წყნეთის ქუჩა #13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ვერეს კალაპოტი შეუცვალეს

თბილისში, წყნეთის ქუჩა #13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ვერეს კალაპოტის შეცვლა მოხერხდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების განხორციელებამდე მდინარეს მარცხნიდან კლდე ესაზღვრებოდა, რის გამოც ადიდებული ვერე მარჯვენა მხარეს გადმოდიოდა და წყნეთის ქუჩას აზიანებდა.  მათივე ცნობით, მოსალოდნელი სტიქიის პრევენციის მიზნით, მოიჭრა კლდის ნაწილი და მდინარის კალაპოტი შეიცვალა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე უკვე დაიწყო სამუშაოები მდინარის კალაპოტის მარჯვენა მხრიდან დამცავი კედლის ასაშენებლად.  "მოხერხდა დატბორილი ავტოფარეხის სახურავის გაჭრა და სტიქიაში ჩარჩენილი ავტომობილის ამოყვანა. აღნიშნულ სამუშაოებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს", - აცხადებენ სამინისტროში.

წყნეთის ქუჩა 13-14 ივნისის ღამეს მომხდარი სტიქიის შედეგად დაიტბორა. წყალმა მოსახლეობის ავტოფარეხები და დამხმარე ნაგებობები დააზიანა.