საქართველოში, ისრაელის მხარდაჭერით, მაღალტექნოლოგიური სათბური გაიხსნა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში ჰიდროპონიკური ტექნოლოგიით აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური სათბური ამოქმედდა, რომელიც მცენარეებს საშუალებას აძლევს არა ნიადაგში, არამედ მინერალებით მდიდარ წყალში გაიზარდონ. პროექტი ისრაელის დაფინანსებით განხორციელდა, ხოლო მისმა ბოუჯეტმა 95000 დოლარი შეადგინა.

ობიექტის გახსნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია და ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარე, ამირ ოჰანა დაესწრნენ.

shamugia-1696664667.png

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, პროექტი ისრაელის საგარეო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მან საქართველოს 1600-ზე მეტ მოქალაქეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პროფესიული უნარ-ჩვევების მოპოვების საშუალება მისცა.

„სათბური საშუალებას მისცემს ჩვენს ფერმერებს მიიღონ მეტი ცოდნა წარმოების შესახებ ჰიდროპონიკის ტექნოლოგიით, რაც გაზრდის მათ პროდუქტიულობას და მეტ შემოსავალს გამოიმუშავებს“, - განაცხადა შამუგიამ.

dddd-1696664687.png

ამირ ოჰანას თქმით, აღნიშნული პროგრამა გვთავაზობთ თანამშრომლობისა და ცოდნის გაცვლის შესაძლებლობებს თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში. „ეს დიდი შანსია ერთად ვიმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის. სწორედ ამას ვაკეთებთ დღეს“- თქვა მან.

პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონში სადემონსტრაციო ცენტრის შექმნა, სადაც აგრონომები და ექსპერტები ისრაელიდან, საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას შეძლებენ.

ეკა დარჩიაშვილი