ბირთვული ომის საფრთხე - აღმოსავლეთ ევროპის აფთიაქებში ბოლო დღეებში იოდის წლიური მარაგი გაიყიდა

რუსეთის ბირთვული შემაკავებელი მექანიზმის მაღალ მზადყოფნაში მოყვანის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადებამ, ცენტრალურ ევროპაში იოდის გაყიდვების ბუმი გამოიწვია. Reuters-ის ცნობით, მოსახლეობა იოდს იმარაგებს, რადგან მოქალაქეები ფიქრობენ, რომ იოდი მათ რადიაციისგან დაიცავს.

ბულგარეთის აფთიაქების კავშირის თავმჯდომარის, ნიკოლაი კოსტოვის მონაცემებით, ბოლო ექვსი დღის განმავლობაში ბულგარეთის აფთიაქებმა იმდენი იოდი გაყიდეს, რამდენიც, როგორც წესი, ერთი წლის განმავლობაში იყიდება. მისი თქმით, ზოგიერთ აფთიაქში მარაგი ამოწურულია და ახალი რაოდენობა შეუკვეთეს, თუმცა ისიც მალე გამოილევა.

ჩეხეთში აფთიაქების ქსელ Dr. Max-ის წარმომადგენელი, მიროსლავა სტენკოვა აცხადებს, რომ აფთიაქებში იოდზე დიდი მოთხოვნაა და მარაგები მოკლე ხანში იცლება, რაც, მისი თქმით, „სიგიჟეს ჰგავს.“

რადიოაქტიური ზემოქმედების შემთხვევაში, იოდის აბების ან სიროფის სახით მიღება ფარისებრი ჯირკვლის კიბოსგან ორგანიზმის დაცვის საშუალებად ითვლება. მაგალითად, 2011 წელს, ფუკუშიმას დაზიანებული ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იაპონიის ხელისუფლებამ მოქალაქეებს იოდის მიღების რეკომენდაცია მისცა.

Reuters-ის ცნობით, ევროპის რეგიონის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ იოდზე მოთხოვნა მართლაც გაზრდილია, თუმცა მოსახლეობას არწმუნებენ, რომ არსებულ ვითარებაში იოდი არ არის საჭირო და ბირთვული ომის შემთხვევაში ის მათ ჯანმრთელობას ვერ დაიცავს.

ბირთვული უსაფრთხოების ჩეხეთის სახელმწიფო სამმართველოს უფროსმა, დანა დრაბოვამ, Twitter-ზე დაწერა, რომ იოდის აბები ბევრს რადიაციული დაცვის საშუალება ჰგონია და ამის შესახებ უწყებას ბევრი მოქალაქე მიმართავს შეკითხვით, თუმცა „ბირთვული იარაღის გამოიყენების შემთხვევაში, იოდის აბები, ძირითადად, უსარგებლოა.“

იოდის გაყიდვები გაორმაგდა პოლონეთის აფთიაქებიშიც. ამის შესახებ ვებგვერდ gdziepolek.pl-ზე წერია. პოლონური ვებგვერდი პაციენტებს წამლების შესაძენად უახლოესი აფთიაქის მოძიებაში ეხმარება. ვებგვერდის თანადამფუძნებელი, ბართლომეი ოვჩარეკი აცხადებს, რომ გასული ხუთშაბათიდან დღემდე აფთიაქების ქსელში იოდზე მოთხოვნა, დაახლოებით, 50-ჯერ გაიზარდა.

აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობაში იოდზე მოთხოვნის გაზრდა, ასევე, უკავშირდება გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსულმა სამხედრო ძალებმა კონტროლი მოიპოვეს ჩერნობილის ატომურ ქარხანაზე, სადაც 1986 წელს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, უკრაინის უზარმაზარი ტერიტორია დაბინძურდა, ხოლო რადიოაქტიური ღრუბელი მთელ ევროპაში გავრცელდა. ბევრს ახსოვს, რომ ამ კატასტროფის შემდეგ მოქალაქეებს იოდი დაურიგეს.

გაეროს ბირთვული ორგანიზაცია IAEA-ის განცხადებით, ჩერნობილში რადიაციის დონე გაიზარდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ იქ რუსული სამხედრო მანქანები გადაადგილდებიან, რადიაციის დონე მაინც საკმარისად დაბალია და საზოგადოებას საფრთხეს არ უქმნის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ