რა ჯდება ხის სახლების მშენებლობა - „ჩაბარების დრო 2 კვირიდან იწყება“

ხის სახლებზე მოთხოვნა იზრდება. როგორც „ინტერ კაპიტალ კო“-ს დამფუძნებელი ზურაბ ახმეტელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, პირადად აღნიშული საქმიანობით 2009 წლიდან არის დაკავებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უკვე 500-მდე კოტეჯი აქვს აშენებული.

მისივე თქმით, მოთხოვნა თანაბრად მზარდია როგორც მცირე ზომის კოტეჯებზე, ისე რამდენიმე სართულიან სახლებზე. კვადრატულის ღირებულება კი, ჩაბარების კონდიციის მიხედვით, 300 დოლარიდან იწყება.

„როდესაც საქმიანობა დავიწყეთ, დიდი მოთხოვნა არ იყო, ახლა ყველას აინტერესებს და ხის სახლების დადგმა უნდა. დაახლოებით, 500-მდე სახლი მაქვს აშენებული საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. რაც შეეხება ფასს, კონდიციას გააჩნია, ე.წ მწვანე კარკასი კვადრატული 300 დოლარი ღირს, გასაღების ჩაბარებით 450 დოლარი“,- აღნიშნავს ზურაბ ახმეტელი.

მისი თქმით, ყველაზე პატარა სახლი, რომელიც კომპანიამ ააშენა 26 კვ.მ იყო, ყველაზე დიდი კი 4 სართულიანი საცხოვრებელი. რაც შეეხება ჩაბარების ვადებს, 2 კვირიდან იწყება და მაქსიმალური დრო 3 თვეა.

„მე ვფიქრობ, ბაზარზე კონკურენტები საერთოდ არ გვყავს, რადგან ჩვენ ფიცრის სახლებს არ ვაშენებთ. ეს არის მორებისგან.

ძირითადად, დასაქმებულები გვყავს კონტრაქტით, შეკვეთების მიხედვით, 4 ჯგუფი მუშაობს. შეკვეთების რაოდენობა მაინც სეზონურია, ზამთარში იკლებს. ზოგადად, თვეში დაახლოებით, 4-5 სახლია.

რაც შეეხება ჩაბარების დროს, გააჩნია პროექტს, 2 კვირიდან იწყება და 2-3 თვემდე გრძელდება, ეს უკვე ყველანაირი რემონტით“,- აღნიშნავს ზურაბ ახმეტელი.

ნინი ქეთელაური