ყველაფერი ახალი პორშე კაიენის შესახებ
ყველაფერი ახალი პორშე კაიენის შესახებ
31.08.2017
”პორშე კაიენის” ახალი, მესამე თაობა სრულიად ახალი მოდელია, თუმცა წინამორბედივით გამოიყურება. AUTO BILD-მა ”პორშეს” ახალი SUV ახლოს გაიცნო.

ძველი ვიზუალი, ახალი ტექნიკა: ერთი შეხედვით სწორედ ასეთ დასკვნას გამოიტანთ. თუმცა ”პორშე” ამბობს, რომ ”კაიენში” ყველაფერი ახალია.

Auto Bild

”კაიენის” მესამე თაობა მართლაც სრულიად ახლებურადაა შემუშავებული. ზუსტად ისე, როგორც Audi Q7 და Bentley Bentayga, ახალი ”კაიენიც” ე.წ. MLB-პლატფორმაზეა აგებული. ეს არის ალუმინის, ნახშირბადის ბოჭკოსა და მაღალი სიმტკიცის ფოლადის კომბინაცია, რითაც ”პორშეს” SUV უფრო მსუბუქი და კიდევ უფრო მანევრული გახდა.

Auto Bild

”პორშე” გვეუბნება, რომ დიზაინი განგებაა
ორიენტირებული 911-ისკენ. ფაქტი ის გახლავთ, რომ ახალი ”კაიენის” წინა მხარე თითქმის არ განსხვავდება წინამორბედისგან. ჰაერის შემშვებები ოდნავ უფრო დიდია და მორჩა - მეტი არაფერი. საერთო ჯამში, ”კაიენი” ახლა 6 სანტიმეტრით გრძელი და მინიმალურად დაბალია, ვიდრე აქამდე იყო. თვლების ბაზა უცვლელი დარჩა და ისევ 2,90 მეტრია.

Auto Bild
  • პატარა სიურპრიზი უკანა მხარეს: ”პორშეს” მთავარ SUV-ს უკან ”პანამერადან” ნაცნობი განათების ხაზი ამშვენებს.
მართალია, ამას ველოდით კიდეც, მაგრამ მაინც სიახლეა. საერთო ჯამში, ვიზუალური თვალსაზრისით ცუფენჰაუზენელებმა დიდი სიფრთხილე გამოიჩინეს. გულახდილად რომ ვთქვათ,
მხოლოდ ვიზუალური შეფასებისას ახალ ”კაიენზე” შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ეს მხოლოდ ფეისლიფტია.

Auto Bild

ალუმინის ძარისა და ასევე ალუმინის სხვა დეტალების დამსახურებით, მიუხედავად მეტი კომპლექტაციისა, ”კაიენის” წონა დაახლოებით 55 კილოგრამით, 1985 კილოგრამამდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები ”კაიენის” ოფროუდ-შესაძლებლობებს თითქმის არ იყენებენ, ”პორშემ” თავის მთავარ SUV-ს ამ მხრივ მაინც არაფერი მოაკლო.

მესამე თაობის ”კაიენის” საჯარო პრეზენტაცია ფრანკფურტის ავტოშოუზე შედგება, რომელიც 14-დან 24 სექტემბრამდე გაიმართება. BMW X5-ისა და Mercedes GLE-ს კონკურენტის შეკვეთა კი უკვე შესაძლებელია. მფლობელები პირველ ეგზემპლარებს წელსვე მიიღებენ. ახალი, 340-ცხენისძალიანი ”კაიენის” საწყისი ფასი დაახლოებით 70 000 ევროა, უფრო მძლავრი Cayenne S კი მინიმუმ დაახლოებით 85 000 ევრო ღირს.

Auto Bild

მეტი სიახლე ინტერიერში

გარედან, რომელი მხრიდანაც არ უნდა მიუახლოვდე, შეგაწუხებს იმაზე ფიქრი, რომ რეალურად ფეისლიფტთან გაქვს საქმე და არა სრულიად ახალ მოდელთან. სამაგიეროდ, საკმარისია, კარი გააღო და ინტერიერში შეიხედო, რომ მაშინვე ყველაფერში საბოლოოდ დარწმუნდები - ეს მართლაც სრულიად ახალია მოდელია.

Auto Bild

კოკპიტი რეალურად, სრულიად ახალია. ინსტრუმენტებს შორის დომინანტი ანალოგური ტახომეტრია, რომელიც, რა თქმა უნდა, შუაშია განთავსებული - როგორც ”პორშეს” ეკადრება. მარჯვნივ და მარცხნივ ორი მძაფრი 7-დუიმიანი ეკრანია, რომელთა ინდივიდუალურად კონფიგურირებაა შესაძლებელი: ნავიგაცია, სისწრაფე, მუსიკა - ყველაფერი ერთი ღილაკის მანძილზე. თანაც, ამ ყველაფერს აბსოლუტურად ინტუიციურად აკეთებ, საჭის ღილაკებიდან.

მთავარი გმირი ინტერიერში ”პორშეს” ახალი, ე.წ. Advanced-კოკპიტია - 12,3-დუიმიანი სენსორული ეკრანით. სისტემა სრულიად ახალი და თანამედროვეა: ხმოვანი ბრძანებები, მიახლოვების სენსორი, საუკეთესო გამოსახულება... დიახ, ეკრანი ძალიან დიდია, ექსტრემალურად სწრაფად რეაგირებს და ”დაზუმება-მოახლოვება” ორი თითითაც შესაძლებელია.

Auto Bild

თუმცა არა, მხოლოდ ამიტომ ის ჯერ კიდევ არ არის iPad. აღსანიშნავია, რომ ამუშავების შემდეგ ნავიგაციას დაახლოებით 10 წამი მაინც სჭირდება, რომ მოხმარებისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს. წესით, მეტი სისწრაფე შესაძლებელი უნდა ყოფილიყო. თუ ამას არ ჩავთვლით, საერთო ჯამში სისტემა ძალიან სწრაფად, მარტივად და იდეალურად მუშაობს.
  • ”პორშეში” ასევე ძალიან ამაყობენ ახალი ”პანამერადან” ნაცნობი ცენტრალური კონსოლით.
Auto Bild

თუ არ ჩავთვლით ერთ დასატრიალებელ-დასაჭერ ღილაკს, რომლითაც აუდიო-სისტემის ხმა და კლიმატი რეგულირდება, აქ სხვა ნაღდი ღილაკები აღარცაა. ”პორშემ” მართლაც უამრავი ღილაკი გააქრო. ნაცვლად ამისა, სახეზეა მინის სენსორული ზედაპირი, რომლითაც სხვადასხვა ფუნქციების გამოყენება აბსოლუტურად უპრობლემოდ ხდება. მოკლედ, ჩვეულებრივი ღილაკები სენსორულმა ზედაპირებმა შეცვალა. ასეთი გადაწყვეტილება მოდურია და კარგად გამოიყურება, ოღონდ მანამდე, სანამ ვინმე მანქანაში კარტოფილ-ფრის არ შეჭამს და მერე ამ სენსორულ ზედაპირებს ცხიმიანი თითებით არ შეეხება...
  • გარდა ამისა, რჩება კითხვა: რა მოხდება, თუ ეს ზედაპირი გაფუჭდება? ასეთ შემთხვევაში მთელი ცენტრალური კონსოლი უნდა გამოიცვალოს?
სავარძლები და დამუშავების ხარისხი ტრადიციულად იდეალურია. კარგი სიახლე ოჯახებისთვის: ახალი ”კაიენის” საბარგულის მოცულობა 100 ლიტრით, 770 ლიტრამდე გაიზარდა.

Auto Bild

AUTO BILD-მა ახალი ”კაიენის” პირველი პროტოტიპით უკვე გაისეირნა და სანამ სერიოზულ ტესტირებას ჩავუტარებდეთ, უნდა გითხრათ, რომ ”აუდის” MLB-პლატფორმაზე დამდგარი ”კაიენი” კიდევ უფრო დინამიკურად დადის და ჩრდილში სპორტულობის თვალსაზრისით ჩრდილში აქცევს ყველაფერს, რაც აქამდე SUV-სეგმენტში გინახავთ. ახალი ”კაიენი” თავისი მძღოლის ბრძანებებს უდიდესი სიზუსტით ასრულებს და ძრავებიც შესანიშნავად მუშაობენ. V6 ძრავების ჟღერადობა შედარებით ხავერდოვანია, V8 აგრეგატს კი ბობოქარი ხმა აქვს. პირველი გასეირნებითაც დავრწმუნდით, რომ დიდი შანსია, ამაზე სპორტული და მანევრული SUV არ არსებობდეს.

პირველად კაიენში: უკანა ბორბლებიც უხვევენ!

მესამე თაობის ”კაიენის” ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე ის არის, რომ ”პორშეს” დიდი SUV პირველადაა წარმოდგენილი ოთხივე თვლის მობრუნებადობით. დიახ, უკანა ბორბლებიც უხვევენ! ეს კარგია დინამიკისთვის და მობრუნების მცირე რადიუსისთვის. ასევე ახალია შერეული საბურავების საკითხიც - უკანა ღერძზე უფრო განიერი საბურავებით. სრული ინოვაციაა ე.წ. PSCB-მუხრუჭები. ეს აბრევიატურა ასე იშიფრება: Porsche Surface Coated Brake. მისი პლუსი ნაკრები ცვეთაა. ახალ სისტემას თეთრი სუპორტებით იცნობთ.

Auto Bild

რა თქმა უნდა, არსენალშია კარბონ-კერამიკული მუხრუჭებიც (PCCB). აღსანიშნავია, რომ PSCB მუხრუჭი მხოლოდ მინიმუმ 20-დუიმიან დისკებს ესადაგება. სერიულად კი, ”კაიენი” 19-დუიმიანი დისკებითაა აღჭურვილი. საბაზო კომპლექტაციაში შედის აქტიური სრული ამძრავი და LED-მაშუქები. აი, LED-Matrix-განათება და სტაბილიზაციის ელექტრონული სისტემა PDCC დამატებითი, ფასიანი ოფციებია. ისევე, როგორც ”პორშეს” საამაყო Sport Chrono პაკეტი.

ძრავები: ორი აგრეგატი გაყიდვების სტარტზე

”პორშე კაიენის” მესამე თაობის შეკვეთა ახლავე შესაძლებელია - თავდაპირველად ხელმისაწვდომია ძრავის ორი ვარიანტით. პირველი ვარიანტი (Cayenne) 3 ლიტრი მოცულობის 6-ცილინდრიანი ძრავაა, რომელსაც 340 ცხენის ძალა აქვს. ეს წინამორბედ მოდელთან შედარებით 40 ცხენის ძალით მეტს ნიშნავს. Cayenne S კი 2,9 ლიტრიანი V6-Biturbo ძრავით და 440 ცხენის ძალით გამოდის - 20 ცხენის ძალით მეტი.

Auto Bild

ცხადია, ”კაიენი” ხელმისაწვდომი იქნება 4-ლიტრიანი V8-Biturbo ძრავითაც, რომელსაც 550 ცხენის ძალა ექნება. მოგვიანებით ახალი ”კაიენის” Plug-In-ჰიბრიდული ვერსიებიც გამოვა - თავიდან V6-Biturbo-ს ბაზაზე, მერე კი V8 ძრავის ბაზაზეც. ტოპ-მოდელი შესაძლოა Cayenne Turbo S e-Hybrid იყოს, რომელსაც 680 ცხენის ძალა ექნება. თუკი მომხმარებლები ეკონომიურ და მაღალი მაბრუნი მომენტიც მქონე დიზელებს მოითხობენ, ”პორშე” უარს არ ეტყვის. გადაცემათა კოლოფი კი ყველა ვერსიაში ერთი და იგივეა: ”პორშე” ახალ ”კაიენში” მხოლოდ და მხოლოდ ZF-ის 8-საფეხურიან ავტომატიკას იყენებს.

ტექნიკური მონაცემები

Porsche Cayenne
6-ცილინდრიანი-Turbo • მოცულობა: 2995 სმ3; • სიმძლავრე: 250 კვ (340 ცხ. ძ.) 5300-6400 ბრ/წთ • მაბრუნი მომენტი: 450 ნმ/1340-5300 ბრ/წთ • აჩქარება: 0-100 კმ/სთ: 6,2 წამში (5,9 წამში Sport Chrono-პაკეტით) • მაქს. სიჩქარე: 245 კმ/სთ • წონა: 1985 კგ • საწვავის ხარჯი (ოფიციალური დაპირება): 9,0-9,2 ლიტრი/100 კმ.

Porsche Cayenne S
6-ცილინდრიანი Biturbo • მოცულობა: 2894 სმ3 • სიმძლავრე: 324 კვ (440 ცხ. ძ.) 5700-6600 ბრ/წთ • მაბრუნი მომენტი: 550 ნმ/1800-5500 ბრ/წთ • აჩქარება: 0-100 კმ/სთ 5,2 წამში (4,9 წამში Sport Chrono-პაკეტით) • მაქს. სიჩქარე: 265 კმ/სთ • წონა: 2020 კგ • საწვავის ხარჯი (ოფიციალური დაპირება): 9,2-9,4 ლიტრი/100 კმ.

იხილეთ ვიდეო:


ასევე დაგაინტერესებთ:
ფრთხილად, ამ ტიპებთან!
ნისანმა აუდი და პორშე გამოიწვია!

Auto Bild


სუპერსპორტულების დუელი: Audi R8 VS Porsche 911 (+ ვიდეო)
Auto Bild


ლეგენდარული პორშე 911 მილიონერია
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ნაღდი ჩინური პორშე, რომლის შესახებ ბევრმა არაფერი იცის
Auto Bild


„პორშე“ გვასწავლის, როგორ წარმოვთქვათ სწორად მისი სახელი
Auto Bild


ჰიბრიდული პორშე კაიენი საქართველოშია!
Auto Bild


გაიცანით: ახალი პორშე ”პანამერა” (+ VIDEO)
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად