ორსულობის ტესტი და ინვიტრო განაყოფიერება

ბუნებრივია ინვიტრო განაყოფიერებისა და ემბრიონის გადატანის შემდეგ, ყველა პაციენტი მოუთმენლად ელის 12 დღის გასვლას, რათა გაიგოს დადგა თუ არა ნანატრი ორსულობა. როგორც წესი, ორსულობის დადგენა ინვიტრო პაციენტებში ბეტა ტესტის საშუალებით ხდება, რადგან შარდის ტესტი დადებით პასუხს ოვულაციიდან 6-8 დღის მერე იძლევა, თუმცა არც თუ ისე სანდოა. სისხლის ანალიზი ექიმის დანიშნულებით ტარდება და სრულიად ბუნებრივია, რომ სისხლის ანალიზი ბევრად უფრო ზუსტ პასუხს იძლევა, ვიდრე სახლში ჩატარებული შარდის ტესტი. ინვიტრო-განაყოფიერების გზით დაორსულებულ ქალს ორსულობის ტესტთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რადგან შარდის ტესტმა შესაძლებელია ნეგატიური პასუხი აჩვენოს, ბეტა სისხლის ტესტის საშუალებით კი დადგინდეს, რომ პაციენტი ორსულადაა. ეს სტატია, ამ საკითხის დეტალებში გაგარკვევთ.

ორსულობის ბეტა- ტესტი

ორსულობის ფაქტის დასადგენ სისხლის ანალიზს ხშირად ორსულობის ბეტა-ტესტს უწოდებენ. ამ ანალიზის დროს პლაცენტის მიერ გამოყოფილი ჰორმონის, ქორიონული გონადოტროპინის (hCG) ბეტა-ჯაჭვის სეგმენტის განსაზღვრა ხდება. სწორედ აქედან წარმოდგება ანალიზის სახელწოდებაც. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ ტესტს ბეტა-ქორიონული გონადოტროპინის სისხლის ანალიზი ეწოდება. (“BETA hCG”).

ბაზისური ინფორმაცია

განაყოფიერების მომენტიდან საკმაოდ მალე, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში პლაცენტა იწყებს ქორიონული გონადოტროპინის ჰორმონის (hCG) სისხლის ნაკადში გამოყოფას. ორსულობის დასადგენი სისხლის ანალიზი სწორედ ამ hCG-ჰორმონის სისხლში განსაზღვრას ემსახურება. არსებობს ორსულობის განსაზღვრის ორი სახის სისხლის ანალიზი (ტესტი): რაოდენობრივი ტესტი, რომელიც hCG-ჰორმონის სისხლში კონცენტრაციას განსაზღვრავს და ხარისხობრივი, რომელიც სისხლში hCG-ჰორმონის მხოლოდ არსებობის ფაქტს ადასტურებს.
ხარისხობრივი ტესტი მენსტრუაციის გადაცდენის დღიდან მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში ტარდება. რაოდენობრივი ტესტი ბევრად უფრო ინფორმატიულია. ის ორსულობის ფაქტის დადასტურების გარდა სხვა პრობლემების კონტროლისთვისაც გამოიყენება. ტესტის არჩევა, ისევე როგორც მისი ჩატარების მომენტი ექიმმა უნდა განსაზღვროს, ამიტომ ზოგადი რჩევა შვილის მოლოდინში მყოფი ქალბატონებისთვის ყოველთვის არის ის, რომ ექიმს მაქსიმალურად მიენდონ.

როდის უნდა ჩატარდეს ანალიზი?

რადგან hCG-ჰორმონის კონცენტრაცია საკმაოდ მერყევი მაჩვენებელია, ორსულობის ფაქტზე ზუსტი პასუხის მისაღებად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ტესტი ზუსტად საჭირო დროს ჩატარდეს. ბუნებრივი გზით დაორსულებულმა ქალმა მენსტრუაციის გადაცდენის დღიდან მინიმუმ 7 დღე უნდა მოიცადოს, ვიდრე სახლის შარდის ტესტს ჩაიტარებს. სასურველია, ანალიზისთვის დილის შარდის პირველი ნიმუში იქნას გამოყენებული. უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის ტესტი შარდის ტესტთან შედარებით ბევრად უფრო სანდოა. სახლის შარდის ანალიზი მაღალი ცდომილების ხარისხით ხასიათდება და შეიძლება ბევრი გაუგებრობა გამოიწვიოს, განსაკუთრებით იმ ქალებისთვის, რომლებიც ინვიტრო-განაყოფიერების მკურნალობის კურსს გადიან.

ორსულობის დადგენა ინვიტრო-პაციენტებისთვის

ინვიტრო-კლინიკაში შარდის ტესტს არასოდეს ენდობიან. ითვლება, პაციენტს არ შეუძლია შედეგის სწორად ინტერპრეტაცია. ხშირად ისინი ტესტის ჩატარების პროცედურადასაც ვერ იცავენ, მაგალითად, არასწორად იღებენ შარდის ნიმუშს, ან ნიმუში წყალს ერევა და შესაბამისად hCG-ჰორმონის კონცენტრაცია ირღვევა. აბსოლუტურად სწორად ჩატარების პირობებშიც კი შარდის ტესტი ნაკლებად სანდოა, ვიდრე ლაბორატორიაში ჩატარებული სისხლის ანალიზი.

მთავარი ცდუნება

ორსულობის დადგომის მოლოდინში ქალის ყველაზე დიდი ცდუნება სახლში შარდის ორსულობის ტესტის ჩატარებაა. სამწუხაროდ, სახლის ტესტის შედეგი არც თუ ისე ზუსტია. ინვიტრო-განაყოფიერების პროგრამაში მონაწილე ქალს ექიმები სახლის შარდის ტესტის ჩატარებას არ ურჩევენ სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ ეს ანალიზი საკმაოდ ხშირად მცდარ პასუხს იძლევა. მოდით, განვიხილოთ ამ მოვლენის მიზეზი. ალბათ გახსოვთ, რომ ინვიტრო-განაყოფიერების გზით მკურნალობის დროს ქალს სტიმულაციის მიზნით გარკვეული ინექციები უტარდება, ერთ-ერთი მათგანი სწორედ hCG-ჰორმონია. შესაბამისად, ემბრიონის გადატანის მომენტში ქალის ორგანიზმში დასახელებული ჰორმონის რაოდენობა ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია. სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში როგორც შარდის, ასევე სისხლის ანალიზი hCG-ჰორმონის არსებობას ადასტურებს. გაითვალისწინეთ, რომ სისხლის ან შარდის ანალიზის დროს შეუძლებელია იმის დადგენა, თუ hCG-ჰორმონის რომელი ფრაქცია აღმოაჩინა ტესტმა, სტუმულაციის დროს შეყვანილი თუ ორსულობის შედეგად გამოყოფილი. ამავე დროს, შარდის ტესტი ნაკლებად მგრძნობიარეა hCG-ჰორმონის შედარებით დაბალ კონცენტრაციაზე, ამიტომ შარდის ტესტმა შეიძლება ნამდვილ ორსულობაზე ცრუ-უარყოფითი შედეგიც გვაჩვენოს.
ამ სიტუაციაში ზუსტი პასუხის მოცემა მხოლოდ სისხლის იმ ბეტა-ტესტს შეუძლია, რომელიც საზღვრავს სისხლში არა მარტო hCG-ჰორმონის არსებობის ფაქტს, არამედ მის კონცენტრაციას. სწორედ კონცენტრაციის მონაცემით შეუძლია ექიმს, ზუსტად გითხრათ, ხართ თუ არა ორსულად.

შარდის ტესტის ცრუ-დადებითი პასუხის ძირითადი მიზეზები:

1. ქალს, რომელსაც საკვერცხი სტიმულაციის მიზნით hCG-ჰორმონის ინექცია ჩაუტარდა, შარდის ტესტი ხშირად დადებითი აქვს მაშინაც კი, როცა არ არის ორსულად. მიზეზი შარდში hCG-ჰორმონის ნარჩენი რაოდენობაა, რომლის ორგანიზმიდან სრულიად გამოსვლას გარკვეული დრო სჭირდება.
2. შარდის ტესტერი გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება გამუქდეს შარდის აორთქლების გამო, რაც ფაქტიურად ცრუ შედეგს იძლევა. როცა ქალი შარდის ტესტერს პირველად იყენებს, მან შეიძლება ზუსტად ვერ დაიცვას შარდის აღების და ტესტის ჩატარების წესები. ნიმუშის სწორად აღებასა და დროის ზუსტად დაცვას ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
3. ზოგიერთი იშვიათი სამედიცინო მდგომარეობის დროს შარდის ტესტმა ასევე შეიძლება ცრუ-დადებითი პასხუხი აჩვენოს.

მცდარი შედეგი სტრესს იწვევს

სახლში ჩატარებულუ შარდის ანალიზის მცდარმა პასუხმა შეიძლება ძალიან ბოროტი სამსახური გაგიწიოთ. მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როცა ქალი შარდის ტესტს იტარებს და მცდარ-დადებით პასუხს იღებს. ბუნებრივია, რომ იგი გახარებულია, დარწმუნებულია, რომ ბოლოსდაბოლოს სასურველ შედეგს მიაღწია. მერე მიდის ლაბორატორიაში, იტარებს სისხლის ტესტს და ექიმი ატყობინებს, რომ ორსულად არ არის. ასეთი ამბავი ხშირად შოკისმომგვრელია და საკმაოდ უარყოფითად მოქმედებს ქალის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, შესაბამისად, განმეორებითი ციკლის შედეგზეც.
არსებობს მეორე სახის შემთხვევებიც, როცა შარდის ტესტი ცრუ-უარყოფით შედეგს იძლევა მაშინ, როდესაც ქალი ნამდვილად ორსულადაა. ეს ცრუ შედეგი იწვევს გულისტკენას, ქალი ხელს ჩაიქნევს და წყვეტს საკუთარ თავზე განსაკუტრებულ ზრუნვას, რაც ხშირად ორსულობის ნაადრევი შეწყვეტით სრულდება.
სწორედ ამიტომ, აუცილებელია, იყოთ მომთმენი, მიენდოთ ექიმს და ინვიტრო-განაყოფიერებით მკურნალობის პროცესში არ აყვეთ შარდის ტესტის ჩატარების ცდუნებას.