ლარსისკენ მიმავალ გზაზე ტრაილერები არიან გაჩერებული

ლარსისკენ მიმავალ გზაზე ტრაილერები არიან გაჩერებული. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, სტეფანწმინდიდან ლარსამდე ტრაილერების რამდენიმე კილომეტრიანი რიგია და ისინი საზღვარზე გადასვლას ვერ ახერხებენ.

ტრაილერების მძღოლების თქმით, უკვე რამდენიმე თვეა მსგავსი პრობლემები აქვთ, რის გამოც მათი ტრანზიტული მოძრაობა ფერხდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"რუსეთის ფედერაციის საბაჟო-სასაზღვრო პუნქტი დღის განმავლობაში (დღეის მდგომარეობით) ატარებს მაქსიმუმ 250 სატვირთო ავტომანქანას. იგულისხმება შემოსვლაც და გასვლაც. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" ამ ეტაპზე მზადაა გაატაროს მინიმუმ ორჯერ მეტი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პუნქტს საგანგებო რეჟიმით უწევს მუშაობა - საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა 20.30-დან 06.00 საათამდე შეზღუდულია, რაც მყინვარ დევდორაკის ენის მახლობლად მეტეოსაგუშაგოდან უწყვეტი მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსალოდნელ საფრთხეს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, როდესაც ავტომანქანების რაოდენობა აღემატება მეზობელი მხარის მიერ მათი გატარების შესაძლებლობებს, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, წარმოიქმნება რიგები. ამას დაადასტურებენ ამ რიგებში მდგომი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებიც.

აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ზაფხულის პერიოდში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საზღვრის კვეთა ამ მიმართულებით. კერძოდ, ფიზიკური პირების მიერ საზღვრის კვეთა გაზრდილია დაახლოებით 56%-ით, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების - დაახლოებით 39%-ით, სამგზავრო ავტობუსებისა - დაახლოებით 72%-ით, ხოლო სატვირთო ავტომანქანების მოძრაობა გაზრდილია დაახლოებით 19%-ით. შემოსავლების სამსახური არწმუნებს საზოგადოებას, რომ სამსახურის ყველა რგოლი გამართულად და შეუფერხებლად მუშაობს და ყაზბეგში ვითარებასთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი სრულიად მოკლებულია რეალურ საფუძველს", - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ლარსისკენ მიმავალ გზაზე ტრაილერების კილომეტრიანი რიგია

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი