„ჯეოლაივი“ ზეთის ხილს ადგილობრივი მწარმოებლებისგანაც ჩაიბარებს - რა გეგმები აქვს კომპანიას

ზეთის ხილის, ზეითუნის ზეთისა და საპნის მწარმოებელი კომპანია „ჯეოლაივი“ პროდუქტს ადგილობრივი ფერმერებისგანაც ჩაიბარებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სვანიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ამ სეზონზე ზეთის ხილი ადგილობრივი მწარმოებლებისგან უკვე შეიძინა, აღნიშნულ პრაქტიკას კი სამომავლოდ კიდევ უფრო განავითარებს.

ამასთან, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, სულ მალე ზეითუნის ზეთისა და საპნის ექსპორტი დუბაიში, ჩინეთში, რუსეთში, ბელორუსიში, ჰოლანდიასა და აშშ-ში განხორციელდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ „ჯეოლაივი“ ჯერ ისევ მოლაპარაკებების რეჟიმშია, კონკრეტული საექსპორტო რაოდენობის დასახელება უჭირს.

შეგახსენებთ, რომ „ჯეოლაივი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ზეთისხილის კულტურა შემოიტანა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში 2016 წელს გაიხსნა. კომპანიას ზეთისხილის პლანტაციები დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში 300 ჰექტარზე აქვს გაშენებული.

როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი სვანიძე ამბობს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ დოლარია.

მოგვიანებით, სიღნაღში ზეითუნის ზეთის მწარმოებელი ქარხანაც აშენდა, სადაც პროდუქციის წარმოება 2017 წლიდან დაიწყო. საწარმო ორი სახეობის ზეთს აწარმოებს – პრემიუმკლასს და გოლდენს.

„ვფიქრობთ, რომ ზეთის ხილის ზეთი სექტემბერში (შეიძლება ცოტა ადრეც) გავიდეს დუბაიში, საპონი ცოტა მოგვიანებით. რაოდენობას ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს და ხელშეკრულებები ბოლომდე არ არის შეთანხმებული.

აპრილის ბოლოდან, მაისის დასაწყისში, პირველი პარტია სავარაუდოდ, გავა კიდეც, თუმცა, არა დიდი მოცულობა. უბრალოდ, ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც წინასწარ ვგეგმავთ. პატარა ტექნიკური მიზეზების გამო, პროცედურები დროში იწელება. ფიტო-სანიტარული ნორმების დაცვაა საჭირო, რასაც ემატება ექსპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამის მოთხოვნები, რომელსაც უნდა მოვერგოთ. აღმოჩნდა, რომ იქაური სერთიფიკატიც გვჭირდება, რომლის მიღებასაც გარკვეული დრო და პროცედურები სჭირდება. ასევე აუცილებელია ზეითუნის ზეთის შემოწმება და ა.შ. (სხვათა შორის, ჩვენმა პროდუქტმა უმაღლესი შეფასება მიიღო). ამიტომ, მუდმივი მიმოწერა და კონტაქტი გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. ეს მარტივი არ არის, მაგრამ ყოველდღიურად ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ“,- აცხადებს გიორგი სვანიძე.

მისი თქმით, მიმდინარე სეზონზე „ჯეოლაივი“ 100 ტონა მოსავალს ელოდება, რაც 100%-ით მეტია გასული სეზონის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება პროდუქციის სახეობების დამატებას, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, ჯერჯერობით არ იგეგმება.

„ჩვენი პროდუქციის გატანას ასევე ვგეგმავთ - ბელორუსში, რუსეთში, ჰოლანდიასა და აშშ-ში, სადაც სერტიფიკატის მოპოვებაა საჭირო. მაისის ბოლოს ჩამოვა ამერიკელი ექსპერტი, რომელიც პლანტაციებს და წარმოებას დაათვალიერებს.

ვაპირებთ, პლანტაციების გაფართოვებასაც, თუმცა თავად საწარმოსი - არა. ვფიქრობთ, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში ამის საჭიროება არ არსებობს. თუმცა, როგორც ყურძნის ჩაბარება ხდება, ჩვენც შეგვიძლია ზეთის ხილის ჩაბარება ადგილობრივებისგან. წელსაც ჩავიბარეთ და მომავალშიც ვგეგმავთ ამ მიმართულების განვითარებას“,-აცხადებს გიორგი სვანიძე.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიაში სტაბილურად 175 ადამიანია დასაქმებული, სეზონზე კი მათი რაოდენობა 300-დან 350- მდე მერყეობს.

„ქართული ზეთისხილის“ ზეთი 250-გრამიან, 500-გრამიან და 750-გრამიან მინის ქილებში იყიდება. ზეთისხილის მარინადი კი - 250, 500 და 750-გრამიან მინის ქილებშია წარმოდგენილი. ქართული ზეთისხილის ზეთის ფასი ნახევარლიტრიან ქილაში 13 ლარიდან - 16 ლარამდე მერყეობს. ხოლო 250 გრამიანი ქილის ფასი 7 ლარიდან - 9 ლარამდეა.

ნინი ქეთელაური