ბულგარეთი რუსეთს მოუწოდებს, ქვეყანაში წითელი არმიის შეყვანას "გათავისუფლებად" ნუ შერაცხავს

საქართველო, თბილისი - 2019-09-04 12:05:00

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით მიმართა რუსეთის საელჩოს, სადაც ის მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, ბულგარეთში 1944 წელს "წითელი არმიის" შესვლა "აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლებად" არ შერაცხოს.

ბულგარეთს საგარეო უწყების შეშფოთება გამოიწვია რუსეთის კულტურული და საინფორმაციო ცენტრის მიერ სოფიაში დაგეგმილმა გამოფენამ, სახელწოდებით - "აღმოსავლეთ ევროპის ნაცისტებისგან გათავისუფლების 75 წელი"

„ჩვენ არ ვუარყოფთ, ევროპაში ნაციზმის დამარცხებაში სსრკ-ის წვლილს, მაგრამ შეუძლებელია თვალის დახუჭვა იმ ფაქტზე, რომ საბჭოთა არმიამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხების ნახევარსაუკუნოვანი რეპრესია განახორციელა, რამაც დიდი ხნით შეაფერხა ამ ქვეყნების ეკონომიკური განვითარება და სრულ იზოლაციაში მოაქცია ისინი განვითარებულ სამყაროში მიმდინარე პროცესებისგან", - აღნიშნულია ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბულგარეთში რუსეთის საელჩო გამოეხმაურა საგარეო უწყების განცხადებას და თქვა, რომ „იმედგაცრუებულნი" არიან, რადგან გამოფენა მხოლოდ საარქივო მასალების გაცნობას ისახავდა მიზნად და „მას კავშირი არ აქვს ბულგარეთის დღევანდელ პოლიტიკურ კურსთან".