“1 კგ გამხმარი ზღვის ცხენი 600-დან 3 ათას დოლარამდე ღირს - შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც იყიდება როგორც სუვენირი”

ზღვის ცხენთევზა, რომელსაც უმეტესად ზღვის ცხენს უწოდებენ, წყალქვეშა სამყაროს ერთ-ერთი უჩვეულო ბინადარია. ის ერთი შეხედვით, ცხენზე ამხედრებულ მეომარს წააგავს და როცა ფსკერზე დაცურავს, ძალიან შთამბეჭდავი სანახავია. "კარგია, რომ ეს პატარა, საინტერესო თევზი შავ ზღვაშიც ბინადრობს", - გვითხრა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია.

- ზღვის ცხენის 46 სახეობაა ცნობილი. ეს თევზი ზომიერ და ტროპიკულ ზღვებში ბინადრობს, შესაბამისად, შავ ზღვაშიცაა გავრცელებული. ჩვენს სანაპიროებთან ზღვის ცხენის ორი სახეობა გვხვდება: გრძელდინგა და მოკლედინგა. მიუხედავად იმისა, რომ ზღვის ცხენს სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს და სხვა თევზების მსგავსად, ყოველდღიურ საკვებად არ იყენებენ, მათი რიცხოვნობა მაინც კატასტროფულად არის შემცირებული.

- რატომ, ბატონო ზურაბ?

- საქმე ის არის, რომ გამხმარი ზღვის ცხენისგან პოპულარულ სუვენირს ამზადებენ, ამიტომ ყოველწლიურად 37 მილიონამდე ინდივიდს მოიპოვებენ. ალბათ, მკითხველიც დაგვეთანხმება, რომ ეს ძალიან დიდი რაოდენობაა! ზღვის ცხენის ზოგიერთი სახეობა უკვე გადაშენებულია, ზოგიც გადაშენების პირასაა მისული, მოკლედ, ეს ცხოველი დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფება.

ზღვის ცხენი მცირე ზომის ცხოველია: მისი სიგრძე 1,5 სანტიმეტრიდან იწყება, ყველაზე დიდი ინდივიდების ზომა კი 35 სანტიმეტრია. შავი ზღვის ბინადარი ზღვის ცხენებიც ძალიან პატარები არიან - 3-4 სმ, მაქსიმალური ზომა 15 სმ-ია. სპეციალისტთა აზრით, ყველაზე უჩვეულო და საინტერესო ამ ცხოველში მისი გამრავლების მექანიზმია.

- რით არის ეს მექანიზმი განსაკუთრებული?

- ზღვის ცხენი ერთდროულად არის კვერცხისმდებელი და თან ცოცხლადმშობი ცხოველი. მისი გამრავლების პერიოდი საშუალოდ 4 საათს გრძელდება და ეს ძალიან საინტერესო პროცესია. როდესაც მდედრი მზად არის ქვირითის დასაყრელად, ცხენთევზები წყვილებს წარმოქმნიან. მდედრი და მამრი ერთმანეთის პირისპირ დგებიან და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ირხევიან. შემდეგ ერთმანეთს უახლოვდებიან და ამ დროს მამრის ჩანთაში მდედრი თავის კვერცხებს გადადებს. "ჩანთა" მამალს კუდის დასაწყისში აქვს და როცა დედალი ამ ჩანთაში კვერცხებს დებს, მამრი იბერება. ეს გასაკვირი არ არის, რადგან კვერცხი ბევრია, შეიძლება 1500-მდეც კი იყოს. შემდეგ მამრი ჩანთას ჩაკეტავს და ორივე ფსკერისკენ ეშვება. მამალ ზღვის ცხენს შეუძლია ქვირითი 9-დან 45 დღის განმავლობაში შეინახოს. გადის ხანი და პატარა ლარვები სწორედ მამრის ჩანთიდან იჩეკებიან, რიგრიგობით გამოდიან ჩანთიდან და წყალში განაგრძობენ ცხოვრებას. ასეთი საინტერესო გამრავლების მექანიზმი არც ერთ თევზს არა აქვს.

- საინტერესოა, რატომ ნადირობენ ადამიანები ამ თევზზე?

- გამხმარი ზღვის ცხენები შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც იყიდება როგორც სუვენირი, ჩინეთში კი მისგან სწრაფი კვების ობიექტებში პოპულარულ კერძს ამზადებენ. გარდა ამისა, ზღვის ცხენს ჩინურ მედიცინაშიც იყენებენ, ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ენურეზი ან იმპოტენცია... რამდენად ეფექტიანია ეს მკურნალობა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ამ ცხოველებს მაინც იჭერენ. ამის გამო 1 კგ გამხმარი ზღვის ცხენი 600-დან 3 ათას დოლარამდე ღირს. ცხადია, ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ცხოველს, რომლის რაოდენობა ისედაც შემცირებულია. როგორც ვთქვით, წელიწადში 37 მილიონამდე ზღვის ცხენთევზა იღუპება, ოღონდ ეს დაზუსტებული ინფორმაცია არ არის: სამწუხაროდ, ზოგ სახეობაზე ზუსტი ცნობები არ არსებობს. არადა, ეს თევზი დედამიწაზე მილიონობით წლის წინაც ცხოვრობდა, მისი ნამარხი ნაშთები ძალიან დიდი ხნისაა. ჩვენ ზუსტად არც ის ვიცით, რა მდგომარეობაშია ეს თევზი შავ ზღვაში, ან რამდენია შემორჩენილი... ეს სპეციალური კვლევის საკითხია და სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვებას კვლევა სჭირდება. გააგრძელეთ კითხვა