მედიკო მარგოშვილი - თემირლანი რომ სუნთქავდა, ამის გამო იყო ტერორისტი?

თემირლანი რომ სუნთქავდა, ამით იყო ტერორისტი? ხალხში რომ გავდივარ უცხოდ ვგრძნობ თავს, სხვა თვალით მიყურებენ, ალბათ, როგორც ტერორისტის დედას, როცა არანაირი ბრალი არ გვაქვს, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, აიზა(მედიკო) მარგოშვილმა განაცხადა.

როგორც მან თავის ჩვენებაში აღნიშნა, მის შვილს ტერორისტებთან კავშირი არ ჰქონია.

„თუ ესენი ტერორისტები იყვნენ, ამ 2 წლის განმავლობაში რატომ დადიოდნენ თავისუფლად? ნუთუ სამართალდამცავებმა არ იცოდნენ თბილისის ცენტრში, ხეობაში თავისუფლად რომ გადაადგილდებოდნენ? ჩემ გულუბრყვილო ბავშვს უნდა ამოეცნო ისინი ვინ იყვნენ? მათი ნამდვილი სახელები და გვარები არ იცოდა ისე წავიდა ამ ქვეყნიდან", - განაცხადა მარგოშვილმა.

მან სასამართლო სხდომაზე დეტალურად გაიხსენა სპეცოპერაციის ღამეს განვითარებული მოვლენები.

„უკვე გათენებული იყო, გოგაშვილი, ყველა უფროსი მოსული იყო. მომიახლოვდა გოგაშვილი და მკითხა, სტუმრები ვინ გყავდათო, მაშინ არც ვიცოდი გოგაშვილი ვინ იყო. სტუმრები სულ მყავს-მეთქი ვუთხარი, თითი დამიქნია, ძალიან კარგად იცი, რა ხდებაო,- მიპასუხა.

თემირლანი ისე მყავდა გაზრდილი, მეც და დებსაც, გადაყოლილი ვიყავით. კომპლექსი ჰქონდა, თვალებზე ოპერაცია რომ გავუკეთეთ, გახალისდა, სწავლა მოინდომა, სხვანაირი გახდა ოპერაციის შემდეგ. ტელევიზიით გამოაცხადეს თემირლანი ტერორისტებთან კავშირში იყოვო, შოკში ვიყავი, თემირლანი და ტერორისტი? მტკიცებულების გარეშე გამოაცხადეს ბავშვი ტერორისტად", - განაცხადა მარგოშვილმა.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, აიზა(მედიკო) მარგოშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

აღნიშნული სარჩელით, მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ს მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ „უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას“ ედავება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს