აშშ-ს ფინანსთა მინისტრი - რუსეთის ეკონომიკა სანქციების შემოღებამდეც ცუდ მდგომარეობაში იყო

არავის უნდოდა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება, მაგრამ არსებობს მოვლენები, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს, - ამის შესახებ ვაშინგტონში , პეტერსონის ეკონომიკის ინსტიტუტში სტუმრობისას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა ჯეიკობ ლიუმ განაცხადა.

მისი განმარტებით, მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტის უგულებელყოფა მიუღებელია.

"უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის საქციელი პასუხის გაცემას მოითხოვდა. მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტის უგულებელყოფა მიუღებელია. ასევე მიუღებელია, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით, ქვეყანაში ისეთი ვითარების გამოწვევა, როგორიც დღეს უკრაინაშია შექმნილი. რუსეთს შეერთებული შტატებისგან და მსოფლიოსგან მკაფიო მესიჯი უნდა მიეღო, რომ ასეთ საქციელს არ შეურიგდებოდნენ," – განაცხადა ჯეკ ლიუმ, რომლის შეფასებითაც, არსებული ეკონომიკური სანქციები, ოდესმე არსებულ სანქციებთან შედარებით, ბევრად უფრო დახვეწილია.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის თქმით, სანქციები საგანგებოდ ისე შემუშავდა, რომ რუსეთზე მაქსიმალური ზემოქმედება იქონიოს, ევროპის და ამერიკის ეკონომიკებზე არასასურველი გავლენის რისკი კი მინიმუმამდე იქნას შემცირებული.

"ვფიქრობ, ჩვენ ეს შევძელით. რუსეთის ეკონომიკა სანქციების შემოღებამდეც ცუდ მდგომარეობაში იყო, სანქციების შემდეგ კი საგრძნობლად გაუარესდა. ეკონომიკის სანდო ექსპერტების მიერ რუსეთში ჩატარებული ყველა შეფასება აჩვენებს, რომ ახლანდელი სანქციების ძალაში დარჩენის შემთხვევაში, რუსეთის ეკონომიკას მძიმე მომავალი ელის. ამჟამად ამ სანქციების შედეგების არასასურველ გავრცელებას მიკრომასშტაბით - ცალკეული კომპანიების დონეზე ვხედავთ. მაკრომასშტაბით ეს არც ამერიკის და არც ევროპის ეკონომიკაზე არ ასახულა. რა თქმა უნდა, ევროპის ეკონომიკა რუსეთთან უფრო მჭიდროდაა ინტეგრირებული ვიდრე ამერიკის ეკონომიკა. რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის ზოგადი შემცირება უფრო მეტად იმ ქვეყნებზე აისახება, რომელთა ეკონომიკის დიდ წილს რუსეთში ექსპორტი შეადგენს," – განმარტა მან.

ჯეიკობ ლიუს განცხადებით, უჭირს თქმა, რომ სანქციებით ევროპისთვის ან ამერიკისთვის არავითარი შედეგები არ დადგება.

"მაგრამ ამ შედეგებს თუ შევადარებთ, რუსეთი ამ ტვირთის სრულ სიმძიმეს იგრძნობს, სხვები კი შედარებით ზომიერ ტვირთს იკისრებენ. ამის მიზანი იმ გზის შექმნაა, რომელიც რუსეთს უკან დაახევინებს, რათა რუსეთმა პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, გამოიყვანოს შეიარაღებული ძალები, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ შეიყვანა. მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ამჟამინდელი შეთანხმება, რომელიც ბოლო დღეებში დაძაბულობით გამოირჩევა, ამ უკანდახევის საშუალებას შექმნის. ამის ალტერნატივა უფრო გამკაცრებული სანქციები იქნება. გამკაცრების ნაბიჯები ამ სანქციების არასასურველი შედეგების დადგომის რისკს გაზრდის. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის მთავრობა მტკიცე პოზიციას ინარჩუნებს და სხვა წამყვანი სახელმწიფოების მთავრობებიც გააგრძელებენ რუსეთისთვის მკაცრი სიგნალების გაგზავნას, რომ ეს მიუღებელი საქციელია და უნდა შეიცვალოს," – აღნიშნა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.

ჯეკ ლიუს კომენტარს "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს