ლაქ-საღებავების პროდუქცია შემოწმდება - მთავრობამ ახალი რეგლამენტი მიიღო

ლაქ-საღებავების პროდუქციისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება. საუბარია, მთავრობის მიერ დამტკიცებულ რეგლამენტზე, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობა შემოწმდება.

დოკუმენტის მიხედვით, ბაზარზე პროდუქციის ზედამხედველობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ზედამხედველობის სააგენტოს დაეკისრება. ამასთან, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იქნება, საფუძვლიანი ეჭვის არსებობის (ან, რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით) შემთხვევაში, შეაჩეროს პროდუქტის იმპორტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, რათა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება მოხდეს.

„ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას და/ან რისკის მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი ამ მუხლით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება“,- ნათქვამია დადგენილებაში, რომელიც 2025 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.

ნინი ქეთელაური