თბილისის სამედიცინო უძრავი ქონების მიმოხილვა

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით (2016 წ.) საქართველოს მოსახლეობა ჯანმრთელობაზე ზრუნვაში საშუალოდ იმაზე ნაკლებ თანხას ხარჯავს, ვიდრე რუსეთის, თურქეთისა და სომხეთის მოსახლეობა. სამედიცინო დანახარჯები საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე $308-ს შეადგენს, რაც რეგიონში არსებულ საშუალო დანახარჯზე ნაკლებია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლიდან სამედიცინო დანახარჯების წილი ქვეყნის მშპ-ში 8%-იან ნიშნულზეა დასტაბილურებული და რეგიონულ ჭრილში მხოლოდ სომხეთს ჩამორჩება.

თბილისის სამედიცინო უძრავი ქონების ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. სექტორის ჯამური მიწოდება 700,000 კვ.მ-ს შეადგენს, საიდანაც უმეტესი წილი საბჭოთა დროის საავადმყოფოებზე მოდის, როგორებიცაა რესპუბლიკური საავადმყოფო, მედისონი ვაჟა-ფშაველაზე და ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებების მასშტაბური კლასტერი. ჯამური ფართობიდან თანაბარი - 28%-28% საბურთალოსა და დიდუბეში წარმოდგენილ სამედიცინო დაწესებულებებს უკავიათ, დარჩენილი 44% კი სხვა უბნებშია გადანაწილებული.

უძრავი ქონების მფლობელობის ტიპების მიხედვით არსებული სამედიცინო დაწესებულებების ჯამური ფართობიდან 87% საკუთარ უძრავ ქონებას წარმოადგენს, 11% იჯარითაა აღებული, ხოლო 2% შერეული ტიპის მფლობელობაა. დაქირავებული ფართების საიჯარო განაკვეთი $2.5-დან $25-მდე მერყეობს, რაც ქონების ადგილმდებარეობაზე, ზომაზე, საიჯარო პირობებსა და სხვა ძირითად მახასიათებლებზეა დამოკიდებული.

2019-2022 წლებში, სამედიცინო უძრავი ქონების ფართობის მიწოდება 16%-ით გაიზრდება, რაც დამატებით 112,000 კვ.მ. მოიცავს. მნიშვნელოვანი სამომავლო პროექტებიდან აღსანიშნავია კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი (22,000 კვ.მ.); ტრავმატოლოგიის, ნეიროქირურგიისა და კარდიოლოგიის ჰოსპიტალი (18,000 კვ.მ.); ყოფილი „ლეჩკომბინატი N1“ (9,000 კვ.მ.), სადაც სამედიცინო დაწესებულების გარდა წარმოდგენილი იქნება მუზეუმი და ლანდშაფტური პარკი.

ინვესტორებისთვის მიმზიდველ საინვესტიციო ნიშად შეიძლება იქცეს სამედიცინო საოფისე დაწესებულებების, ე.წ MOB (medical office buildings) დეველოპმენტი, რაც ამბულატორიული, სარეაბილიტაციო, ესთეტიკური მედიცინის საკონსულტაციო ან სხვა მსგავსი ტიპის სამედიცინო სერვისების ერთ სივრცეში თავმოყრას გულისხმობს.

მეტი დეტალი სამედიცინო უძრავ ქონებაზე გაიგეთ რეპორტიდან.

წყარო: Colliers International Georgia

+995322224477

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს