Aa Aa
21 აპრილი 2020  |  10:33

1981 წლის Lada Niva ამერიკის აუქციონზე შეამჩნიეს

აუქციონის ფასი ჯერ 4 850$-ს შეადგენს და აუქციონის ბოლომდე მყიდველის 11 000$-იან რეზერვს ეჭვი გვეპარება, რომ მიაღწიოს.

Lada Niva-მ რამდენიმე თვის წინ უმნიშვნელო ვიზუალური განახლება და უფრო კომფორტული და პრაქტიკული სალონი მიიღო. ახლა „ნივაში“ შუშების აწევა ელექტრონულად შეგიძლიათ და წინა სავარძლებს გათბობა აქვს. ავტომობილის ძალოვანი აგრეგატი კვლავ 1,7-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავაა, რომელიც 83 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. „სამწუხაროდ“ ამერიკაში ახალი „ლადები“ აღარ შემოჰყავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძველის ყიდვა არ შეიძლება.

Copart-ის აუქციონზე 1981 წლის „ნივა“ იყიდება. ეს ეგზემპლარი ძალიან კარგად გამოიყურება. არაქარხნული დისკები, უფრო დიდი საბურავები, აწეული დაკიდების სისტემა და შავი პლასტიკური ფრთების დანამატები ის რამდენიმე დეტალი არის, რომელიც ამ ავტომობილს ქარხნულისგან განასხვავებს. ყველაფერი დანარჩენი ხელუხლებელია. ვერც იმას ვიტყვით, რომ 40 წლის განმავლობაში „ნივა“ რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ როდესაც ამ მოდელთან შეადარებთ, რიგ ცვლილებებს შეამჩნევთ.

ამერიკელები თავიანთ საზომ ერთეულებს ისე მიეჩვივნენ, რომ „კოპარტის“ განცხადებაში ოდომეტრის მაჩვენებელი კილომეტრების ნაცვლად მილებში დაწერეს, მიუხედავად იმისა, რომ მაჩვენებელთა დაფაზე თეთრი შრიფტით შავ ფონზე აწერია: კმ/სთ (km/h). როგორც არ უნდა ეწეროს, 10 958 კმ თუ მილი, 40-წლიანი ავტომობილისთვის ძალიან ცოტაა. სამწუხაროდ ისტორიის დეტალებს არ ვფლობთ, თუ „ნივა“ ამერიკის აუქციონზე როგორ მოხვდა. ერთი ცნობილია, რომ 1980-იან წლებში „ლადა“ „ნივებს“ კანადასთვის აწარმოებდა და უგზავნიდა.

პატარა გარბენის გათვალისწინებით, სალონის სისუფთავე და კარგი მდგომარეობა გასაკვირი არ უნდა იყოს. არც ძრავის სივრცეში და არც ძარაზე ჟანგი არსად ეტყობა. აღსანიშნია, რომ ეს ერთ-ერთი ძველი მოდელია, რომელსაც 1,6-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავა ჰქონდა, რომელიც 76 ც.ძ.-ს და 126 ნმ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. ძალოვანი აგრეგატი 4-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფთან არის დაკავშირებული და ავტომობილს მუდმივი ოთხივეწამყვანი სისტემა და სამი დიფერენციალი აქვს.

გაზიარება: