რა ღირს ბინები თეთრი კარკასის მდგომარეობით თბილისის სხვადასხვა უბანში

2023 წლის სექტემბერში პირველადი ბაზრის ფასების ზრდა გაგრძელდა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

ამასთან, მათივე ცნობით, მეორადი ბაზრის ახალი პროექტების ფასები წინა თვეებში კლების შემდეგ სექტემბერში ისევ გაიზარდა.

„მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერების (პირველადი ბაზარი) საშუალო ფასების ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა დიდუბეში (+42%წ/წ), რაც გამოწვეულია პრემიუმ კლასის პროექტების რაოდენობის ზრდით ამ უბანში.

2023 წლის სექტემბერში თბილისში ქირის ფასი თვიურად თითქმის არ შეცვლილა, თუმცა წლიურ ჭრილში მაინც მაღალ დონეზე დარჩა, +36.7% წ/წ აშშ დოლარში და +26.9% წ/წ ლარში. ამასთან, 2023 წლის დასაწყისიდან ქირები აშშ დოლარში 1.6%-ით, ხოლო ლარში 2.7%-ით არის შემცირებული,“- აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში მოყვანილია მონაცემები, თუ რა ღირს ბინები თეთრი კარკასის მდგომარეობით თბილისის სხვადასხვა უბანში.

2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, უბნების მიხედვით 1 კვ. მეტრი თეთრი კარკასის ღირებულება ასეთია:

  • ვაკე - 2 165 აშშ დოლარი;
  • საბურთალო - 1 453 აშშ დოლარი;
  • კრწანისი - 1 350 აშშ დოლარი;
  • ნაძალადევი - 1 091 აშშ დოლარი;
  • დიდუბე - 1 089 აშშ დოლარი;
  • ისანი - 1 034 აშშ დოლარი;
  • დიდი დიღომი - 940 აშშ დოლარი;
  • სამგორი - 916 აშშ დოლარი;
  • გლდანი - 869 აშშ დოლარი;
  • ვაშლიჯვარი - 843 აშშ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ უბნების ჩამონათვალში მთაწმინდა და ჩუღურეთი არ არის გათვალისწინებული. ამის მიზეზი კი პროექტების მცირე რაოდენობაა, (თითოეულ რაიონში 5-ზე ნაკლები პროექტი).

თაია არდოტელი