Belive

გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონი გახდა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი ცენტრალური მცველი, გიორგი გველესიანი "პერსეპოლისის" შემადგენლობაში ირანის ჩემპიონი გახდა.

32 წლის ფეხბურთელის გუნდმა 30 ჩატარებულ მატჩში 66 ქულა მოაგროვა და გველესიანის ყოფილ კლუბს, "სეპაჰანს" 1 ქულით აჯობა, რის შემდეგაც ერთი სეზონის ჩაგდების შემდეგ, მე-15 ჩემპიონობა იზეიმა. ირანის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ბოლო შვიდ წელიწადში მეექვსედ მოახერხა ჩემპიონობის მოპოვება.

რაც შეეხება უშუალოდ გიორგი გველესიანს, მისთვის, ირანში გატარებულ 6 წელიწადში ეს პირველი ტიტული იყო - აქამდე ქართველი ფეხბურთელი "ზობ აჰანის", "ნასაის" და "სეპაჰანის" შემადგენლობაში თამაშობდა.

"დინამო თბილისის" ყოფილი კაპიტნის გუნდს კიდევ ერთი ტიტულის მოგების შესაძლებლობა აქვს - "პერსეპოლისი" თასის ნახევარფინალში იმყოფება და "ჰავადარს" დაუპირისპირდება. მატჩი 25 მაისს გაიმართება.

გიორგი გველესიანს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები