ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების 13,758-მილიონიან 2 პროექტს ახორციელებს

თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების 2 პროექტი მიმდინარეობს, ერთი კი ამ დროისთვის ბაზრის კვლევის ეტაპზეა. როგორც დედაქალაქის მერიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, უწყებაში სულ 50-მდე სახლზეა განაცხადი შესული და ყველა მათგანი განხილვის სხვადასხვა ეტაპზეა.

ამ დროისთვის სახლების ჩანაცვლების სამუშაოები ვარკეთილში - კალოუბნის ქუჩის N12-სა და N18-ში ხორციელდება. პირველის შემთხვევაში შესყიდვის ღირებულება 6,458 მლნ ლარს შეადგენს, მეორე პროექტზე კი 7,3 მლნ ლარს. რაც შეეხება მესამე პროექტს, რომელზეც ამ ეტაპზე ბაზრის კვლევა მიმდინარებს, ეს ეხება გამრეკელის ქუჩაზე მდებარე ავარიულ შენობას, მისი შესყიდვის ღირებულება 6,7 მლნ ლარია.

აღსანიშნავია, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კალოუბნის ქუჩის N18-ში სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. სამუშაოები უკვე დაწყებულია კალოუბნის ქუჩის N12-ში. ორივე პროექტს ერთი კომპანია „ბი ქეი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.

რეესტრის მიხედვით, „ბი ქეი ქონსთრაქშენი“ 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია საცხოვრებელი ბინების, კომერციული ქონებების და სასტუმროების მშენებლობა. „ბი ქეი ქონსთრაქშენის“ 50%-ს შოთა ბერეკაშვილი ფლობს, რომელიც საქართველოსთან ერთად რუსეთის მოქალაქეცაა, 50%-იანი წილის მფლობელი კი ირაკლი ბურდილაძეა. დირექტორი კი ბაკურ ბერეკაშვილია. 2021 წლის განმავლობაში კომპანიაში საშუალოდ 880 ადამიანი მუშაობდა.

ამასთან, „ბი ქეი ქონსთრაქშენის“ ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელი კომპანიამ 2,074 მლნ ლარის მოგებით დაასრულა. სამშენებლო მომსახურებიდან შემოსავალმა 107,865 მლნ ლარი შეადგინა, სამშენებლო მომსახურების თვითღირებულება კი იყო 96,800 მლნ ლარი. შესაბამისად, საერთო მოგებამ შეადგინა 11,065 მლნ ლარი. ანგარიშგების მიხედვით, 2021 წლის მდგომარეობით, კომპანიის აქტივები შეადგენს - 47,414 მლნ ლარს.