ყველაზე მეტი ტურისტი სომხეთიდან ჩამოვიდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2014 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2,24 მილიონი ტურისტია ჩამოსული.

მათ შორის ყველაზე ბევრი სომხეთიდან. მას მოჰყვება აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბულგარეთი, ჩეხეთი და ესტონეთი.

როგორც გაზეთ "რეზონანსს" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ რუსუდან მამაცაშვილმა განუცხადა, ზაფხულში ტურისტების რაოდენობამ განსაკუთრებით თბილისში მოიმატა.

მისი თქმით, ჩამოსული ტურისტების უმეტესობა უპირატესობას დაბალბიუჯეტიანი ტიპის სასტუმროებს ანიჭებს: "როგორც წესი, დიდი სასტუმროები მთლიანად გადავსებულია კახეთში, ბორჯომში, ბათუმში, სვანეთში. მაგრამ, ზოგადად მოთხოვნა დაბალი კლასის სასტუმროებზეა.

ბოლო პერიოდში მოთხოვნა საოჯახო ტიპის სასტუმროებზე გაიზარდა. ზოგადად, დაბალბიუჯეტიან სასტუმროებზე მუდამ მაღალი მოთხოვნაა და ტურისტებიც უფრო ხშირად ასეთი ტიპის სასტუმროებში ქირაობენ ოთახებს", - ამბობს რუსუდან მამაცაშვილი.

მისი თქმით, ზაფხულში ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, რეისების რაოდენობაც გაიზარდა: "როგორც ვიცი, რუსეთიდან ქუთაისის აეროპორტში ჩარტერები იყო დანიშნული. ზღვისპირეთში დამსვენებლების რაოდენობის გაზრდის გამო ბათუმში რკინიგზას დაუმატეს ბათუმი-ერევნის რეისი", - ამბობს რუსუდან მამაცაშვილი.

კითხვაზე, იქონია თუ არა კაზანტიპის ფესტივალმა ტურისტების რაოდენობის დინამიკაზე გავლენა, მამაცაშვილი პასუხობს, რომ "კაზანტიპის ფესტივალმა ტურისტების რაოდენობაზე, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია, თუმცა ჯერ რამდენიმე დღეა რაც დაიწყო და ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა მიჭირს.

ისე კი რეგიონში ფესტივალისთვის დიდი მზადყოფნა იყო, ჩვენ 300-მდე ადგილობრივი გადავამზადეთ, ვისაც ტურისტებისთვის ადგილზე განთავსების შეთავაზება შეეძლოთ, მათ მომსახურების ელემენტარული უნარები ვასწავლეთ", - ამბობს რუსუდან მამაცაშვილი.

თეა ბეჟიტაშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"