სამართალდამცავებმა წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი და მისი ყოფილი მოადგილე დააკავეს

სამართალდამცავებმა წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი და მისი ყოფილი მოადგილე, ამირან ნაჭყებია დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, დაკავებულმა პოლიციელებმა ოპერატიული შესწავლის მიზნით რუსეთის მოქალაქე აიყვანეს, რომელზეც ნარკოტიკებთან დაკავშირებით ეჭვი არსებობდა. არსებული ცნობით, ბრალდებულმა პოლიციელებმა მოქალაქის სახლი მოსამართლის განჩინების გარეშე გაჩხრიკეს. რუსეთის მოქალაქის თქმით, მას წყნეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ქრთამის სახით 3 500 დოლარი გამოართვა.

არსებული ინფორმაციით, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსმა და მისმა მოადგილემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება ფაქტიდან მეორე დღეს, მას შემდეგ დაწერეს, რაც საქმის შესწავლა დაიწყო.

დაკავებულები ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. მათ ბრალი გუშინ წაუყენეს.

არსებული ინფორმაციით, დიმიტრი ქვაჭრელიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქრთამის აღებას ედავებიან, დიმიტრი ნაჭყებიას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან ერთად თაღლითობას.

დაკავებული ყოფილი პოლიციელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 15:00 საათზე იმსჯელებს.

ცნობისთვის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი თბილისში მომხდარ ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეშიც ფიგურირებს. წყნეთში, 30 წლის ზურაბ გველესიანის მკვლელობისას, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს იმჟამინდელი უფროსი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი და ამავე სამმართველოს დეტექტივი ერიკ წურწუმია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც წურწუმიას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილ ტყვიას გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვაჭრეილიშვილმა აღნიშნულ საქმეზე სასამართლოში ჩვენება მისცა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს