საქართველო სუროგაციის იაფი ბაზარია

საქართველოს სუროგაციის იაფი ბაზარია და სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვები, ძირითადად, ქვეყნიდან გაჰყავთ. სუროგატული დედობის სულიერ-ზნეობრივ ასპექტებზე,  საქართველოს საპატრიარქოსა და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლობის ორგანიზებით  კონფერენცია გაიმართა.

როგორც კონფერენციაზე ითქვა, საქართველოს სუროგაციას სამი ცენტრი ემსახურება. ზუსტი ცნობები საქართველოში ამ გზით დაბადებული ბავშვების შესახებ, ძირითადად, კონფიდენციალურია; არაოფიციალური ინფორმაციით კი, საქართველოში სუროგატი დედა ანაზღაურების სახით 10-15 ათას დოლარამდე თანხას იღებს. შესაბამისად, საქართველო ამ მხრივ ევროპის ქვეყნებისათვის იაფ ბაზარს წარმოადგენს და სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვები, ძირითადად, ქვეყნიდან გაჰყავთ.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ანასტასია ზაქარიაძემ განუცხადა, ევროპის ქვეყნებში სუროგაცია კანონით ისჯება. კერძოდ, ავსტრიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკის ზოგიერთ შტატებშიც, ასევე. როგორც მან აღნიშნა, საფრანგეთში კანონის დამრღვევი 45 ათასი ევროთი ჯარიმდება და 3-წლიანი ციხით ისჯება. გერმანიაში კი, სუროგაციის შედეგად დაბადებულ ბავშვს მოქალაქეობის უფლება არა აქვს.

რაც შეეხება საქართველოს კანონმდებლობას, ანასტასია ზაქარიაძის თქმით, ჯანდაცვის შესახებ კანონში სუროგაციას მხოლოდ ორი პუნქტი არეგულირებს - პირველ პუნქტში ჩაწერილია, რომ სუროგაციით სარგებლობის უფლება აქვს საშვილოსნოს არმქონე ქალს, ხოლო წყვილი სუროგატ დედასთან ხელშეკრულებას აფორმებს და მეორე - სუროგატ დედას ბავშვზე არავითარი უფლება არ აქვს. სუროგაციის დანერგვა საქართველოში 2004 წლიდან დაიწყო.

კონფერენციას ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე, ახალციხე-ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე, კათოლიკური ეკლესიის მხრიდან კი ვატიკანის ელჩი ამიერკავკასიაში კლაუდიო ბუჯეროტი და კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი საქართველოში ჯუზეპე პაზოტო ესწრებოდნენ. კონფერენციას ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანი და საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, არქიმანდრიტი ადამი ხელმძღვანელობდნენ.

კონფერენციაზე გაკეთდა მოხსენება ევროპაში სუროგაციისა და სუროგატი დედების შესახებ. იმსჯელეს საკითხის სულიერ-ზნეობრივ, სამედიცინო და სამართლებრივ ასპექტებზე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს