
-ერთი ყველაზე ცნობილი ტიუნერი სხვა მოდელებსაც ატიუნინგებს - მათ შორის ისეთებსაც, როგორებიცაა Sprinter ან Unimog. ამავდროულად, ”ბრაბუსი” დიდი ხანია, რაც მხოლოდ ტიუნერი კი აღარ არის, არამედ ოფიციალური დამოუკიდებელი ავტომწარმოებელია. კომპანია 1977 წელს ტიუნინგის ერთ-ერთმა პირველმა პროფიმ, ბოდო ბუშმანმა თანაკურსელ კლაუს ბრაკმანთან ერთად დააარსა. შესაბამისად, კომპანიის სახელწოდებაც მათი გვარების საწყისი სამი ასოებითაა შედგენილი: BRAckmann და BUSchmann.

► იხილეთ ფოტოგალრეა: ”ბრაბუსის” უახლესი და საუკეთესო მოდელები
Auto BildAuto Bild


დღეს ”მერსედესის” მოყვარულებს შორის ყველაზე მაგარ კაცად მიიჩნევა ის, ვინც თავის AMG-ს ”ბრაბუსის” შეფ ბოდო ბუშმანს, ბოტროპში მიუყვანს და კიდევ უფრო გაამძაფრებინებს. ხარისხი ხარისხად და სტილი? სტილი ყველაზე შთამბეჭდავია!
დაიმლერისა და ”ბრაბუსის” მეგობრობა იქამდე მივიდა, რომ ბოტროპში ”სმარტებსაც” კი აძლიერებენ!

ახლა კი კიდევ ერთხელ შეხედეთ Smart Brabus-ს. ჩვენ გვაინტერესებდა, ეს ყველაფერი, ”სმარტთან” დაკავშირებით, მხოლოდ მარკეტინგული ბლა-ბლა-ბლაა, თუ ეს ყველაზე პატარა ”ბრაბუსი” მართლაც იწვევს ისეთ აღფრთოვანებას, ”ბრაბუსის” კლიენტს რომ შეეფერება?

Auto Bild
Rocket 900-ის ფასად ერთი ძალიან მაგარი ვილა მოგივათ - და ”სმარტი” ხურდაში

სწორედ ეს უნდა გავარკვიოთ და, აქვე, ბრაბუსისეულ ”სმარტს” გვერდით ყველაზე ძლიერი ”ბრაბუსიც” დავუყენეთ. ეს გახლავთ Mercedes-AMG S 65-ის ბაზაზე შექმნილი, ორმაგად დამუხტული 12-ცილინდრიანი ძრავის მქონე ლიმუზინი - ისეთი, საუკეთესო ოლიგარქებს რომ ეკადრებათ. 900 ცხენის ძალა და ელექტრონულად შეზღუდული, 1200-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტი ისეთი თემაა, ამ პლანეტის ბინადარი რომ არ უნდა იყოს. აჩქარება 100 კმ/სთ-მდე? 3,7 წამში. თითქმის 6 წამის შემდეგ კი, ციფრული სპიდომეტრი უკვე 200-ს გიჩვენებს. მაქსიმუმი 350 კმ/სთ-ია. ცხადია, მაქსიმალური სისწრაფეც ელექტრონულად იზღუდება - საბურავებს უფრთხილდებიან... ამიტომაც ჰქვია ამ არსებას Rocket.

Auto Bild
რუსული დისკოთეკა? ხუმრობა იქეთ იყოს და, Rocket-ის კოკპიტი გვიჩვენებს, სად ცხოვრობენ ამ 900-ცხენისძალიანი ავტომობილის პოტენციური კლიენტები

და რას გვთავაზობს ამ დროს ”სმარტი”? ცხადია, ისიც თავისას ცდილობს - როგორც შეუძლია და ეს ყველაზე კარგად მაინც ვიზუალურად გამოსდის. მქრქალი ყვითელი ფერი, დისკები იმავე დიზაინით, როგორც მის დიდ და ძვირფას ძმას, ახალი წინა სპოილერი - ჯუჯა დავაჟკაცებულია. ცხადია, ახლა ტექნიკური მონაცემებიც ისეთი აქვს, სპორტული ავტომობილისკენ მცირე, მაგრამ მაინც აშკარად გადადგმულ ნაბიჯად რომ უნდა ჩაითვალოს. 170 ნიუტონმეტრისა და Race-Start-ფუნქციის დახმარებით ის 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას, გაგიკვირდებათ და, 10 წამზე ნაკლებ დროში ახერხებს.

Auto Bild

მართალია, ეს ციფრები არცისე გადასარევად ჟღერს, მაგრამ აბა, გამოცადეთ ეს ყველაფერი ”სმარტის” ამ კაბრიოლეტში - არნახული შთაბეჭდილებები გარანტირებულია! მე ამას ჯუჯის აჯანყებას დავარქმევდი. საბედნიეროდ, ”სმარტის” შექმნელებმა იმდენი მოახერხეს, რომ ახალი მოდელი აღარ არის მხოლოდ პატარა და ძალიან სასაცილო ავტომობილი. ის უკვე შეძლებისდაგვარად სერიოზული ტიპია. ათი სანტიმეტრით მეტი სიგანით ისიც მივიღეთ, რომ ”სმარტი” მოსახვევებში კი არ მიხტუნაობს, არამედ მართლაც იქით მიდის, საითაც მძღოლს რეალურად უნდა.

”ბრაბუსის” მიერ გამძაფრებული დაკიდება კი კიდევ უფრო უკეთესი სვლის გარანტიაა. ერთი სიტყვით, Smart Brabus-ის მფლობელს შეუძლია, ყოველგვარი გაწითლებისა და შერცხვენის გარეშე დაძრას სიტყვა მანევრულობის შესახებ. თუმცა ეს მანქანა მხოლოდ მცირეხნიან სიამოვნებას გვთავაზობს - არა მარტო იმიტომ, რომ სიგრძეში 2,70 მეტრია, არამედ პირველ რიგში იმის გამო, რომ ავტობანზე აჩქარებას მალევე მოეღება ბოლო - სისწრაფე 165 კმ/სთ-ზე იზღუდება.

Auto Bild
2,70 მეტრი სიგრძით, ”სმარტი” Rocket-ზე თითქმის ორჯერ მოკლეა

ეს ის სისწრაფეა, რომელსაც მისი კოლეგა Rocket ლამის ერთი ამოსუნთქვით აღწევს. თუმცა ამ სისწრაფის განვითარება Rocket-ით არცისეთი სახალისოა, როგორც ციფრები გვპირდება. იმიტომ, რომ ეს აშკარად ზემოტორიზებული რაკეტაა. ამის მიზეზი ბაზა გახლავთ: საქმე ისაა, რომ ”მერსედესი” 12-ცილინდრიანს ყოველთვის სრული ამძრაობის გარეშე იძლევა. შესაბამისად, ელექტროობამ სიმძლავრე ყოველთვის უნდა შეამციროს, თორემ მცირე ზეწოლის შემდეგაც კი მანქანა გარდიგარდმო წავიდოდა, ანაც ბევრი ცხენის ძალები უკანა ღერძზე ბოლს გამოუშვებდა.

Auto Bild
პატარა, 3-ცილინდრიანი ძრავა ნამდვილად არ გამოიყურება გადასარევად, მაგრამ თავისი 109-ცხენისძალიანი სიმძლავრით ერთობ ქარიზმატულია

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Rocket-ის დრო მას მერე დგება, როცა სისწრაფე 150 კმ/სთ-ს გადააჭარბებს. სწორედ ამ დროს გრძნობს მანქანა ავტობანზე თავს ისე, როგორც თევზი წყალში და ისე ბრახიალურად მიექანება, რომ მერე მისი მასაჟორი სავარძლებიც ვეღარ დაგამშვიდებენ. სხვამხრივ, ეს ბრუტალური ბენცი სრულიად მშვიდია. ავტობანის სწრაფი მოსახვევები ძალიან სოლიდურად იყლაპება - მთავარია, გაბედო. და იმასაც გეტყვით, რომ მძღოლს საამისო ვაჟკაცობა ხშირად არც ეყოფა.

Auto Bild
კარბონით შეფუთული 12-ცილინდრიანი ძრავა ბოტროპში ხელით კეთდება

მოკლედ, განსხვავებები, რა თქმა უნდა, ბევრია და რაც შეეხება საერთოს. ფაქტია, რომ ”ბრაბუსმა” ორივე მანქანის შემთხვევაში, ძალიან კარგი ბაზა მშვენივრად გამოიყენა და კიდევ უფრო უკეთეს, თანაც სპორტულ მანქანებს გვთავაზობს. აი, ფასში კი საოცრად დიდი განსხვავებაა. Rocket-ის საწყისი ფასი 434 000 ევრო გახლავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის მსურველთა 99,999 პროცენტი ამ მანქანას ვერ შეიძენს. Smart Brabus-ის საწყის ფასად მოხსენიებული 19 710 ევრო კი, სამწუხაროდ, ნახევრად სიმართლეა, რადგან კაბრიო-ვერსია, მქრქალი ფერი და რამდენიმე აუცილებელი ოფციის შემდეგ, ფასი 34 000 ევრომდე ადის. სწორედ ამდენი ღირდა ჩვენი სატესტო ვერსია. Rocket-ზე 400 000 ევროთი იაფი!
Auto Bild
დასკვნა
ჰო, ამ ორი ”ბრაბუსის” ერთმანეთთან შედარება ნამდვილად არ შეიძლება. ”სმარტი” და Rocket ერთმანეთისგან ისე შორსაა, როგორც ბოტროპი და აბუ დაბი. ამ ორ მანქანას მხოლოდ მათი სუვერენულობა აერთიანებს. და ჯოჯოხეთურად მაღალი ფასი.
შტეფან ფოსვინკელი

BRABUS ROCKET
► სიმძლავრე: 900 ცხენის ძალა
► მაბრუნი მომენტი: 1200 ნმ/4200 ბრ.
► მაქს. სიჩქარე: 350 კმ/სთ
► 0-100 კმ/სთ: 3,7 წამში
► ფასი: 434 000 ევროAuto Bild

SMART BRABUS

► სიმძლავრე: 109 ცხენის ძალა
► მაბრუნი მომენტი: 170 ნმ/2000 ბრ.
► მაქს. სიჩქარე: 165 კმ/სთ
► 0-100 კმ/სთ: 9.5 წამში
► ფასი: 34 000 ევრო





იხილეთ ვიდეო:


ასევე დაგაინტერესებთ:
ბრაბუსის საუკეთესო ავტომობილები
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ბრაბუსმა Mercedes-AMG GLE 63 გააძლიერა
Auto Bild


ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტი ბრაბუსისგან!
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ბრაბუსის ახალი სიამაყე: G-კლასი 700 ცხენის ძალით
Auto Bild


ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა
Auto Bild


მომხმარებლებმა ბრაბუსი საუკეთესოდ დაასახელეს
Auto Bild


ჩავიხედოთ ბრაბუსის მაიბახში!
Auto Bild


ბიზნეს-ბრაბუსი: ოფისი 800 ცხენის ძალით!
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად