ეკატერინე ციმაკურიძე - 12-დან არც ერთ რეკომენდაციაზე არ დასრულებულა მუშაობა, სამ რეკომენდაციაზე მუშაობა ჯერ არც დაწყებულა, რეკომენდაციების შესრულებაზე მთავარი პასუხისმგებელი ხელისუფლებაა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკატერინე ციმაკურიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ეკატერინე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 ევროპული რეკომენდაცია რომ აქვს ქვეყანას შესასრულებელი ვიცი, მაგრამ ეს პროცესი რომ რთულად მიდის, კარგად ჩანს.

ამ თემებზე გამართულმა მსჯელობამ გვანახა, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური პრობლემებია ისეთ საკითხებში როგორიცაა სასამართლო, საარჩევნო კანონმდებლობა, მედიის კანონპროექტი, ძალადობებზე რეაგირების ნაწილი, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, ასევე ობმუცმენის შერჩევის წესში უკვე შეტანილი ცვლილებები.

ამ საკითხებიდან ყველაზე პრობლემურად მაინც „დეოლიგარქიზაციის კანონი“ მიიჩნეოდა, მაგრამ ვნახეთ რომ პარლამენტის ბიუროს "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი წარედგინა.

როგორც მოსალოდნელი იყო ამ თემაზე მსჯელობამ და კამათმა ცხადად გვანახა, რომ როგორც სხვა საკითხებში, ამ თემაზე კანონპროექტის მომზადებაში პრობლემური იყო სამართლებრივი და პოლიტიკური თემები.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ წარმოდგენილ კანონში რა სახის სამართლებრივი და პოლიტიკური პრობლემებია?

- დეოლიგარქიზაციისკენ გადასადგმელი უმთავრესი ნაბიჯებია დეპოლიტიზირების პირობის შესრულება, სასამართლოს კლანური მმართველობისგან განთავისუფლება და პროკურატურის რეფორმის გატარება, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული მექანიზმის შექმნა, რამაც რეალურად უნდა აამოქმედოს დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სისტემები, ასევე აღმოფხვრას კორუფციული ფაქტების დაუსჯელობა.

ამ რეფორმების გარეშე დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება იქნება პოპულისტური ნაბიჯი და 12 რეკომენდაციის შესრულებისგან ყურადღების გადატანა.

მეტიც, ხელში შეგვრჩება კანონი, რომელიც შერჩევითად იქნება გამოყენებული პოლიტიკურ ოპოზიციაში მყოფი მდიდრების მიმართ და არ იქნება გამოყენებული იმ ერთი მდიდარი ადამიანის მიმართ, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, მით უფრო, რომ გადაწყვეტილება პირისთვის ოლიგარქის სტატუსის მინიჭების შესახებ იმ პარლამენტის მისაღებია, რომლის მმართველ პარტიას ოლიგარქი მართავს.

დეოლიგარქიზაციისკენ გადასადგმელი უმთავრესი ნაბიჯებია დეპოლიტიზირების პირობის შესრულება, სასამართლოს კლანური მმართველობისგან განთავისუფლება და პროკურატურის რეფორმის გატარება, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული მექანიზმის შექმნა, რამაც რეალურად უნდა აამოქმედოს დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სისტემები, ასევე აღმოფხვრას კორუფციული ფაქტების დაუსჯელობა

დამოუკიდებელი ინსტიტუტების რეფორმის და კორუფციის დაუსჯელობის აღმოფხვრის შემდეგ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებამ შეიძლება მოახდინოს მომავალში ოლიგარქიული მმართველობის პრევენცია, მაგრამ ოლიგარქიული მმართველისთვის ასეთი კანონის ხელში მიცემა ისევ ოლიგარქიულ მმართველობას აძლიერებს, ზრდის ბერკეტებს ოლიგარქის ოპონენტების წინააღმდეგ მოქმედებისთვის და ვერაფერს დააკლებს თავად ოლიგარქიულ მმართველობას.

ან ეს კანონი არ უნდა მივიღოთ, ან მისი ამოქმედება უნდა გადაიდოს იქამდე, ვიდრე სხვა რეფორმები არ გატარდება.

- ამ თემაზე რაც არ უნდა თქვას მმართველმა გუნდმა, ან ოპოზიციამ, მთავარია რა პოზიცია ექნება ევროპულ ინსტიტუტებს.

ეს კანონი იმ სახით რომ იქნას მიღებული, რა სახითაც მმართველმა გუნდმა წარმოადგინა, ევროპული საბჭო ჩათვლის რომ ევროპული რეკომენდაციის ეს პუნქტი საქართველომ შეასრულა?

- დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის შესრულება, როგორც ეს ევროპულმა კომისიამ განსაზღვრა, არ გულისხმობს აუცილებლად კანონის მიღებას. ყოველ შემთხვევაში, კანონის მიღება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვალოს. ის უფრო მეტს მოითხოვს ჩვენგან ვიდრე უბრალოდ კანონის მიღებაა.

ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ოლიგარქიული გავლენები იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებები მიიღება ქვეყანაში ან იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს ბიზნესი.

ეს ის გადაწყვეტილებებია, რომლებსაც უნდა იღებდეს ხალხი და არა ერთი ან თუნდაც რამდენიმე მდიდარი ადამიანი მთელი ხალხის ნაცვლად და საკუთარი სიმდიდრის კიდევ უფრო გასაზრდელად.

დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია ასე ჟღერს - „საქართველო იმ შემთხვევაში შეასრულებს დეოლიგარქიზაციის პირობას, თუ ცალკეულ პირებს არ ექნებათ გადაჭარბებული ზეგავლენა ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში და ასევე საჯარო ცხოვრებაზე.“

დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია ასე ჟღერს - „საქართველო იმ შემთხვევაში შეასრულებს დეოლიგარქიზაციის პირობას, თუ ცალკეულ პირებს არ ექნებათ გადაჭარბებული ზეგავლენა ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში და ასევე საჯარო ცხოვრებაზე“

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საკუთარი ოპონენტების მიმართ, სააკაშვილი, კეზერაშვილი, ხაზარაძე და სხვა, გამოიყენებს დეოლიგარქიზაციის კანონს და არა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელსაც დიდი გავლენა აქვს არა ოპოზიციურ პარტიებზე, არამედ მმართველ პარტიაზე, თავად „ქართულ ოცნებაზე.“ ამ გზას არ მივყავართ ევროპული რეკომენდაციის შესრულებისკენ, არამედ პირიქით, ხელს შეგვიშლის ევროინტეგრაციის პროცესში.

დეოლიგარქიზაციაში საკვანძო საკითხია იმ გავლენის შემცირება, რაც მდიდარ ადამიანს აქვს მმართველ პარტიაზე და არა ოპოზიციაზე. ქვეყანაში მთავარი გადაწყვეტილებები მმართველი პარტიის მიერ მიიღება და არა ოპოზიციის მიერ. ოლიგარქიული მმართველობა კი მიზნად ისახავს მმართველი პარტიის გამოყენებას ოლიგარქის ქონების დასაცავად და გასაზრდელად და არა ხალხის ინტერესების სასარგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად.

- ვიცით, რომ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფშიც რთულად მიდიოდა პროცესები.

ამ თემაზე ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა თქვა, რომ „ამ სამუშაო ჯგუფში ნაკლებად ხდება ოპოზიციის მოთხოვნების გათვალისწინება.“

სასამართლოს თემაზე ხელისუფლების განცხადებები არანაირ განცდას არ ტოვებს, რომ სასამართლო სისტემაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდება. არადა, 12 პუნქტიან რეკომენდაციებში სასამართლოს თემაა ერთ-ერთია.

რა ხდება სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში? რა საკითხებია ყველაზე აქტუალური, რაზეც მმართველი გუნდი და ოპოზიციისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვერ თანხმდებიან?

- საუბარი იმით უნდა დავიწყოთ, რომ რამდენიმე სხვა ჯგუფისგან განსხვავებით სასამართლო რეფორმებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში და სამუშაო პროცესში არც ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია არ იყო ჩართული. ამის მიზეზი არ იყო მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროტესტი.

თავიდანვე, როცა იქმნებოდა სამუშაო ჯგუფები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში, განსხვავებით ადამიანის უფლებათა დაცვის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებისა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აეკრძალათ მონაწილეობა. ამ დროს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შეიქმნა ყველაზე მეტი და ყველაზე პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფები.

მაგალითად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი, რომელიც მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების საკითხზე მუშაობდა, სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით შეიქმნა და განხილვები რამდენიმე რაუნდად ჩატარდა, რამაც საკითხებზე მსჯელობის და კამათის კარგი შესაძლებლობა მოგვცა.

ის რაც ხდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფებში, ამას არ აქვს ახსნა. იქ არ დაუშვეს ორგანიზაციები, რომელთაც სერიოზული პრობლემების წამოწევა და მათ გადაჭრაზე მსჯელობა შეუძლიათ. არ არის შექმნილი პირობები საკითხზე მსჯელობის და პოზიციების დაახლოებისთვის.

სამუშაო ჯგუფების შექმნამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გასცა დაპირება, რომ ჯგუფებში წერილობით მიღებულ მოსაზრებებზეც იმსჯელებდნენ, ასევე, მეტი ჩართულობისთვის დამატებით შეხვედრებს ჩაატარებდნენ ორგანიზაციებთან. არცერთი ეს პირობა არ შესრულებულა.

შედეგად, ის პრობლემები, რომელთა დაძლევაზეც სასამართლო რეფორმების სამუშაო ჯგუფმა იმუშავა ახლოსაც არ არის იმ პრობლემებთან, რომელთა გადაჭრასაც ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანი მოითხოვს.

ის პრობლემები, რომელთა დაძლევაზეც სასამართლო რეფორმების სამუშაო ჯგუფმა იმუშავა ახლოსაც არ არის იმ პრობლემებთან, რომელთა გადაჭრასაც ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანი მოითხოვს

სასამართლო რეფორმა ერთ-ერთი ის საკითხია, რომელზეც „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად ერთპარტიულად მუშაობს და რომლის შეუსრულებლობაზეც მხოლოდ „ქართული ოცნება“ იქნება პასუხისმგებელი.

სასამართლო რეფორმა ის საკითხი არ არის, სადაც „ქართული ოცნება“ შეძლებს თავი გაიმართლოს, რომ მან შექმნა ფორმატი, მისცა ყველა მხარეს მონაწილეობის შესაძლებლობა, მაგრამ დიდმა ნაწილმა არ ისურვა მონაწილეობა.

სასამართლო რეფორმა ის საკითხია, რომელზე სამუშაო ფორმატი ყველა მხარისთვის არ ყოფილა გახსნილი.

- გასულ კვირას მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ხელისუფლების ინიციატივით 2024 წლის არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდება ელექტრონული ფორმით.

გასაგებია, რომ სრულად ელექტრონულად ვერ ჩატარდება შემდეგი არჩევნები, მაგრამ ის რაც მოვისმინეთ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა ისეთ თემებზე, როგორიცაა მაგალითად შეძლებენ თუ არა ელექტრონულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ემიგრანტები, ვინ იქნება ელექტრონულ არჩევნებზე პასუხისმგებელი და ასე შემდეგ.

შემდეგი არჩევნების ელექტრონულად ჩატარებასთან დაკავშირებით თქვენ რა სამართლებრივ და პოლიტიკურ პრობლემებს ხედავთ?

- ჩემი აზრით, საარჩევნო რეფორმაც ის სფერო იქნება, სადაც ცვლილებები განხორციელდება, მაგრამ შედეგი არ შეიცვლება. ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენისთვის და მისი კონტროლისთვის საჭირო ბერკეტები კვლავ დარჩება მმართველი პარტიის ხელში.

საარჩევნო რეფორმაც ის სფერო იქნება, სადაც ცვლილებები განხორციელდება, მაგრამ შედეგი არ შეიცვლება. ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენისთვის და მისი კონტროლისთვის საჭირო ბერკეტები კვლავ დარჩება მმართველი პარტიის ხელში

ამომრჩევლების დაშინების, მოსყიდვის, ან ამომრჩევლის ნებაზე სხვაგვარად გავლენის მოხდენის შესახებ ინფორმაციის უდიდესი და მთავარი ნაწილი, რაც საარჩევნო პერიოდებში ვრცელდება ხოლმე, არ უკავშირდება კენჭისყრის დღეს.

არცერთი ეს ინფორმაცია სათანადოდ არ არის გამოძიებული და რეაგირების გარეშე რჩება ხოლმე, რაც უფრო აღრმავებს ეჭვებს ამომრჩევლის ნებაზე არასათანადო გავლენების შესახებ.

ამიტომ, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება, იქნება ეს ხმების დათვლა, ელექტრონულად ან მის გარეშე, თუ გადათვლის მექანიზმების შემოღება, კენჭისყრის ოქმების შედგენა, მათი გასაჩივრება, მით უფრო, საარჩევნო დავების განხილვის მხოლოდ ვადების გადასინჯვა თუ სხვა მსგავსი ცვლილებები, არ იქნება საკმარისი არჩევნების შედეგებზე ამომრჩევლის რეალური ნების ასახვისთვის. რამდენად დაკმაყოფილდება ევროკავშირი ასეთი რეფორმით ვერ გეტყვით.

ფაქტია, საარჩევნო კანონთან დაკავშირებით ევროპული კომისიის რეკომენდაცია უფრო ფართო რეფორმის გატარებას გულისხმობს ვიდრე მხოლოდ ხმების დათვლის, გადათვლის ან სხვა მსგავსი საკითხებია.

საარჩევნო კანონთან დაკავშირებით ევროპული კომისიის რეკომენდაცია უფრო ფართო რეფორმის გატარებას გულისხმობს ვიდრე მხოლოდ ხმების დათვლის, გადათვლის ან სხვა მსგავსი საკითხებია

- ინტერვიუს ჩაწერამდე ახსენეთ რომ ევროპული რეკომენდაციების ფარგლებში უნდა მომზადდეს მედიის კანონპროექტი, ასევე ძალადობებზე რეაგირების ნაწილზე უფრო მკაფიო უნდა იყოს კანონი და მისი აღსრულება.

ბოლო პერიოდში გახშირდა მედიისა და პოლიტიკოსების მხრიდან არასამთავრობო სექტორზე თავდასხმები. ვნახეთ, რომ არასამთავრობო სექტორს ხშირად აკრიტიკებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები.

თქვენ როგორ აღიქვით მედიისა და მმართველი გუნდის მედიაზე არასამთავრობო სექტორზე თავდასხმები?

თქვენი დაკვირვებით მედიის კანონპროექტზე და ძალადობაზე რეაგირების ნაწილში კანონმდებლობის გამკაცრების საკითხებზე რა ვითარება დღეს და ამ თემებზე რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?

- ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება არ არის მხოლოდ პარლამენტის, მისი კომიტეტების და სამუშაო ჯგუფების ფორმატებში შესასრულებელი საკითხები. მნიშვნელოვანი როლი რეკომენდაციების შესრულებაში ეკისრება აღმასრულებელ შტოს და სამართალდამცავ სისტემას. ამ მხრივ რა ხდება საზოგადოებას ანგარიშს არავინ აბარებს.

ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ფაქტები საჭიროებს გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას. ანალოგიური რეკომენდაციაა გაცემული მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დასაცავად, რომელიც მათ მიმართ დანაშაულის ჩამდენთა გასამართლებას გულისხმობს.

რეკომენდაციების ნაწილია მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების მაღალი სტანდარტით დასრულება. არცერთი ეს რეკომენდაცია არ უკავშირდება კანონის მიღებას. არც ერთი მათგანის შესრულების შესახებ გვსმენია რაიმე საქართველოს მთავრობის ან პროკურატურის მხრიდან.

რეკომენდაციების ნაწილია მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების მაღალი სტანდარტით დასრულება. არცერთი ეს რეკომენდაცია არ უკავშირდება კანონის მიღებას. არც ერთი მათგანის შესრულების შესახებ გვსმენია რაიმე საქართველოს მთავრობის ან პროკურატურის მხრიდან

ერთადერთი ვალდებულება, რაც საქართველოს პარლამენტმა იტვირთა ჟურნალისტებისა და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ ჩადენილ ძალადობებზე რეაგირების მიმართულებით არის საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პარლამენტს, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელსა და მთავრობაზე კონტროლის განმახორციელებელს, ყველა ბერკეტი აქვს მოსთხოვოს სამართალდამცავ სისტემას დანაშაულზე რეაგირება და ამის შესახებ საზოგადოებას ჩააბაროს ანგარიში. არც ეს პირობა არის ამ დრომდე შესრულებული.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დაწყებულ დისკრედიტაციის კამპანიას, ის ეფუძნება ძალიან ბევრ არასწორ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, არასამთავრობო ორგანიზაციათა როლისა და ფუნქციის არასწორად წარმოჩენას. კარგად თუ დავაკვირდებით, დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს არა მხოლოდ პირდაპირი, არამედ არაპირდაპირი ფორმებითაც.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დაწყებულ დისკრედიტაციის კამპანიას, ის ეფუძნება ძალიან ბევრ არასწორ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, არასამთავრობო ორგანიზაციათა როლისა და ფუნქციის არასწორად წარმოჩენას... ეს პროცესი სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანაში დემოკრატიას და პირდაპირ კავშირშია ევროინტეგრაციასთან

ჩვენ ვხედავთ კონკრეტული ორგანიზაციების მიმართ არა უბრალოდ ლეგიტიმური კითხვების დასმას, რომლებზეც მათ პასუხი უნდა გასცენ, არამედ მთლიანად არასამთავრობო სექტორის როლის დაკნინებას აბსტრაქტულად, ზოგადი და დაუსაბუთებელი ფორმით, რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ ნდობის ნელ-ნელა და სრულად გაუქმებას ისახავს მიზნად.

ეს პროცესი სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანაში დემოკრატიას და პირდაპირ კავშირშია ევროინტეგრაციასთან.

- პარლამენტმა ბოლოჯერ მოუსმინა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას. მან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მაგრამ სამწუხაროდ, იმ თემებზე, რაზეც პასუხი ხელისუფლებისგან უნდა მოგვესმინა, არ მოგვისმენია.

რადგან ახლა სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის თემაც აქტუალურია, თქვენ როგორ შეაფასებდით ამ პროცესს?

გაქვთ განცდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა სახალხო დამცველი კანდიდატის დასახელებაზე უარი თქვა, „ქართული ოცნება“ მისი გავლენისგან თავისუფალი სახალხო დამცველის არჩევას დაუჭერს მხარს?

- 12 პუნქტის შესრულების პროცესი იმით განსხვავდება ყველა წინა რეფორმის პროცესისგან, რომ მაშინ სასწორზე არ იდო კონკრეტული პირობა, როგორიც ახლა არის კანდიდატის სტატუსის მიღება. ამიტომ, დღეს, წინა წლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ გარკვეული დამაჯერებელი ცვლილებები უნდა მოხდეს, მაგრამ ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბევრი დათმობა არ მოუწიოს.

დღეს, წინა წლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ გარკვეული დამაჯერებელი ცვლილებები უნდა მოხდეს, მაგრამ ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბევრი დათმობა არ მოუწიოს

ერთ-ერთი ის მცირე დათმობა, რაზეც წავა „ქართული ოცნება,“ შესაძლოა იყოს ახალი სახალხო დამცველის არჩევა, რადგან ეს საკითხი არ ახდენს პირდაპირ გავლენას ძალაუფლების განაწილებაზე და კონტროლისა ბალანსის სისტემის ამუშავებაზე. მიუხედავად ამისა, არსებობს რისკი, რომ პარტიებს შორის ვერ შედგეს კონსენსუსი. ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველამ გაითვალისწინოს ეს მოცემულობა და აქედან გამომდინარე იმოქმედოს.

ერთ-ერთი ის მცირე დათმობა, რაზეც წავა „ქართული ოცნება,“ შესაძლოა იყოს ახალი სახალხო დამცველის არჩევა, რადგან ეს საკითხი არ ახდენს პირდაპირ გავლენას ძალაუფლების განაწილებაზე და კონტროლისა ბალანსის სისტემის ამუშავებაზე

სახალხო დამცველობის კანდიდატები შეაფასა 9 წევრიანმა საზოგადოებრივმა კომისიამ ოთხი კრიტერიუმით. კრიტერიუმებს შორის არის კანდიდატების კავშირი პოლიტიკურ პარტიასთან.

რადგან კონსენსუსის მიღწევა ასეთი რთულია ჩვენ პოლიტიკურ სპექტრში, „ქართულმა ოცნებამ,“ ისევე როგორც სხვა პარტიებმა, მხარი უნდა დაუჭირონ ისეთ კანდიდატს, რომელთანაც არ იკვეთება კავშირი არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან და კეთილსინდისიერების კრიტერიუმშიც მაღალ შეფასებას დაიმსახურებს.

- ევროპული რეკომენდაციების შესრულების საკითხებზე ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატა საბანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა - ჩვენგან ჩვენი პარტნიორები ითხოვენ პოლიტიკური პროცესის გაევროპულობას. ამის ნაცვლად მივიღეთ პარადოქსული ვითარება: ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება გახდა კიდევ უფრო ღრმა დაპირისპირებისა და პოლარიზაციის წყარო თუ საბაბი. აქ პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ ძალაზე ნაწილდება, მაგრამ მთავარი მაინც ხელისუფლებაა რადგან რეფორმები მან უნდა განახორციელოს“.

ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად. რეალურად, არ ჩანს რომ ასეა. ხელისუფლებას არ ეტყობა რომ ოპონენტებთან ეძებს თანამშრომლობის რესურსს, რათა ქვეყანამ ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვას.

მეტიც, ხშირად გვესმის განცხადებები, რომ თუ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ეს ოპოზიციისთვის კატასტროფა იქნება. რადგან ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება ასე მნიშვნელოვანია, კითხვას ასე დავსვამ - მმართველ გუნდს ოპოზიციის გარეშე შეუძლია თუ არა 12 რეკომენდაციის მიღება? თუ შეუძლია, შეგიძლიათ თქვათ, რომ იგი ამ რეკომენდაციებს აუცილებლად შეასრულებს?

- სრულად ვეთანხმები იმ აზრს, რომ ჩვენგან იყო მოლოდინი ამ პროცესის „გაევროპულების.“ პროცესის ევროპულობა მის დემოკრატიულობას ნიშნავს პირველ რიგში. ამიტომ იყო ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი პროცესი და ამიტომ არ დავტოვე ის სამუშაო პროცესი, რომელშიც მომეცა ჩართვის შესაძლებლობა და არა იმიტომ, რომ მომწონდა ის პროცესი რაც ქართულმა ოცნებამ შექმნა 12 პუნქტის შესასრულებლად.

ამიტომ ვმონაწილეობ ახლაც სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელ კომისიაში.

იმ აზრსაც ვეთანხმები, რომ მთავარი პასუხისმგებელი რეკომენდაციების შესრულებაზე ხელისუფლებაა. მეტიც, ხელისუფლების პირველი პასუხისმგებლობა იყო პროცესის „გაევროპულება“ და შემდეგ უკვე შედეგის მიღწევა, რეკომენდაციების შესრულება.

ხელისუფლება მით უფრო მეტად ხდება პასუხისმგებელი შედეგზე, როცა არ უზრუნველყოფს სხვა სუბიექტების სათანადო ჩართულობას. მან შექმნა ისეთი პროცესი, რომელიც დიდწილად და მთავარ საკითხებზე ზღუდავს ჩართულობას, ანუ არადემოკრატიული და შესაბამისად, არაევროპულია. არადემოკრატიული პროცესიდან რეალურ შედეგს არ ველოდები. ყველაფერი ისევ მმართველ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

გასათვალისწინებელია, რომ ამ დროისთვის, როცა წლის ბოლომდე სამი თვეც არ დარჩა, 12 დან არც ერთ რეკომენდაციაზე არ დასრულებულა მუშაობა. მუშაობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა სამი რეკომენდაციის შესასრულებლად, რაც ეხება დეპოლარიზაციას, ჟურნალისტების და მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობების სათანადო გამოძიებას და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია