ფერმის მეპატრონე არასრულწლოვანს ცხენების ქურდობასთან ერთად ფულის მოპარვაშიც ადანაშაულებს

ფერმის მეპატრონე არასრულწლოვან ბიჭს ცხენების ქურდობასთან ერთად ფულის მოპარვაშიც ადანაშაულებს.  როგორც ”ინტერპრესნიუსს” გიორგი ზალიაშვილმა განუცხადა, არასრულწლოვანმა მისი ფერმიდან ცხენსა და კვიცთან ერთად 150 ლარიც მოიპარა. რაც შეეხება ოჯახის ბრალდებებს, რომ ფერმის ხელმძღვანელებმა ხელფასი არ გადაუხადეს, ზალიაშვილის თქმით, ოჯახმა თვითონ სთხოვა, რომ რამდენიმე თვის ხელფასი ერთიანად მიეცა ხოლმე, რათა ყოველთვიურად არ დახარჯვოდა.

”არანაირი ზეწოლა და დაპირისპირება მასთან არ ყოფილა. ცხელსა და ცივს არ ვაკლებდით, 200 ლარი ჰქონდა ხელფასი. თვითონვე გვთხოვეს, რომ ყოველთვიურად არ მიგვეცა ფული, რომ არ დახარჯვოდა. დაინახეს, როცა ცხენი და კვიცი მიჰყავდა. პურის საყიდლად მივდივარო თქვა. თვითონვე აღიარა დანაშაული, ჩვენება წუხელისვე მისცა”, - განაცხადა ზალიაშვილმა.

მისივე თქმით, ცხენი არასრულწლოვნის მამასთან არის, კვიცი და ფული კი უცნობია.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ცხენების დაკარგვის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

”არასრულწლოვანი ბიჭი ღამით იპოვა პოლიციამ. ის წარმოდგენილია პოლიციის განყოფილებაში და იკითხება სოცმუშაკის თანდასწრებით. გამოძიება დაწყებულია ცხენების მოპარვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ცხენები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, - აცხადებენ შსს-ში.

აღნიშნული პირი ორი დღის განმავლობაში დაკარგული იყო და ის მამის სახლში, სოფელ ზემო ქედში პოლიციამ გუშინ ღამე იპოვა. მისი ოჯახი ქურდობის ფაქტს გამორიცხავს. არასრულწლოვნის დის, ლია გიგაურის თქმით, მის ძმას ფერმაში ხელფასი არ გადაუხადეს და ტრანსპორტის არქონის გამო ფერმა ცხენით დატოვა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს