in

ძილი ელეგანტურად – გამორჩეული საძინებლები თბილისური ინტერიერებიდან

საძინებელი არის ადგილი, რომელიც მყუდროებით, კომფორტითა და მაქსიმალური მიმზიდველობით უნდა გამოირჩეოდეს, რადგან სწორედ ის გამოხატავს და წარმოადგეს ჩვენს პირად სივრცეს. მნიშვნელოვანია ამ გარემოში თავს დაცულად, მშვიდად და სასიამოვნოდ ვგრძნობდეთ. საძინებელი ოთახი პიროვნების შინაგან მდგომარეობას, სტილსა და გემოვნებას უსვამს ხაზს, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილითა და დიდი ყურადღებით ხდება მისი დაგეგმარება და კეთილმოწყობა. გასათვალისწინებელია თითოეული დეტალი – ყველა ნივთი თუ აქსესუარი დიდი გულისყურით უნდა შეირჩეს, რადგან ისინი მაცხოვრებლის განწყობასა და ხასიათს მიესადაგებოდეს, მასში პოზიტიური ემოციები აღძრას და თავი ყველაზე უსაფრთხოდ აგრძნობინოს. ესთეტიკურად მომხიბვლელი და კომფორტული ინტერიერი, განათების სწორი გადანაწილება და სივრცის გეგმარება, მნიშვნელოვნად განაპირობებს ძილის ხარისხსა და შესაბამისად პიროვნების მენტალურ თუ ფიზიკურ მდგომარეობას. ამიტომ დღეს სახლის ამ ნაწილის გამორჩეულ ინტერიერებზე მოგითხრობთ და გაგაცნობთ თბილისში მდებარე რამდენიმე გამორჩეულ პროექტს.

1. კერძო სახლი წყნეთის შესასვლელთან

ნინუცა ჯიშიაშვილის სახლი, მინიმალისტური, გახსნილი მშვიდი, მყუდრო ინტერიერით ხასიათდება, რომელიც დატვირთული ყოველდღიურობისგან თავდასაღწევად და ოჯახური იდილიის შესაქმნელად, სიმწვანეში ჩაფლულ ერთგვარ თავშესაფარს წარმოადგენს. სივრცე ფრანგული ინტერიერების შთაგონებით არის შექმნილი, სადაც ძველისა და ახლის, ისტორიულისა და თანამედროვე სტილის შერწყმას ვხვდებით. კერძო სახლში საერთო ჯამში 5 საძინებელი ოთახია განთავსებული, საკუთარი სველი წერტილებით. თითოეული მათგანი მინიმალიზმითა და სისადავით ხასიათდება, რაც მყუდროების შეგრძნებას ქმნის. ერთ-ერთ საძინებელში გვხვდება გამორჩეული დიზაინის კლასიკური საწოლი 4 ძელით, რომელიც ერთგვარ კონტრასტს ქმნის თანამედროვე სტილის ბეტონის ჭერთან და ბურთის ფორმის მქონე სანათთან.

იხილეთ პროექტი დეტალურად

2. თეკუნა გაჩეჩილაძის ინტერიერი მე-20 საუკუნის არტ-ნუვოს სტილის სახლში

სახლი, რომელიც სოლოლაკში მდებარეობს ისტორიული მნიშვნელობის არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს, ამიტომ ინტერიერიც შენობის ერთგვარ გაგრძელებად გვევლინება. მიუხედავად იმისა, რომ ბინაში არაერთი თანამედროვე ელემენტი გვხვდება, ის ისტორიულ კონტექსტს ეხმიანება. სივრცის ერთ-ერთი გამორჩეული ზონა საძინებელია, რომელიც სახლის სხვა ნაწილების მსგავსად, მაღალი ჭერით, ხის იატაკით, კედლის მიმზიდველი პანელებითა და ძველებური შპალერით იპყრობს მნახველის ყურადღებას. ეს ელემენტები გარემოს ძველ თბილისურ იერს სძენს და ნოსტალგიურ ატმოსფეროს ქმნის. შპალერის ღია ყავისფერი ტონალობა და ხის იატაკი თბილ და პოზიტიურ ვიზუალს ანიჭებს ოთახს. შედარებით მუქი, მოწითალო ფარდები კი, ზომიერ კონტრასტს წარმოშობს. საძინებლის გამორჩეული ელემენტი, ორნამენტებით გაფორმებული საწოლია, რომელიც დახვეწილ და ელეგანტურ იერსახეს აძლევს მას და სიმშვიდის, სიმყუდროვის განცდას ბადებს. საინტერესო ვიზუალის ჭაღს კი აღმოსავლური ესთეტიკა შემოაქვს და ძველ თბილისურ სტილთან იდეალურად ინტეგრირდება.

იხილეთ პროექტი დეტალურად

3. ბინა ვერაზე – ნინო ნოზაძის ინტერიერი

ბინა, რომლის ინტერიერი 14 წლის მანძილზე იქმნებოდა საინტერესო ელემენტებითაა გაჯერებული. აქ კლასიკური შტრიხებისა და თანამედროვე დეტალების საუცხოო კომბინაციას ვხვდებით, რომელიც მდიდრული ფერებითა და მიმზიდველი დიზაინ ობიექტებითაა გაფორმებული. სახლში ერთ-ერთი სახასიათო ადგილი საძინებელია, რომელიც ელეგანტური და ორიგინალური ინტერიერით გამოირჩევა. კედლები სადა დახვეწილ თეთრ ტონალობაშია გადაწყვეტილი, ამიტომ ინდივიდუალურ განწყობას, ფერადი ავეჯი და საინტერესო აქსესუარები წარმოშობს. განსაკუთრებულ, თვალშისაცემ აქცენტს ლურჯი ფერის ხალიჩა ქმნის, რომელსაც ოთახში სიხალისე და ფერადი განწყობა შემოაქვს. ინტერიერს აცოცხლებს  და გამორჩეულ ბზინვარებას სძენს უჩვეულო დიზაინის მქონე ოქროსფერი სანათი და თეთრი ჭაღი. ყურადღებას იქცევს ძველებური  სკამიც, რომელიც საერთო სივრცესთან ჰარმონიულად ინტეგრირდება. ბინის სხვა ნაწილების მსგავსად, ვხვდებით ნახატებს, რომლებიც მინიმალისტურ კედლებს შთამბეჭდავ იერსახეს ანიჭებს. ოთახი მაცხოვრებლის გემოვნებასა და ხასიათს არაჩვეულებრივად წარმოაჩენს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

4. დუპლექსი ქობულეთის ქუჩაზე

მოცემული პროექტის მთავარ მომხიბვლელობას ვინტაჟური ფანჯრები, სინათლის დიდი ნაკადი და ულამაზესი ტერასა წარმოადგენს. მისი ინტერიერი ღია, ნათელ, მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, რომელშიც სხვადასხვა ფერები ავეჯისა და აქსესუარების სახით შემოდის. გეგმარებიდან გამომდინარე, საერთო სივრცის გასაზრდელად, პრივატული ზონები შედარებით მცირე ზომისაა, თუმცა ის მაქსიმალურად ათვისებული და მაცხოვრებლის პირად ინტერესებს მორგებულია, რათა მესაკუთრის კომფორტი და მყუდროება უზრუნველყოს. სივრცეში ყველაფერია იმისათვის, რომ ადამიანმა თავი უსაფრთხოდ, მშვიდად და მოხერხებულად იგრძნოს, რაც საძინებლის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს. კედლების თეთრი ფერი და სწორი განათება დასასვენებელ გარემოს ქმნის. ინტერიერში ღია ტონებია გამოყენებული, რაც თბილ ატმოსფეროს წარმოშობს. საწოლის გადასაფარებელი, ხალიჩა და სკამის ფერთა გამა ერთმანეთს ეხმიანება, რომელიც თავის მხრივ, ბეტონის დეტალებთან ჰარმონიულ კომბინაციას ქმნის. ყურადღებას იქცევს აქვე განთავსებული აბაზანაც, რომელიც მეტ კომფორტულობასა და ინტიმურობას სძენს ამ სივრცეს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

5. მულტიკულტურული ელემენტებით დატვირთული ბინა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე

ეს გამორჩეული ბინა სიფერადითა და მრავალფეროვნებით ხასიათდება, რომელიც მნახველის თვალს მაშინვე იპყრობს. ის ახალგაზრდა წყვილს ეკუთვნის, რომელმაც ინტერიერი სხვადასხვა ქვეყნის სტილის შთაგონებით შექმნა. ნათელი, ღია, თავისუფალი და ძალიან სახასიათო ბინა დადებით ენერგეტიკას ქმნის. სახლის მთავარ კონცეფციას, დროში მოგზაურობის ილუზია წარმოადგენს, რაც სხვადასხვა კულტურისათვის დამახასიათებელი ელემენტების გამოყენებაში იკვეთება. აქ ვაწყდებით მრავალფეროვან დეკორს, როგორიცაა ქართული და მაროკოული ვინტაჟური ხალიჩები, ინდონეზიური ბატიკი, მოზამბიკური ნიღბები, ინდური ხე, ვიეტნამური სანათები, ვინტაჟური კონსოლები, აღმოსავლური ჭაღები და არაერთი ტროპიკული მცენარე. საძინებელი ოთახიც, მსგავსად სახლის სხვა ნაწილებისა, საერთო ხასიათს იმეორებს და ფერადოვნებით, ბუნებასთან კავშირის ხაზგასმით, სხვადასხვა კულტურათა ნაზავითა და მომხიბვლელი ვიზუალით გამოირჩევა. მრავალმხრივი ელემენტების მიუხედავად, ზომიერება და სიმსუბუქე არ იკარგება, რაც სადა, თეთრი ფერის კედლებით და უხვი განათებით მიიღწევა. საერთო ჯამში, საძინებელი ოთახი ერთდროულად ქმნის ესთეტიკურად დახვეწილ, ეკლექტიკურ ინტერიერს და სასიამოვნო შეგრძნებებით ავსებს ნებისმიერ მნახველს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

6. XX საუკუნის დასაწყისის თბილისით შთაგონებული ბინა

გასული საუკუნით შთაგონებული ბინა, იაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ის ამ ისტორიული შენობის ხასიათის თანამედროვე გაგრძელებას წარმოადგენს და ნაგებობის ესთეტიკას  ეხმიანება. თანამედროვე ინტერიერი კი კომფორტულ და მოსახერხებელ გარემოს ქმნის. ბინის კეთილმოწყობის პროცესი ავთენტური დეტალების რესტავრაციას დაეთმო. სწორედ ამიტომ, თავდაპირველი სახითვე აღდგა საძინებლის არსებული კარი და თაბაშირის დეკორატიული ლავგარდანები ჭერზე, რომლებიც მნიშვნელოვნად დაზიანებული და მორყეული იყო. სივრცის თითოეული ნაწილი გამორჩეული და სახასიათო ინტერიერით ხასიათდება, თუმცა განსაკუთრებით თვალშისაცემი მთავარი საძინებელია. სწორედ ის და სააბაზანოა ერთადერთი ზონა, რომელიც თეთრ ფერებში წარმოდგენილი არაა. რესტავრაციის პროცესში გამოჩენილმა შპალერის ფერმა და ტექსტურამ ოთახის დიზაინის იდეა წარმოშვა და კედლების ნარინჯისფერ ტონალობაში გადაწყვეტა განაპირობა, რომლის გაცრეცილი სტრუქტურა House of Hackney-ს შპალერით დაბალანსდა, რამაც განსაკუთრებული შტრიხი შეიტანა ინტერიერში. საძინებელში გამოყენებული ფერები სააბაზანოს სივრცესაც ეხმიანება, რომელიც ასევე ნარინჯისფერ და შავ ფერებშია წარმოდგენილი და ერთიან, ჰარმონიულ სურათს ქმნის.

იხილეთ პროექტი დეტალურად

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

სააბაზანო ოთახის გეგმარების ძირითადი პრინციპები – ნინო გოგილიძის რჩევები

იატაკის სხვადასხვა საფარის გადაბმები – რა უნდა ვიცოდეთ?