დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯავშნებს უკვე ვიღებთ, საკმაოდ დიდი მოთხოვნაა - ,,პანორამა ბახმარო"

ჯავშნებს უკვე ვიღებთ, საკმაოდ დიდი მოთხოვნაა - ,,პანორამა ბახმარო"

2023-11-14 17:18:59

ბახმაროში მდებარე სასტუმრო ,,პანორამა ბახმარო" ახალი სეზონის სამზადისშია. სასტუმროს დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი კეჭაყმაძე Business Insider Georgia- თან აცხადებს, რომ თითქმის ყველა პირობაა, რამაც სეზონის წარმატება უნდა უზრუნველყოს.

რაც შეეხება სერვისებს, კეჭაყმაძის თქმით,  ,,გაუკვალავ თოვლში სრიალი" განსხვავებული კონცეფციის მომსახურებაა, რომელიც მანამდე არ იყო და ,,პანორამა ბახმარომ" დაამკვიდრა. 

,,აქტიური და მნიშვნელოვანი წელი გველოდება, გამომდინარე იქიდან, რომ განსხვავებულ სერვისს ვთავაზობთ მომხმარებელს, ინტერესი დიდია. ეს არის ,,გაუკვალავ თოვლში სრიალი", ძალიან საინტერესო მომსახურებაა, რომლის მსგავსი საქართველოში აქამდე არ იყო. ამის შესაძლებლობას გვაძლევს როგორც მდებარეობა, ასევე არაჩვეულებრივი კლიმატი, ბახმარო უხვთოვლიანი კურორტია.

აქ თოვლიც სხვანაირია, როგორც ევროპელი დამსვენებლები აღიარებენ, ასეთ ხარისხის თოვლი  მთელ ევროპაში არ არის. ამ მხრივ ბახმარო მართლა გამორჩეულია, სეზონი არ დაწყებულა და უკვე ორჯერ მოვიდა თოვლი. გადაადგილების პრობლემა არ გვექნება, რადგან გვაქვს საკუთარი თოვლმავლები, ჩვენსავე ტექნიკით მოვემსახურებით სტუმრებს, დაბრკოლება არავის შეექმნება", - ამბობს გიორგი კეჭაყმაძე. 

მისი თქმით, სეზონი დეკემბრიდან გაიხსნება და მთელი 10 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 
კურორტზე ჯავშნების მიღება დაწყებულია, რაც იძლევა იმედს, რომ ,,პანორამა ბახმარო" წელს მაღალი დატვირთვით იმუშავებს.

,,მთავარია, ელექტროენერგია შეუფერხებლად მოგვეწოდოს, სხვა დაბრკოლებას არ ველით. ამ მხრივ შარშან მდგომარეობა მეტნაკლებად გამოსწორდა და წესით,  წელს პრობლემა არ უნდა შეგვექმნას. ჯავშნებს უკვე ვიღებთ, საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, რაც გვაფიქრებს, რომ სრული დატვირთვით ვიმუშავებთ.

ფაქტობრივად 10-კვირიანი სეზონია. დეკემბრიდან იწყება და  დაახლოებით 15 მარტამდე გრძელდება.  თუმცა შარშან აპრილშიც ვუმასპინძლეთ სტუმრებს საბერძნეთიდან, ძალიან კმაყოფილი იყვნენ. ძირითადად ევროპიდან გვსტუმრობენ. ალბათ ტენდენცია წელსაც არ დაირღვევა", - აცხადებს გიორგი კეჭაყმაძე.

ცნობისთვის, ,,პანორამა ბახმარო"  2022 წლის პირველი იანვრიდან ფუნქციონირებს. სასტუმროს 29 ნომერი აქვს. როგორც გიორგი კეჭაყმაძე აღნიშნავს, სამომავლოდ კომპლექსის გაფართოებას და სერვისების დამატებას გეგმავს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

9 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები