რამდენიმე სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილი სამხედრო სამსახურის გავლის მინიმალური ვადები იცვლება. შესაბამისი ცვლილება "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში შედის. კანონის მოქმედი რედაქციით, ლეიტენანტის წოდებიდან უფროს ლეიტენანტამდე სამსახურის გავლის მინიმალური ვადა 3 წელია, კანონპროექტით კი ეს ვადა 2 წლამდე მცირდება.
ცვლილება ეხება კაპიტნიდან მაიორამდე სამხედრო სამსახურის გავლის ვადასაც და ის 4 წლიდან 3 წლამდე მცირდება, ხოლო მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე პირს სამხედრო სამსახურის გავლა 5 წლის ნაცვლად 4 წელი მოუწევს.
კანონპროექტის ავტორი თავდაცვის სამინისტროა, ინიციატორი კი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი.
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზეზად პროექტის განმარტებით ბარათში, საქართველოს სამხედრო-წოდებრივი სისტემის ნატო-ს წევრ ქვეყნებში არსებულთან მისადაგებაა დასახელებული.