„იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება“ - იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ გრიფირების სისტემაში არსებულ უკანონობას შეეწირა

იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ გრიფირების სისტემაში არსებულ უკანონობას შეეწირა, - ამის შესახებ ინფორმაციას „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება“ ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოს - „დედა ენის“ დაბრუნებას მოითხოვს და ამ მიზნით ხვალ ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად შეკრებას გამართავს თემაზე: „გადავარჩინოთ ი. გოგებაშვილის „დედა ენა“; დავუბრუნოთ იგი ქართულ სკოლას!“

ამასთან მათივე ცნობით, აღსანიშნავია ის, რომ 2018 წელს განათლების სამინისტრომ განათლების ყოფილი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით შექმნა საგანგებო კომისია, რომელსაც დაევალა, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის საფუძველზე გადაემუშავებინა სასკოლოდ ი. გოგებაშვილის „დედა ენა“.

„დედა ენას“ ქართული ანბანის სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს - 2013 წელს კულტურის სამინისტრომ მიანიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ხოლო 2014 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მას განესაზღვრა ეროვნული კატეგორია; ეს ძეგლი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს იუნესკოს მიერ საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლისა - ქართული ანბანისა (2016 წ.). ყოველივე ეს სახელმწიფოს ავალდებულებს უზრუნველყოს ამ ძეგლის სიცოცხლისუნარიანობა და დაიცვას იგი. სწორედ ამ მიზნით 2018 წელს განათლების სამინისტრომ მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით შექმნა საგანგებო კომისია, რომელსაც დაევალა, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის საფუძველზე გადაემუშავებინა სასკოლოდ ი. გოგებაშვილის „დედა ენა“; ამ საქმის ინიციატორი და ძირითადი შემსრულებელი იყო „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება“. კომისიის მუშაობას ზედამხედველობას უწევდა მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია.

კომისიამ (თავმჯდომარე აკად. ა. არაბული) დათქმულ ვადებში დაასრულა სამუშაო და ი. გოგებაშვილის პრინციპების გათვალისწინებით სასკოლოდ მოამზადა ი. გოგებაშვილის „დედა ენა“. გაუგებარი მიზეზების გამო, განათლების სამინისტრომ არ შეასრულა დანაპირები და ეროვნული სკოლა დარჩა „დედა ენის“ გარეშე! ფაქტობრივ, „დედა ენა“ შეეწირა გრიფირების სისტემაში არსებულ უკანონობას. ეს ფაქტი კი გახდა ქართული საზოგადოების სამართლიანი აღშფოთების მიზეზი.

იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება გრძნობს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობისა და ეროვნული სკოლის მიმართ“, - ნათქვამია „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს