საკრებულოში ,,ძველქართული-ძველსომხური დოკუმენტირებული ლექსიკონის" პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საკრებულოში ,,ძველქართული-ძველსომხური დოკუმენტირებული ლექსიკონის" პრეზენტაცია გაიმართა. როგორც "ინტერპესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ ლექსიკონის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მისი ავტორის ილია აბულაძისა და მისი კოლეგების დაუღალავ შრომას გაუსვა ხაზი.

ბუბა კუდავას თქმით, ილია აბულაძემ ლექსიკონის შედგენას თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი დაუთმო, თუმცა სამწუხაროდ, წიგნის დასრულება სიცოცხლეში ვერ მოასწრო და ის გამოსაცემად მისმა მოწაფეებმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მოამზადეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ლექსიკონს ბოლო პერიოდში გამოცემული ერთ-ერთი კაპიტალური ნაშრომი უწოდა და წიგნის ავტრორებთან ერთად მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც ლექსიკონის გამოცემაში მიიღეს მონაწილეობა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და გიორგი ალიბეგაშვილს დედაქალაქის ერთ-ერთი უსახელო ქუჩისთვის ილია აბულაძის სახელის მინიჭებისა და მისი ბიუსტის დადგმის თხოვნით მიმართა.

გიორგი ალიბეგაშვილი ბუბა კუდავას ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის საკრებულო უსახელო ქუჩისთვის ილია აბულაძის სახელის მინიჭებისა და მისი ბიუსტის დადგმის ინიციატივას აუცილებლად მხარს დაუჭერს.

დღესვე საკრებულოში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, არმენოლოგის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დამაარსებლის და პირველი დირექტორის ილია აბულაძის საარქივო მასალის გამოფენა მოეწყო.

საკრებულოს ინფორმაციით, ,,ძველქართული-ძველსომხური დოკუმენტირებული ლექსიკონი" ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოსცეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს