ვარდის თაიგული 1000 ლარი - რატომ გაძვირდა ყვავილები

თბილისში ყვავილისა და თაიგულის ფასი გაიზარდა. მცირე ბიზნესის მფლობელები აღნიშნულს 14 თებერვალს, „ვალენტინობის“ დღეს უკავშირებენ.

„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ღირს ყვავილები როგორც ფიზიკურ მაღაზიებსა და გარე სავაჭრო სივრცეებში, ასევე ონლაინ.

გარე სავაჭრო სივრცეებში თითო წითელი, თეთრი, ვარდისფერი და ყვითელი ვარდის ღირებულება 7 ლარს შეადგენს, ერთი ცალი ტიტა - 5 ლარს, ერთი გვირილა - 5 ლარს, ხოლო მიხაკი 3 ლარს. როგორც გარე მოვაჭრეებმა გვითხრეს, ფასი წინა პერიოდთან შედარებით გაზრდილია და 14 თებერვლისთვის ფასი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

„წელს ასეთი ფასებია. გაზრდილია ფასები. ვარდები მაღაზიაში 10 ლარი ღირს. ფასმა ჯერ ცოტა მოიმატა და ვალენტინობამდე დროა, მერე რამდენი იქნება არ ვიცი წინასწარ“, - გვეუბნება გარე მოვაჭრე.

რაც შეეხება ონლაინ მაღაზიებს, მცირე ზომის თაიგულის ფასი, რომელშიც 3-4 სახეობის სხვადასხვა ყვავილია გაერთიანებული, 70 ლარიდან 90 ლარამდე მერყეობს. ონლაინ მაღაზიებში ერთი ვარდის ღირებულება საშუალოდ 10 ლარის ფარგლებში მერყეობს. მაგალითად, ერთ-ერთ ონლაინ მაღაზიაში 35-ცალიანი ვარდის თაიგულის ფასი 350 ლარს, ხოლო 100-ცალიანი ვარდის თაიგულის ფასი 1000 ლარს შეადგენს.

თაიგულების ფასი გადავამოწმეთ „ვოლტზე“ და „გლოვოზე“ განთავსებულ ერთ-ერთ მაღაზიაშიც, სადაც ერთი ვარდის საწყისი ღირებულება 10 ლარია, 5-ტოტიანი ქრიზანთემების თაიგული - 75 ლარი, 25-ცალიანი ვარდის თაიგულის ფასი - 235 ლარი, ხოლო 85-ცალიანი ვარდის თაიგულის ღირებულება 760 ლარს შეადგენს. ამასთანავე, თუ სასაჩუქრე ბარათსაც დაამატებთ, დამატებით 2 ლარის გადახდა მოგიწევთ.

მერი ტაბატაძე