ბექა ლილუაშვილი - დღეს უკვე გავიგეთ, რომ არა მხოლოდ კანონების ჭრა-კერვა, არამედ გარიგებებია - დღევანდელ პარლამენტში მკაფიოდ დავინახეთ, რომელი პარტია რომელთან შედის კოალიციაში

დღევანდელ პარლამენტში ვხედავთ იმას, თუ რომელი პარტია რომელთან შედის კოალიციაში, დღეს ეს მკაფიოდ დავინახეთ , - ამის შესახებ “საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მან ისაუბრა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით „გირჩის“ ინიციატივაზე, მისი თქმით, საინტერესოა, კიდევ რა გაიცვალა „გირჩისა“ და „ქართული ოცნების“ გარიგებით.

„გუშინ გავიგეთ, რომ თურმე “გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის გარკვეული შეთანხმება მომხდარა, რომლის საფუძველზეც, თუკი გენდერული კვოტები გაუქმდება, რასაც „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს, სანაცვლოდ „გირჩი“ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრობის ან თავმჯდომარის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. აქ მთავარი არა გენდერული კვოტების გაუქმებაა, თუმცა ეს საკითხიც მნიშვნელოვანია, მთავარია ის შეთანხმება და ის, რაც ამაში გაიცვალა.

პარტია, რომელიც ამბობს, რომ მას 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და ის აპირებს კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, ასეთ პარტიას სჭირდება სრულად კონტროლირებადი ცენტრალური საარჩევნო კომისია და დღეს უკვე გავიგეთ, რომ არა მხოლოდ კანონების ჭრა-კერვაა, არამედ უკვე გარიგებებია, შეთანხმებებია პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომლებიც შეეკრნენ სახელისუფლებო პარტიას. უკვე კანდიდატების, რომელსაც შალვა პაპუაშვილი წარადგეს, დამტკიცებაში ეს პარტიები მიიღებენ მონაწილეობას. დღევანდელ პარლამენტში ვხედავთ იმას, თუ რომელი პარტია რომელ პარტიასთან შედის კოალიციაში, დღეს ეს მკაფიოდ დავინახეთ“, - განაცხადა ლილუაშვილმა და დასძინა, რომ გარდა ამისა „ქართულ ოცნებასა“ და „გირჩს“ შორის, შეიძლება „ფარული გარიგებაც“ არსებობდეს : „მე მაინტერესებს კიდევ რა გაიცვალა ამ გარიგებით. არ არსებობს რამე, რომ არ გაცხადდეს“, - აღნიშნა მან.

ამასთან, გადაცემაში ლილუაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ აშშ-ს საელჩოზე მოსამართლეებს სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით მიმართვაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ, ამ მიმართვას საგარეო დანიშნულება არ აქვს და, მხოლოდ ქართული საზოგადოებისკენ მიმართული „მესიჯბოქსია“.

„ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რომ ეს არის, მხოლოდ შიდა მოხმარების, ჩვენი საზოგადოებისკენ მიმართული „მესიჯბოქსი“ და არანაირი საგარეო დანიშნულება მას არ აქვს. თუ სასამართლო თავისუფალია კორუფციისგან, მაშინ რატომ ეფარები სასამართლო სისტემას და რატომ არ ქმნიან საგამოძიებო სისტემას?

რატომ ქმნი მსოფლიოში ისეთ პრეცედენტს, როდესაც ქვეყანა უარს ამბობს ამ შეფასების სისტემაში მონაწილეობაზე?,- განაცხადა ლილუაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს