მიხეილ სარჯველაძე რიჩარდ ნეფიუს ვიზიტზე - ეს კარგი შესაძლებლობაა ფაქტებზე დაფუძნებით ვისაუბროთ, არა მხოლოდ კრიტიკულ ვარაუდებზე, არამედ შედეგებზე, რომელიც ყველა ავტორიტეტულ შეფასებაშია ასახული

ასეთი ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა, რომ უშუალო კომუნიკაციის გზით, ფაქტებზე დაფუძნებით ვისაუბროთ, მათ შორის, არა მხოლოდ იმ კრიტიკულ ვარაუდებზე, რომელიც შეიძლება ზოგჯერ ხელოვნურად, ზოგჯერ ბუნებრივად არასამთავრობო სექტორს ჰქონდეს, არამედ ვისაუბროთ ფაქტებზე, კონკრეტულ შედეგებზე, რაც ასახულია ყველა ავტორიტეტულ შეფასებაში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის, რიჩარდ ნეფიუს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ამ მხრივ წარმატებული სახელმწიფოა.

„სტრატეგიული პარტნიორების, პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი, ბუნებრივია, არსებობს და არსებობს უკლებლივ ყველა საკითხთან დაკავშირებით ინტერესი, მით უმეტეს, როცა თემა უკავშირდება ისეთ საკითხებს, რომელიც ფარავს 9 რეკომენდაციას თუ 9 პრიორიტეტს. შესაბამისად, აბსოლუტურად გასაგებია ეს ინტერესი და კარგი მეორე მხრივ, კარგი შესაძლებლობაა ასეთი ვიზიტი, რომ უშუალო კომუნიკაციის გზით, ფაქტებზე დაფუძნებით ვისაუბროთ და მათ შორის, ვისაუბროთ არა მხოლოდ იმ კრიტიკულ მოსაზრებებზე თუ ვარაუდებზე, რომელიც შეიძლება ზოგჯერ ხელოვნურად, ზოგჯერ ბუნებრივად კითხვის ნიშნის სახით არასამთავრობო სექტორს ჰქონდეს, არამედ ვისაუბროთ ფაქტებზე, კონკრეტულ შედეგებზე, რაც გვაქვს და ასახულია უკლებლივ ყველა ავტორიტეტულ შეფასებაში, რომლითაც ფასდება სახელმწიფო. საქართველო არის შთამბეჭდავი რეზულტატის მქონე სახელმწიფო ამ მიმართულებით. შესანიშნავი რეზულტატები გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გვაქვს განზრახული შემდგომი განვითარება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის წარმატებული სახელმწიფო ანტიკორუფციული მიმართულებით მათ შორის“, - განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძე ასევე გამოეხმაურა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის საკითხს და აღნიშნა, რომ გამოთქმულ ვარაუდებს კორუფციასთან დაკავშირებით საფუძველი არ აქვს.

„შთაბეჭდილებებით ნუ შევეცდებით ვიჟონგლიოროთ. მარტივად დგას საკითხი. ვინც კარგად იცნობს სატენდერო პროცედურებს, ძალიან კარგად ხვდება, რომ არ არის შემსყიდველი ორგანიზაციის კონტროლს ქვეშ, ვინ იქნება გამარჯვებული კომპანია. გამარჯვებული კომპანია რომ იწყებს და არ ასრულებს ვალდებულებას, ეს არ შეიძლება შემსყიდველი ორგანიზაციის კორუფციაზე ვარაუდების საფუძველს ბადებდეს. არ მგონია, რომ ამას საფუძველი ობიექტურად გააჩნია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს