სიახლეები
სკოლები

„გუმბათის სკოლაში მაღალი ღირებულებების მატარებელი მასწავლებლები იღვწიან, ღირსეულ ხელმძღვანელთან ერთად“ - მაყვალა შავშიშვილი, ყოფილი დირექტორი
01-04-2024
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის, გუმბათის საჯარო სკოლა მიმდინარე სასწავლო წელს 25-ე წლისთავს აღნიშნავს. სკოლა 1998 წელს გაიხსნა  აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტების ბაზაზე და მას შემდეგ ბევრი საინტერესო ფურცელი დაიწერა მის ისტორიაში. როგორ იწყებოდა ყველაფერი? რა გზა განვლეს სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა? რა არის სკოლის მთავარი მისია? - მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოებამ იცოდეს პასუხები ამ და სხვა, არაერთ საინტერესო კითხვაზე. სწორედ ამ მიზნით იწერება თითოეული დეტალი, რომელიც სკოლის ბლოგზე აუცილებლად განთავსდება და ამ დიდ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი სკოლის მასწავლებელს,  ციცინო გობაძეს მიუძღვის. ამჟამად პედაგოგი გუმბათის მესამე დირექტორთან, მაყვალა შავშიშვილთან ინტერვიუს გვთავაზობს, რომელსაც etaloni.ge უცვლელი სახით წარმოგიდგენთ:

გუმბათის საჯარო სკოლის  ერთ-ერთი დირექტორი  ახალმოსახლეობის დროს  იყო ქალბატონი მაყვალა შავშიშვილი. რომელსაც მძიმე და რთულ პირობებში მოუწია  სკოლის ლიდერობა.  ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მაყვალას საინტერესო და გულწრფელი ინტერვიუსათვის.

- გვიამბეთ თქვენს შესახებ... როდის და როგორ ჩამოხვედით წალკაში?

- ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო ორბეთის საშუალო სკოლაში, იქ ვმუშაობდი როგორც მასწავლებლად, ასევე სხვადასხვა თანამდებობაზე, ვიყავი დირექტორის მოადგილეც... შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ვაზიანში, რის გამოც გადავედი ვაზიანის საშუალო სკოლაში, მასწავლებლად.

გუმბათის სკოლიდან ბატონი ვაჟა ბერიანიძის წასვლის შემდეგ, სამინისტრომ არჩევანი ჩემზე გააკეთა... მთხოვეს, წამოვსულიყავი დირექტორად და ჩემი ჩამოსვლის მიზანი, თუ ხმამაღალი ნათქვამი არ არის, ქართული სულისკვეთებით იყო გამოწვეული... დავთანხმდი, რადგან მინდოდა,  ახლოს გამეცნო აჭარიდან ჩამოსული  ეკომიგრანტები, რომლებმაც შემოგვინახეს ჩვენი ისტორიული წარსული.

პირველი მასპინძლობა გამიწია ახლანდელი  სკოლის დირექტორის, ბატონი რამაზ ძირკვაძის ოჯახმა, მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ცირა კახაძემ დიდი პატივისცემით მიმიღო.

გუმბათიდან კი საბეჭისის სკოლაში გადავედი; შემდეგ გაიხსნა იმერის სკოლა, სადაც დავიწყე დირექტორად მუშაობა და ამჟამად, წალკის მუნიციპალიტეტის, იმერის საჯარო სკოლაში, ისტორიის მასწავლებელი ვარ. 

- რას იტყვით სოფელ გუმბათში სკოლის გახსნის მნიშვნელობაზე?

- უდავოა - წალკაში ქართული სკოლის დაარსება ეპოქალური მოვლენა გახლდათ. პირველი ქართული სკოლა, რომელიც ამ პერიოდში გაიხსნა იყო წალკის N1, ქართულ-რუსული  სკოლა და ალბათ შემთხვევითი არ იყო, რომ ისტორიული წარსულიდან გამომდინარე  გუმბათი პირველი სოფელი გახდა, სადაც გაიხსნა ქართული სკოლა... რაც უდიდესი მამულიშვილური  საქმე იყო, რადგან აქამდე, ერთადერთი ქართული სკოლა, რომელიც ფუნქციონირებდა მთელ წალკის რაიონში, იყო რეხის სკოლა.

- თქვენი დირექტორობის პერიოდში რა სირთულეებს აწყდებოდით და როგორ უმკლავდებოდით?

- რა თქმა უნდა,  სირთულეები და გამოწვევები იყო ახლად გახსნილ სკოლაში. უგზოობის, უსახსრობის პირობებში, მაოცებდა ახალჩამოსახლებული  მოსახლეობის სულისკვეთება. ყოფილი დირექტორი ქალბატონი დარიკო გურჯიევაც თბილად შემხვდა და არაერთი რჩევა-დარიგება მომცა, რისთვისაც უღრმესი მადლობა მას.

სკოლა განთავსებული იყო პატარა შენობაში, 8-ოთახიან სახლში, მოსწავლეთა მზარდი კონტინგენტი კი მოითხოვდა გაფართოებას - საჭირო გახდა საკლასო ოთახების დამატება, თუმცა ილუზია იქნებოდა ახალი სკოლის აშენებაზე ფიქრი  იმ პირობებში, როცა ხელფასები იყო „გაყინული“,  მასწავლებლებს ორი წლის ანაზღაურება ვერ აეღოთ და ფაქტობრივად, უხელფასოდ მუშაობდნენ... ისინი მხოლოდ სახელმწიფო გრანტის ამარა რჩებოდნენ, რომელიც ქ. რუსთავიდან უნდა ჩამომეტანა.

დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, მივაღწიე, რომ მასწავლებლებს კუთვნილი შრომის საზღაური მიეღოთ! გადავჭერით სკოლის შენობის საკითხიც: მინდორში იყო მიტოვებული საცხოვრებელი ვაგონი, რომელსაც სომეხი ეროვნების მეპატრონეები ჰყავდა. მოველაპარაკეთ და ვაგონი სკოლის ეზოში ჩამოვიტანეთ, სადაც ორი საკლასო ოთახი განვათავსეთ.

საკმაოდ რთული იყო მოლაპარაკებაც და ვაგონის ჩამოტანაც, მაშინ, როდესაც არც ტრანსპორტი გვქონდა და არც თანხა, თუმცა ძალა არ დავიშურეთ და საკითხი გადავჭერით.

- მიმდინარე წელს გუმბათის საჯარო სკოლა  25-ე წლისთავს აღნიშნავს, რას გვეტყით ამ თარიღთან დაკავშირებით?

- ამაყი ვარ, რომ დღეს საგანმანათლებლო სივრცეში გუმბათის სკოლა წალკის მუნიციპალიტეტში გამორჩეულია და არაერთი ღირსეული თაობა დააკვალიანა; ხშირად გვიწევს შეხვედრები მასწავლებელთა თუ მოსწავლეთა კონფერენციებზე... მიყვარს ეს სკოლა, რადგან არაერთი მოგონება მაკავშირებს, მათ შორის კარგიც და არცთუ სახარბიელოც.

მიხარია, რომ დღეს ეს სკოლა არის ადგილი, სადაც მაღალი ღირებულებების მატარებელი მასწავლებლები იღვწიან ღირსეული დირექტორის, ბატონი რამაზის ხელმძღვანელობით. ვუსურვებ წარმატებას გუმბათის სკოლის ყველა წარმომადგენელს.

ქალბატონი მაყვალა შავშიშვილი - საწავლო წლის დასაწყისის ღონისძიება



ქალბატონი მაყვალა შავშიშვილი კოლეგებსა და მოსწავლეებთან. (გუმბათის საშუალო სკოლის პირველი გამოშვება)


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
პედაგოგ ლადო აფხაზავას საქმეზე პროკურატურამ ბრალი მეზობელს წარუდგინა - საქმის დეტალები
ვის აქვს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიღების უფლება - ახალი დოკუმენტი ძალაშია
 განიხილება მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხიც
3027 აღმზრდელიდან პროფესიული განვითარების ტრენინგმოდული 1895-მა გაიარა წარმატებით
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მე-10 კლასმა კი სააღდგომო ტრადიციების შედარებითი ანალიზი Power Point-ში, პრეზენტაციის სახით, მოამზადა
აქტივობები საინტერესო და სახალისო იყო თითოეული მოსწავლისთვის
კლუბის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და კითხვის კულტურის დამკვიდრება
„მადლიერების გამოხატვა ადამიანთა განსაკუთრებული თვისებაა და ამასთანავე აუცილებელიც“ 
საინტერესო
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
სიახლეები
საზოგადოება