კევინ რენდელმენი - ლეგენდა, რომელმაც ქომაგს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
Aa
Aa

კევინ რენდელმენი - ლეგენდა, რომელმაც ქომაგს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა

კევინ რენდელმენი UFC-ის ძველი სკოლის წარმომადგენელია. იგი მაშინ ჩხუბობდა, როცა დღესდღეობით ყველასთვის საყვარელი კომპანია პირველ ნაბიჯებს დგამდა.

რენდელმენს მეტსახელად „მონსტრს“ უწოდებდნენ. იგი ოქტაგონზე შეუბრალებელი იყო, მაგრამ რვაკუთხედს მიღმა თბილი და მოსიყვარულე პიროვნება გახლდათ. კევინს განსაკუთრებით თავისი გულშემატკივრები უყვარდა, რასაც უამრავი ისტორია ადასტურებს.

2017 წელს MMA-ს გულშემატკივარმა, მარკუს სიუელმა Reddit-ზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ რენდელმენმა მას თვითმკვლელობა გადააფიქრებინა. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, პოდკასტში A Fighter's Legacy-ში ზემოთ ხსენებული ისტორიის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.


 

„დიდი ხანია მინდა ჩემი ისტორია მოგიყვეთ და რაღაცით მაინც დავეხმარო ადამიანებს, რომლებსაც დეპრესია აწუხებთ და სუიციდზე ფიქრობენ.

2014 წლის დეკემბერში მომიწია ურთიერთობა დამესრულებინა ადამიანთან, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა. მე მას ვუღალატე და მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ვაღიარე, სიტუაცია ვერ გამოვასწორე. დაშორების შემდეგ, მის ინსტაგრამსა და ტვიტერს ხშირად ვათვალიერებდი, რის გამოც უფრო და უფრო დეპრესიული ვხდებოდი. იანვრის დასაწყისში ვითარების გამოსწორება ვცადე, მაგრამ მას ჩემთან ურთიერთობის განახლების სურვილი უბრალოდ არ ჰქონდა.

2015 წლის 15 იანვარი არასდროს დამავიწყდება. ეს გახლავთ დღე, როცა თავის მოკვლა გადავწყვიტე. მაღაზიაში თოკი ვიყიდე, სახლში დავბრუნდი და ისეთ ადგილას წავედი, სადაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერავინ მომაგნებდა. სანამ გადაწყვეტილებას სისრულეში მოვიყვანდი, ტვიტერზე გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოვაქვეყნე: „ეს დასასრულია. ცხოვრების გაგრძელება აღარ შემიძლია. ნახვამდის“.

პოსტის გამოქვეყნებიდან ორი წუთიც არ იყო გასული, რომ შეტყობინება მივიღე. როცა წერილი გავხსენი აღმოვაჩინე, რომ კევინ რენდელმენი მწერდა. მას ყველა თავისი გულშემატკივარი გამოწერილი ჰყავდა და ჩვენ სოციალურ ქსელში რამდენჯერმე გვისაუბრია კიდეც.

კევინის დიდი გულშემატკივარი ვიყავი და ძირითადად ვწერდი თუ როგორ ვქომაგობდი და როგორ მიყვარდა. ის უმეტეს შემთხვევაში მოკრძალებულ მადლობას მიხდიდა. იმ დღეს კი აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსის შეტყობინება გამომიგზავნა. მან ასეთი კითხვა დამისვა: „ჰეი მეგობარო, რა გჭირს“. ავუხსენი საქმე რაშიც იყო, რის შემდეგაც რენდელმენმა ტელეფონის ნომერი მთხოვა.

იმ მომენტში ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა და არ მჯეროდა, რომ კევინი ჩემს დასახმარებლად ამდენს აკეთებდა. მისი თხოვნა შევასრულე და ზუსტად ორი წუთის შემდეგ, უცნობმა ნომერმა დამირეკა. ჩემთვის ყველაზე ემოციური ის იყო, რომ კევინი ჩემს პრობლემებს განიცდიდა და აკანკალებული ხმით მელაპარაკებოდა. მასთან საუბრისას ცრემლები ვერ შევიკავე და აბსოლუტურად ყველაფერი მოვუყევი. კევინმა გამამხნევა და ჩემი დამშვიდება სცადა. მან მითხრა, რომ შეცდომებს ყველა უშვებს და ჩემს შეცდომებზე უნდა მესწავლა...

ის დაახლოებით 35-40 წუთის განმავლობაში მელაპარაკებოდა და საუბარი მანამ არ დაასრულა, სანამ არ ვუთხარი, რომ სუიციდი გადავიფიქრე.

ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ თუ ვინმეს პრობლემები აქვს, მინდა იცოდეს, რომ მარტო არაა და აუცილებლად ეყოლება ვიღაც, ვინც მასზე იზრუნებს“.


 

რენდელმენის დამოკიდებულების შესახებ მისი მეუღლე, ელიზაბეტიც საუბრობს და ამბობს, რომ კევინი გაცოფდა, როცა გაიგო, რომ ტიმ სილვია ავტოგრაფის სანაცვლოდ გულშემატკივრებისგან ფულს ითხოვდა.


 

„მონსტრმა“ MMA-ში ბოლო ბრძოლა 39 წლის ასაკში ჩაატარა და კარიერა 17 მოგებითა და 16 მარცხით დაასრულა. ეს საამაყო შედეგი ნამდვილად არაა და მას ბევრი ლეგენდად არ მიიჩნევს, რაც უდიდესი შეცდომაა. კევინი უტეხი სულის ადამიანი იყო, რომელიც ტრავმებს მთელი კარიერის განმავლობაში ებრძოდა. მან 20 ოპერაცია გადაიტანა და ერთ-ერთი ვარჯიშისას ოქროსფერი სტაფილოკოკით დაინფიცირდა. ამ ინფექციამ მას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რასაც მის სხეულზე გაჩენილი ორი ხვრელიც კარგად აღწერს...

ინფექციის მიუხედავად, რენდელმენს საყვარელ საქმიანობაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ 2016 წლის თებერვალში მისმა ორგანიზმმა წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა. კევინი პნევმონიის გამო, საავადმყოფოში აღმოჩნდა და 2016 წლის 11 თებერვალს გულის შეტევით გარდაიცვალა...

„მონსტრს“ MMA-ს სამყარო და შერეული ორთაბრძოლების გულშემატკივრები უდიდეს პატივს სცემდნენ და იგი ღირსეულად გააცილეს. დღეს კი ამ კევინის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა...

ცხელი ამბები