,,ქვეყანაში, ნედლი რძის დეფიციტია და ცოტა ირონიულია, რომ ჩვენ საზღვარგარეთ გასატანი რძე გვქონდეს, მითუმეტეს რუსეთში და მითუმეტეს ახლა“ - ,,შირაქი“

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური (როსსელხოზნადზორი) 15 ქართულ საწარმოს სთავაზობს რუსეთში რძის ნაწარმის შეტანას.

როგორ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ,,შირაქის“ დამფუძნებელი, ნიკოლოზ ბენიაიძე აცხადებს, გაუგებარია ქვეყანამ, რომელსაც ნედლი რძის 70-80%-იანი დეფიციტი აქვს, როგორ უნდა მიაწოდოს ნედლეული სხვას.

ბენიაიძემ აღნიშნა, რომ ,,შირაქს“ არაერთი შეთავაზება ჰქონდა, პროდუქცია რუსულ ბაზარზე გაეტანა, თუმცა უარი თქვა.

,,ქვეყანაში, ნედლი რძისა და ნედლი რძის პროდუქტების დეფიციტია და ცოტა ირონიული მგონია, რომ ჩვენ საზღვარგარეთ გასატანი რძე გვქონდეს. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ნედლი რძის პროდუქტები სადმე გავიტანოთ, მითუმეტეს რუსეთში და მითუმეტეს, ახლა, როცა ვიცით რას აკეთებს რუსეთი. არ ვიცი, ვინ მოიფიქრა და საიდან წამოვიდა ეს თემა, მაგრამ ქვეყნაში ნედლი რძის დეფიციტია და ეს დეფიციტი უფრო და უფრო ღრმავდება.

ჩვენი კომპანიის მაგალითზე რომ ვთქვა, ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთხელ იყო შემოთავაზება, რომ რუსეთში გაგვეტანა პროდუქცია, მაგრამ უარი ვთქვი. 2006 წელს ჩემს ღვინოსაც შეეხო ემბარგო და ამის შემდეგ, ვცდილობ ყველა ალტერნატიული ბაზარი ვიპოვო და რუსეთი არ ავირჩიო. ამ ქმედებამ იმდენად ჩამაფიქრა, ახლა, ამ მდგომარეობაშიც კი გადაჭრით შემიძლია ვთქვა, არ გავა ჩვენი კომპანია რუსეთში.

სხვადასხვა კვლევებით 70-80% არის ნედლი რძის დეფიციტი ქვეყანაში, შესაბამისად, ვერ გვექნება რესურსი გავიდეთ ექსპორტზე. რას სთავაზობენ, ესეც საინტერესოა. ყველა ნორმალურ და დიდ კომპანიას დეფიციტი აქვს და აბსურდული მგონია თვითონ თემა“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ექსპორტს დუბაიში, აშშ-სა და სინგაპურში ახორციელებს, თუმცა ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, საუბარია მცირე რაოდენობაზე.

შეგახსენებთ, ინფორმაცია ქართული პროდუქტების რუსულ ბაზარზე გატანის შესახებ რუსულმა მედიამ გაავრცელა სახელმწიფო სტრუქტურებზე დაყრდნობით. 5 მარტს სააგენტო "ტასმა" დაწერა, რომ რუსეთი ქართული რძის საწარმოებს სთავაზობს პროდუქტის ექსპორტზე გატანას რუსულ ბაზარზე. სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაადასტურეს, მოლაპარაკებების არსებობა რუსულ მხარესთან ქართული პროდუქტის ექსპორტზე გატანის შესახებ, თუმცა აღნიშნეს, რომ საქართველო რუსეთთან 2020 წლიდან მუშაობს ამ საკითხზე.

თამარ მუკბანიანი