„ქარვა“ მზესუმზირას ზეთის საწარმოს 1.8 მლნ ლარად ყიდის - ვის ეკუთვნის კომპანია

დედოფლისწყაროში „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“ მზესუმზირას ზეთის საწარმოს 1 790 000 მლნ ლარად ყიდის.

Auction.ge-ზე გამოქვეყნებული განაცხადის თანახმად, ელექტრონულ აუქციონზე ფასი არ მოიცავს დღგ-ს.

„საწარმოო შენობაში განთავსებულია მზესუმზირას რაფინირებული ზეთის წარმოებისთვის ყველა საჭირო დანადგარი, დღეში 5 ტონა წარმადობით“, - აღნიშნულია ობიექტის აღწერილობაში.

შეთავაზების დეტალები შემდეგია: იყიდება არასასოფლო-სამეურნეო მიწა 27 000 კვ.მ. და მასზე განთავსებული: 7 200 კვ.მ. საწარმოო შენობა, საიდანაც 900 კვ.მ. საწარმოო ფართია, 3 600 კვ.მ. და 2 700 კვ.მ² კი - სასაწყობო შენობაა. ასევე იყიდება 266 კვ.მ² 2-სართულიანი ადმინისტრაციული კაპიტალური შენობა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც აუქციონზე იყიდება.

სამეწარმეო რეესტრის თანახმად, 2005 წელს რეგისტრირებული შპს საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვას 50% ავთანდილ გოროზიას 50% კი, გელა არჯაკელის საკუთრებაა. კომპანია აწარმოებს როგორც მზესუმზირის, ასევე სიმინდის ზეთს.

ცნობისთვის, აუქციონი 20 ნოემბერს მთავრდება.

თამარ მუკბანიანი