საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი განცხადებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი აღშფოთებულია ამა წლის 3 თებერვალს, მთავარ არხზე, ილო ბეროშვილის ღამის შოუში, მიხეილ ანდღულაძის პერსონაჟის მიერ, ეთერში გაჟღერებული ხუმრობის გამო, სადაც ავტორი ჰყვება, რომ პარკირების ადგილების უქონლობის გამო, პატრულის დანახვისას თავი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად წარმოაჩინა, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი პარკირებით ესარგებლა.

„აღნიშნული ხუმრობა ტირაჟირებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ საზოგადოებაში არსებულ სტიგმას და აღვივებს სტერეოტიპებს. კერძოდ, ერთი მხრივ, ხელს უწყობს იმ აზრის დამკვიდრებას, თითქოსდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გარკვეული საზოგადოებრივი სიკეთეებით (მაგ. დამატებითი საპარკინგე სივრცეებით) სხვებთან შედარებით მარტივად ვსარგებლობთ, ხოლო მეორე მხრივ, თავის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად წარმოჩინება თავის გამოსვლაში ავტორმა მდგომარეობის გამოუვალობით ახსნა, რითაც ეს სტატუსი დააკნინა.

და ბოლოს, წარმოადგენს მაყურებლის/მსმენელისადმი ერთგვარ რჩევას, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი საპარკინგე სივრცე და თავი მოაჩვენონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებად. გარდა ამისა, ნახსენები ვართ როგორც „ინვალიდები“ (გამოუსადეგარი), რომელი ტერმინიც გამოიყენებოდა წარსულში და დიდი ხანია შეცვლილია მისი დისკრიმინაციული შინაარსის გამო.

განვმარტავთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საპარკინგე სივრცეების გამოყოფა განპირობებულია ქალაქის მასობრივად მიუწვდომელი გარემოთი, რომლის გამოც წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევაღწევთ შენობებში და მოგვესპობა გადაადგილების თავისუფლება.

მოვუწოდებთ გადაცემის ავტორებს, წაშალონ ზემოთ აღწერილი დისკრიმინაციული ვიდეო, გააკეთონ შესაბამისი განმარტება ამავე გადაცემის ეთერში და ბოდიში მოიხადონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წინაშე.

შევახსენებთ ყველა მედია საშუალებას, იხელმძღვანელონ მაუწყებლის ქცევის კოდექსით და გაითვალისწინონ ეთიკის ქარტიის პრინციპები, ნუ შეუწყობენ ხელს დისკრიმინაციის წახალისებას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ისედაც ბევრი სირთულისა და ბარიერის გადალახვა გვიწევს, რათა საზოგადოებაში შევცვალოთ ჩვენ მიმართ არასწორი დამოკიდებულებები, შევამციროთ სტიგმა და სტერეოტიპები, რაშიც მედიის როლი უდიდესია. მედია უნდა გვეხმარებოდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში და არა დისკრიმინაციის და არასწორი შეხედულებების წახალისებაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება