კურორტ მუაშში სამოყვარულო შეჯიბრი - „ბიატლონ სვანეთი 2024“ გაიმართა

პირველად ქვემო სვანეთში, კურორტ მუაშში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სამოყვარულო შეჯიბრი ბიატლონში - „ბიატლონ სვანეთი 2024“ გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მოთხილამურეები ერთმანეთს თხილამურებით რბოლასა და შაშხანის მიზანში სროლაში შეეჯიბრნენ, რადგან ბიატლონი სპორტის სწორედ ამ ორ სახეობას აერთიანებს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობა მიიღო ვაჟებისა და გოგონების ხუთ სხვადასხვა ასაკობრივ გუნდად დაკომპლექტებულმა 34-მა მოყვარულმა სპორტსმენმა. გამოვლინდნენ როგორც ოქროს, ისე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები, რომლებსაც ტურნირის სპონსორებისგან ფულადი პრიზები, საწვავი, კონფერენციაზე - „სპორტული მედიცინა, ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტი“ უფასო რეგისტრაცია, კურორტებზე განთავსება, სასაჩუქრე ვაუჩერები და სხვა მრავალი პრიზი გადაეცათ.

„კურორტი მუაში გამორჩეულია თავისი უნიკალური წყლებითა და ულამაზესი ბუნებით. მას წლების განმავლობაში დაკარგული ჰქონდა თავისი ძველი იერსახე, რადგან ინფრასტრუქტურა იყო სრულად განადგურებული. დღეს, ისტორიული მნიშვნელობის დღეა ლენტეხისთვის, იწყება სწორედ კურორტ მუაშის განვითარების გეგმაზე მუშაობა. კურორტის განვითარება ხელს შეუწყობს ადგილობრივებისა და მთლიანად მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ერთნაირად მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის“, - აღნიშნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გია ონიანმა.

ამასთან, კურორტების განვითარების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერის, ნატალია დოლიძის თქმით, სააგენტო მომავალშიც იქნება მსგავსი ღონისძიებების აქტიური მხარდამჭერი.

„კურორტების განვითარების სააგენტოს მიზანი კურორტების განვითარებასთან ერთად, მასობრივი სპორტის და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობაა. „ბიატლონ სვანეთი 2024“-ის ჩატარება არის როგორც კურორტ მუაშის განვითარებისთვის და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი დასაწყისი, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოტივაციისა და წახალისების კარგი შესაძლებლობა. სააგენტო მომავალშიც იქნება მსგავსი ღონისძიებების აქტიური მხარდამჭერი“, - აღნიშნა კურორტების განვითარების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერმა, ნატალია დოლიძემ.

ლენტეხის მერიის განმარტებით, ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ „ბიატლონის” ეროვნული ფედერაცია, სსიპ ,,კურორტების განვითარების სააგენტო”, შპს მთის ტრასების სააგენტო (MTA), "გალფი”, ,,სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემია”, ,,მაგელანი”, ,,XTREME”, ,,MPLUS”, ,,დეილი“.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს