თბილისი (GBC) – ბაზალეთის ტბაზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ ბოლო წლებში აქტიურად საუბრობენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საკითხი აქტუალურია პოლიტიკურ წრეებშიც. წყლის დონის სწრაფი კლების გამო, ტბა ტურისტებისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება, გარდა ამისა საფრთხე ემუქრება იქტიოფაუნას.  

რა ვითარებაა ადგილზე და რა ღონისძიებებს ახორციელებს ადგილობრივი ხელისუფლება ტბის გადასარჩენად. ამის გასარკვევად „კომერსანტი“ დუშეთის მერიას დაუკავშირდა.

დუშეთის მერიის განცხადებით, ბაზალეთის ტბაზე მიმდინარე პროცესებს ექსპერტები, ჰიდროლოგები და გეოლოგები სწავლობენ.

როგორც „კომერსანტს“ დუშეთის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარების შემუშავების ინიციირების პროცესი.

„ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უკვე აქვს კონკურსი გამოცხადებული გეგმის შემუშავების საპროექტო მომსახურებაზე.

აგრეთვე, საკითხის შესახებ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს. შედეგად, ექსპერტები, ჰიდროლოგები და გეოლოგები უკვე იმყოფებოდნენ მიმდინარე პროცესების შესასწავლად, მათ მიერ მიმდინარეობს კვლევა და ყველა უწყების ჩართულობით განვაგრძობთ  შესაბამის სამუშაოს“, - აღნიშნავენ მერიის პრესსამსახურში.