თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინელი დევნილების დასახმარებლად წითელი ჯვრის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინელი დევნილების დასახმარებლად წითელი ჯვრის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. აღნიშნული საინფორმაციო ცენტრის გახსნის ღონისძიებას უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში, ანდრეი კასიანოვი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივანი, ნინო ოსეფაიშვილი დაესწრნენ.

როგორც ანდრეი კასიანოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს წითელი ჯვრის საინფორმაციო ცენტრი საშუალებას მისცემს უკრაინის მოქალაქეებს. მიიღონ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების შესახებ.

„უაღრესად სასიამოვნოა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად რუსეთის ბარბაროსული შეიარაღებული აგრესიის შედეგად საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერის საინფორმაციო ცენტრის გახსნაში მონაწილეობა.

ომით დაზარალებული უკრაინელების საჭიროებისთვის 1 მილიონ 300 ათასი დოლარი გადაირიცხა და 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. ამით შესაძლებელი გახდა უკრაინელების საკვებით, პირადი ჰიგიენის საშუალებებით, ტანსაცმლითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები და ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე, მიუხედავად მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხისა, უშუალოდ მუშაობდნენ უკრაინაში და რუსული ბომბებისა და სარაკეტო თავდასხმების ქვეშ ეხმარებოდნენ უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციაში”, - აღნიშნა კასიანოვმა.

ამასთან, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უკრაინელი დევნილებისთვის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის 6 თვით გახანგრძლივებისთვის საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის კიდევ 6 თვით გახანგრძლივებას.

ეს არ არის მხოლოდ მშრალი მონაცემები, ეს არის უკრაინის 30 000-ზე მეტი მოქალაქის შესაძლებლობა რუსი ტერორისტების მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურების პირობებში გადაიტანონ ეს რთული ზამთარი ჩვენს ძმურ და მეგობრულ საქართველოში”, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.