ბადრი ჯაფარიძე - ანდრეი კასიანოვთან ორი თემა განვიხილეთ - ჰუმანიტარული დახმარება და უკრაინის აღდგენაში საქართველოს ბიზნეს სექტორის მონაწილეობა

„ლელოს“ ლიდერები, პარტიის ოფისში, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, ანდრეი კასიანოვს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე უკრაინელების ჰუმანიტარულ დახმარებასა და ომის შემდგომ უკრაინის აღდგენის გეგმაზე ისაუბრეს.

„ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად ორი მსხვილი თემა განვიხილეთ. ერთი არის უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარება - რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალიან კრიტიკულ მომენტში ჩვენს დებსა და ძმებს დავეხმაროთ. ამ მიმართულებით საინტერესო იდეებია და გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალური გავაკეთოთ უკრაინელების ჰუმანიტარული დახმარების მიზნით. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი თემა კი არის ზელენსკის ინიციატივა ომის შემდგომი უკრაინის აღდგენის სამუშაოებსა და გეგმებზე, რაც უზარმაზარი და უპრეცედენტოა. ვფიქრობთ, რომ უკრაინის აღდგენაში საქართველოს ბიზნეს სექტორის მონაწილეობა მნიშვნელოვანი იქნება“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.