ჯიპი ყოველი შემთხვევისთვის
ჯიპი ყოველი შემთხვევისთვის
13.03.2015
”ჯიპი” ახალ გზას დაადგა. როგორ დადის ამერიკული ყველგანმავალი, რომელსაც იტალიური ”ფიატის” გენები აქვს? ამ კითხვაზე პასუხს AUTO BILD-ის პირველი ტესტ-დრაივი გაგცემთ.

ახალი Jeep Renegade თავგადასავლებით აღსავსე ავტომობილია. არა მარტო იმიტომ, რომ ”ჯიპმა” ბოლოს და ბოლოს შექმნა ”ოპელ მოკას” ან ”ნისან ჯუკის” დარი ახალი მოდელი, არამედ მართლაც იმიტომ, რომ ეს მანქანა თავის მფლობელს მართლაც ბევრი სიურპრიზით გააოცებს. სიურპრიზები ავტომობილში დამალულია - უბრალოდ, უნდა აღმოაჩინო და მერე ტაში დასცხო.

Auto Bild
ვერტიკალური ცხაურა, დიდი და მრგვალი მაშუქები, კუთხოვანი თაღები - თანამედროვე ყოველდღიურობაში Jeep Renegade სასიამოვნოდ
თავისებური ტიპია


სადაა დამარხული ძაღლის თავი? საით მიდის საქარე მინაზე გამოსახული Willy’s ”ჯიპი”? ავტომობილი ფაქტობრივად დამალობანას გეთამაშება, გართობს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მილიტარისტული ფესვების მქონე მარკას ასეთი გასართობი ტიპი აქამდე არასდროს გამოუშვია.

”ჩვენს ახალ და ახალგაზრდა დიზაინერებს დავავალეთ, რომ ყველაზე უცნაური იდეები მოეფიქრებინათ და განეხორციელებინათ,” - გვეუბნება კლაუს ბუსე, რომელიც Chrysler/Jeep-ის ინტერიერზე აგებს პასუხს.

ვიზუალური მსგავსება უძველეს Jeep-თან

რბილად რომ ვთქვათ, შედეგი მართლაც შთამბეჭდავია. Renegade გარეგნულად ისეთი ავტომობილია, მაშინვე უძველეს ”ჯიპს” მოგაგონებთ. მაგალითად ვერტიკალური ცხაურით, მრგვალი თვალებით, საბურავების დაკუთხული თაღებით ან ციცაბო საქარე მინით.
ავტომობილში ჩაჯდომა უაღრესად კომფორტულია, რაც დიდი კარების დამსახურებაა. ჭერიც მაღალია, რაც სალონში სივრცეს ქმნის. აი, უკანა სავარძელზე კი სივიწროვეა და მის უკან პრაქტიკული მიდგომა აღარ ჩანს. მაგალითად, საბარგული კონკურენტებისაზე ვიწროა, საბარგულის კარის გასაღები ღილაკი კი ქვემოთაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთარში თითი გაგიჭუჭყიანდება - როგორც ადრინდელ ”ფიატებში”.

Auto Bild
იტალო-ვესტერნი: კუთხოვანი ფორმების მქონე Jeep Renegade-ს მიღმა ”ფიატის” ტექნიკა იმალება

ბევრი ნაწილი ფიატისგან

ეს პატარა SUV პირველი ”ჯიპია”, რომელიც ამერიკიდან ძალიან შორს, სამხრეთ იტალიურ ქალაქ მელფიში იწარმოება - იქ, სადაც ”ფიატ პუნტოებს” უშვებდნენ. შესაბამისად, არ გვიკვირს და ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია, რომ Renegade-მ ”ფიატისგან” საკმაოდ ბევრი ნაწილი მიიღო. მაგალითად, ჩამრთველები, გასართობი სისტემები და ძრავებიც კი. ბენზინის სამი ხელმისაწვდომი აგრეგატის სიმძლავრე 120-დან 170 ცხენის ძალამდეა, დიზელისაც 120-დან 170-მდე. ეჭვი არ გვეპარება, რომ ბესტსელერი 1.4-ლიტრიანი Turbo იქნება, რომლის სიმძლავრე 140 ცხენის ძალაა და რომლის მეშვეობითაც Renegade 100 კმ/სთ-მდე 9,3 წამში ჩქარდება.

Auto Bild
კლასიკური, რუსტიკალური კოკპიტი ზედმეტი მდიდრულობის გარეშე: წინა მგზავრისთვის განკუთვნილი ხელჩასაჭიდი Jeep-ის იმიჯს შეეფერება

ეს ერთობ უხმაურო მოტორია, რომლის ხმა ნამდვილად არ შეგაწუხებთ. ძრავა თავს მხოლოდ საწვავის ავზის დაცლისას შეგახსენებთ: ტესტ-დრაივის დროს ბორტკომპიუტერმა 100 კილომეტრზე საშუალოდ 9,2-ლიტრიანი ხარჯი გვიჩვენა. სავალი ნაწილი ”ჯიპისთვის” დამახასიათებელი სიხისტისა და კომფორტის ნაზავით გამოირჩევა. სტაბილურ სვლას შესანიშნავად ფუნქციონირებადი ESP უზრუნველყოფს.

სადაა მისი ადგილი?

ვერ ვიტყვით, რომ იტალიელებს სრულამძრავიანი ავტომობილი ენატრებოდათ - Renegade სავარაუდოდ პირველი ”ჯიპი” იქნება, რომელსაც 4x2-ით უფრო იყიდიან, ვიდრე 4x4-ით. მარკის ეგოს ყველაზე მეტად Trailhawk-ვერსია გამოხატავს, რომელსაც სრული ამძრაობა და დამადაბლებელი გადაცემა აქვს. ჩვენს მიერ გატესტილი ვერსიის სტიქია კი ისეთი ადგილებია, სადაც 1,4-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი Renegade-ს მძღოლმა უნდა დაამტკიცოს, რომ დედიკოს ბიჭი არაა.

ერთიც ვნახოთ, აღმოაჩნდებათ თუ არა მის მფლობელებს საკმარისი იუმორის გრძნობა საიმისოდ, რომ სიურპრიზები აღმოაჩინონ: ძაღლის თავი საწვავის ავზის სახურავშია დამარხული ობობას სახით, Willys კი საქარე მინაზე, დაბლა, მარჯვნივ მიდის...

Auto Bild
ტესტ-ტური: Jeep Renegade AUTO BILD-ის ავტორმა იოახიმ შტაატმა გატესტა

Jeep Renegade 1.4 MultiAir
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 1368 სმ3; სიმძლავრე: 103 კვტ (140 ცხ. ძ.)/5500; ბრუნის მომენტი: 230 ნმ/1750; მაქსიმალური სიჩქარე: 180 კმ/სთ; აჩქარება: 0-100 კმ/სთ: 9,3 წამში; ამძრაობა: წინა; გად. კოლოფი: 6-საფეხურიანი; ავზის მოცულობა: 48 ლიტრი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4255/1805/1697 მმ; ბაზა: 2570 მმ; კლირენსი: 175 მმ; საბარგულის მოცულობა: 351-1297 ლიტრი; წონა: 1395 კგ; საწვავის ხარჯი (EU-შერეული): 6,0 ლ. Super/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 140 გ/კმ

პირველი შთაბეჭდილება: კომპაქტური SUV-ები ლამის ყველა ერთმანეთს ჰგავს. კარგია, რომ Jeep ამ მოდას არ აჰყვა და თავის სტილს არ უღალატა. თუმცა ინტერიერში ციცაბო საქარე მინა მძღოლისგან ზედმეტად შორსაა.

Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
16.06.2015
X6 ჯერ ისე რა არის და, წარმოიდგინეთ, რა იქნება M-პაკეტით, 575 ცხენის ძალით
სრულად
27.05.2015
Downsizing-მა უკვე ტვინი წაიღო, მაგრამ საბედნიეროდ, ”ფორდი” ახალ F-150-ში V8-ს არ ღალატობს
სრულად
11.05.2015
”ვოლვოს” ავტომობილები ადრე სამაგალითო გამძლეობით გამოირჩეოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში შვედურ კომპანიას იმიჯი შეელახა
სრულად