თამარ გუდავა - თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, მკაცრად აგებს პასუხს კანონის წინაშე - უხერხულობის თავიდან ასაცილებლად კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან მივდივარ

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, კულტურის დეპარტამენტის უფროსი თამარ გუდავა თანამდებობას ტოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია თამარ გუდავას შვილი.

მან განაცხადა, რომ “უხერხულობის თავიდან ასაცილებლად“ დაკავებული პოზიციიდან მიდის.

“მეგობრებო, ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე!

ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან” , -აცხადებს თამარ გუდავა

გავრცელებული ინფორმაციით, თამარ გუდავას შვილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

მანამდე პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 -ელ მარტს, ორმა პირმა, შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ განათავსეს.

გამოძიების თანახმად, მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულის შემდგომ ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს