იგეგმება თუ არა ხევსურეთის სოფლებში სამანქანო გზის პრობლემის მოგვარება? – „შატილში, კოშკებთან ნაპირსამაგრები ეწყობა“

„შატილში, კოშკებთან ნაპირსამაგრები ეწყობა,“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრის თეონა აქუბარდიას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული.

კერძოდ, დეპუტატი დაინტერესდა ხევსურეთის სოფლებში სამანქანო გზის პრობლემის მოგვარების საკითხითა და ვადებით.

როგორც სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, 2022 წელს დასრულდა როშკა-არხოტის უღელტეხილი - სოფელ ამღას საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო დარჩენილი 17 კმ-იანი მონაკვეთის დასრულება დაგეგმილია 2025 წელს.

„ამასთან, ხევსურეთის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს განხორციელდა სოფელ ხახაბოს გზის რეაბილიტაცია. ხოლო მიმდინარე წელს დაგეგმილია სოფელ ანდაქი-არჭილოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და სოფელ არდოტი-ანდაქის საავტომობილო გზის მონაკვეთის აღდგენა.

აღსანიშნავია, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება შატილი-მუცოს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და შატილში, კოშკებთან ნაპირსამაგრის მოწყობა,“- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

თაია არდოტელი