"ხელფასი 1 862-დან - 3 325 ლარამდეა" -  თბილისის მერია ვაკანსიებს აცხადებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერიაში არსებულ ვაკანსიებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ტრანსპიორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გამოაცხადა მიღება მონიტორინგის სამსახურის 1-ლი, მე-2 და მე-3 კატეგორიის სპეციალისტის პოზიციებზე, სადაც ხელფასი 1 862 ლარიდან 3 325 ლარამდე იქნება.

„მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ ვაკანსიებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, სატრანსპორტო რეფორმა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება და მისი მნიშვნელოვანი ნაწილია აღსრულება.

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გამოაცხადა მიღება მონიტორინგის სამსახურის 1-ლი, მე-2 და მე-3 კატეგორიის სპეციალისტის ვაკანსიებზე. მას, ვისაც აქვთ დასაქმების სურვილი და სურს გახდეს მერიის სატრანსპორტო რეფორმის მონაწილე, შეუძლია მიმართოს თბილისის სატრანსპორტო და ურბანული განვითარების სააგენტოს.

შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ კანდიდატს შესაძლებლობა ექნება დასაქმდეს მონიტორინგის სამსახურში. აღნიშნულ ვაკანსიებზე თანამდებობრივი სარგო კატეგორიების მიხედვით 1 862 ლარიდან 3 325 ლარამდეა. ასე რომ, იაქტიურეთ მეგობრებო, ვისაც სურვილი გაქვთ ამ მიმართულებით იყოთ დასაქმებულები,“- განაცხადა კალაძემ.

თაია არდოტელი