საინტერესო ამბები
11.03.2022 16:51
ჩერნობილი, სადაც 36 წლის წინ ატომური ენერგეტიკის ისტორიაში უმძიმესი კატასტროფა მოხდა, კვლავ აქტუალური თემაა - რა მოხდა 1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში

მას შემდეგ, რაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო დანაყოფები შეიჭრნენ და საბრძოლო ოპერაციებს აწარმოებენ, ძალზე აქტიური გახდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თემა, მითუფრო იმ ფაქტის შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა ელექტროსადგურზე კონტროლი სრულად აიღეს ხელში.
ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ჩრდილოეთ უკრაინაში, ბელარუს-უკრაინის საზღვრიდან 11 კილომეტრში, დნეპრის მარჯვენა შენაკად პრიპიატის ნაპირზე, უკრაინის დედაქალაქ კიევიდან 110 კილომეტრის დაშორებით. ელექტროსადგური 1977 წლის 26 სექტემბერს გაიხსნა, მსოფლიოს ფართო საზოგადოებისთვის კი 1986 წლის 26 აპრილს მომხდარი კატასტროფის შემდეგ გახდა ცნობილი.

ჩერნობილის კატასტროფა - ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია (ავარიის დროს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობდა ოთხი რეაქტორი). ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ჩერნობილის კატასტროფა შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

ავარიისას მოხდა რადიოაქტიური ნივთიერებების გავრცელება. მათ შორის იყო ურანის იზოტოპი, პლუტონიუმი, იოდი-131, ცეზიუმი-134, ცეზიუმი-137 და სტრონციუმი-90. დანგრეული რეაქტორიდან რადიოაქტიური ნივთიერებების ამოფრქვევის შეჩერება მოხდა მხოლოდ 1986 წლის მაისის ბოლოს, იმჟამინდეელი სსრკ-ის მთელი რესურსებისა და ავარიის შედეგების ათასობით ლიკვიდატორის მეშვეობით.

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა მაშინდელი სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გარშემო, 30 კილომეტრიან ზონაში მიმდინარე სამუშაოებში მთლიანობაში მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 600 000 ადამიანი (ე.წ. ლიკვიდატორი).

ავარიის შედეგად, სასოფლო სამეურნეო ბრუნვიდან 5 000 000 ჰექტარი მიწა ამოიღეს, ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილია 30 კილომეტრიანი „განადგურების ზონა“, სადაც დამარხულია ასობით პატარა დასახლებული პუნქტი.

დაბინძურებაში მოჰყვა 200 000 კმ2-ზე მეტი ტერიტორია, დაახლოებით 70% — ბელარუსის, რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიაზე.

საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები ატომური ომის წინააღმდეგ“ აცხადებდნენ, რომ ავარიის შედეგად, ლიკვიდატორებს შორის ათი ათასობით ადამიანი დაიხოცა, ასევე ევროპაში დაფიქსირებულია ახალდაბადებულებში სიმახინჯეების 10 000 შემთხვევა, 10 000 ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევა და მოსალოდნელია კიდევ 50 000. ორგანიზაცია „ჩერნობილის“ საბჭოს მონაცემებით, 600 000 ლიკვიდატორიდან 10% დაიღუპა და 165 000 დაინვალიდდა.

ჩერნობილის კატასტროფიდან თვეების შემდეგ, საქართველოში, ისევე, როგორც იმჟამინდელი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში, იგზავნებოდა საქონლის ხორცი, რომელსაც რადიაქტიურად იყო დაბინძურებული. სარკინიგზო ეშელონი, რომლითაც დაბინძურებული ხორცი შემოჰქონდათ, გორის რკინიგზის სადგურთან გააჩერეს, რადგან ვაგონებში დაწყობილი გაყინული საქონლის ხორცის რადიაქტიური ფონი აღემატებოდა დასაშვებს და ის ძალზე სახიფათო გახდებოდა ადამიანებისთვის. ეს საშიში ტვირთი მაშინ დამარხეს.

რაც შეეხება მომხდარის მიზეზებს, წლების განმავლობაში რამდენიმე ვერსიაზე მსჯელობდნენ: ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის წესების დარღვევა; რეაქტორზე ცდების ჩატარება; არასწორად დაპროექტებული რეაქტორი; პერსონალის მხრიდან შეცდომების დაშვება არსებული ინსტრუქციების დარღვევა; დაცვის მექანიზმის გამორთვა; რეაქტორის ნაკლი...
მალევე გაიმართა ანატოლი დიატლოვის (ხელმძღვანელობდა მე-4 რეაქტორზე ჩატარებულ ტესტს), ვიქტორ ბრიუხანოვის (ატომური სადგურის დირექტორი) და ნიკოლაი ფომინის (მთავარი ინჟინერი) სასამართლო პროცესი.

მეოთხე ბლოკში მომხდარი ავარიის შემდეგ ელექტროსადგურის მუშაობა შეჩერდა სახიფათო რადიაციული სიტუაციის გამო, თუმცა, უკვე 1986 წლის ოქტომბერში, ტერიტორიის დეაქტივაციისა და მე-4 ბლოკზე დამცავი სარკოფაგის აშენების შემდგომ, პირველი და მეორე ენერგობლოკები ახლიდან ამუშავდა. 1987 წელს ამუშავდა მესამე ბლოკიც.

რამდენიმე ქვეყანასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური 2000 წლის 15 დეკემბრიდან დახურულია.

კვირის ამბები