მეუფე პეტრე - ვადასტურებთ ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემას, რომელიც დაუყოვნებლივ შესაცვლელია

ვადასტურებთ ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემას, რომელიც დაუყოვნებლივ შესაცვლელია, - ამის შესახებ საუბარია ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას წერილობით მიმართვაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებისადმი.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო, დედანო და დანო, ღვთივკურთხეულო ჭყონდიდის ეპარქიის სულიერო შვილებო! გილოცავთ წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს. წმინდა ნინომ მე-4 საუკუნეში იქადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მისი ლოცვით დაიმსხვრა საქართველოში არსებული კერპები და ქართველი ერი გათავისუფლდა კერპთაყვანისმცემლობის ტყვეობიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს, საუკუნეების შემდეგ, ბოლომდე ვერ გათავისუფლდა საბჭოთა მემკვიდრეობიდან, სახელმწიფომ თავი ვერ დააღწია უსამართლობას, მიკერძოებულ სამართალსა და ფარისევლობას. უფალი ბრძანებს: მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ“ (მთ. 6:33).

ცხადია, მძიმე ხვედრი ერგოთ განსვენებულთა მშობლებს, მაგრამ მადლობა ღმერთს, ბატონ ზაზა სარალიძეს ამ უდიდესი ტკივილის ფონზე, აღმოაჩნდა სულიერი ძალა, უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამაღლებისა, მასშტაბური პროტესტისა. მან ყველას სათქმელი მიიტანა სამართლიან ტრიბუნამდე, ქვეყნის მაჯისცემამდე. ბატონ ზაზასთან ერთად მთელი გულით განვიცდით უსამართლო მსჯავრს და სრულ თანადგომას ვუცხადებთ უთანასწორო ბრძოლაში. ვადასტურებთ ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემას, რომელიც დაუყოვნებლივ შესაცვლელია. სამწუხაროდ, თავის დროზე, ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან ამ პროკურატურისადმი სრული ნდობის გამოცხადებამ ამ შედეგს ხელი შეუწყო. უფლის სიტყვა და მოციქულთა დაწერილი სიტყვები სახელმძღვანელოდ მოგვეცა, რომელშიც ვკითხულობთ: „...სამხილებლად და განსამართლებლად და სასწავლებლად სიმართლისა“ (2 ტიმ. 3:16). უფალი აქვე ითხოვს სამართლიან გამოძიებას, რასაც ყველანი უნდა ვემორჩილებოდეთ.

გამოვხატავ ღრმა მწუხარებას ეპარქიის სახელით დავითის და ლევანის სასტიკი მკვლელობის გამო, სრულ თანადგომას ვუცხადებთ უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ შვილგარდაცვლილ ოჯახებს, ახალგაზრდობასა და საზოგადოების დიდ და ჯანსაღ ნაწილს, სახელმწიფოებრიობისა და სამართლიანობის მოყვარე ქართველ ერს. ჩვენ გადაგვარჩენს ერთსულოვნება, რომელიც მოგვმადლოს უფალმა, ამინ!", - წერს მეუფე პეტრე.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს