ადვოკატი - გია ლორთქიფანიძე სუს-ის განცხადებას „სრულ ბოდვას“ უწოდებს - მას არანაირი საერთო ქართულ პოლიტიკასთან არ გააჩნია და შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური მიზანი არ აქვს

სრული ბოდვა, - ასე ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე სუს-ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გარკვეული ჯგუფები და პირები, მათ შორის ის, საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავენ.

როგორც ლორთქიფანიძის ადვოკატი შოთა კახიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, ყოფილი მაღალჩინოსანი 8 წელია, რაც ქვეყანაში არ იმყოფება, შესაბამისად, მას ქართულ პოლიტიკასთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია და არც არანაირი პოლიტიკური მიზანი არ აქვს.

„სრული აბსურდია სუს-ის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება და მასში მოყვანილი ე.წ. ფაქტები, თითქოს, გიორგი ლორთქიფანიძე დასახელებულ პირებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს. ამის მიღმა არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს და სუს-ს არ წარმოუდგენია. წარსულში არაერთხელ მოგვისმენია ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები. გახსოვთ ალბათ, ე.წ. საბურავების თემა, თითქოს, საბურავებით აპირებდა ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა რევოლუციას, თუმცა, ამის მიღმა რამე სახის მტკიცებულება ხელისუფლებას საზოგადოებისთვის არ წარუდგენია. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები პასუხებს სცემდნენ კითხვებს, თუ რა საგამოძიებო, ან საპროცესო მოქმედებები განხორციელდა ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდა, მსგავსი შინაარსის განცხადებას ვისმენთ რევოლუციასთან და სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, რაც სრული აბსურდია.

გიორგი ლორთქიფანიძე წარსულშიც არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური დევნისა და ცრუ ბრალდებების მსხვერპლი. ის სისხლის სამართლის ორ საქმეზე პოლიტიკური ნიშნით იდევნება ქართული ხელისუფლების მხრიდან. 8 წელია ქვეყანაში არ ყოფილა, მას ქართულ პოლიტიკასთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. შესაბამისად, მას რაიმე სახის პოლიტიკური მიზანი საქართველოში არ გააჩნია, ის 24-საათიან რეჟიმში დაკავებულია იმით, რომ რუსეთის ფედერაციას ებრძოლოს, ომშია ჩართული“, - განაცხადა კახიძემ.

კითხვაზე, თუ რას აცხადებს თავად გია ლორთქიფანიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ამ განცხადებაზე, ადვოკატი ასე პასუხობს:

„სრული აბსურდი უწოდა სუს-ის მიერ გავრცელებულ ამჟამინდელ განცხადებას. მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ამ განცხადებაზე მისი და ჩემი რეაქციაც ასეთი იყო - როგორც ჩანს, ქართული ხელისუფლება უკვე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის სტატუსს ჩვენი ქვეყანა ვერ მიიღება და თვლის, რომ ეს ფაქტი ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილში ლეგიტიმურ პროტესტს გამოიწვევს და რაღაც პროაქტიული განცხადებით, ჯერ არშემდგარი აქციის დისკრედიტაციას ახდენენ. ლორთქიფანიძე განცხადებაში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს გამორიცხავს, არანაირი შემხებლობა არ გააჩნია ამ ფაქტთან და ამ განცხადებას სრული ბოდვა უწოდა. არანაირი საერთო მას ქართულ პოლიტიკასთან არ გააჩნია, შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური მიზანი თუ ამოცანა მას არ აქვს“, - განაცხადა კახიძემ.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის, რომ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში სუს-მა კონკრეტული მტკიცებულებებიც გამოაქვეყნოს, მათ შორის, აუდიოჩანაწერები, ადვოკატი ასე პასუხობს:

„ამდაგვარი ჩანაწერები სუს-ს რომ ჰქონდეს, ბრიფინგს ამით დაიწყებდა. ბატურინზე განაცხადა, რომ სულ 3-ჯერ მყავს ნანახიო, არანაირი კომუნიკაცია მასთან არ აქვს, შესაბამისად, ვერანაირი ჩანაწერი ვერ იარსებებს. განცხადებაში მოყვანილ ბოდვასთან გიორგი ლორთქიფანიძეს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. თუ იმას მეკითხებით, შეიძლება თუ არა, გიორგი ლორთქიფანიძე მორიგი ბრალდების მსხვერპლი გახდეს, ამ ხელისუფლების პირობებში, არაფერია გამორიცხული“, - განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

უწყების ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილია.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს