არჩეულ მასალაზე გადასვლა

რა არის ცეცხლის ტბა — ჯოჯოხეთი თუ გეენა?

რა არის ცეცხლის ტბა — ჯოჯოხეთი თუ გეენა?

ბიბლია გვპასუხობს

 ცეცხლის ტბა მარადიულ განადგურებას ასიმბოლოებს. ეს იგივეა, რაც გეენა, მაგრამ განსხვავდება ჯოჯოხეთისგან, რადგან ჯოჯოხეთი კაცობრიობის საერთო სამარეა.

სიმბოლური ტბა

 ბიბლიაში „ცეცხლის ტბა“ ხუთჯერ არის მოხსენიებული და თითოეული მუხლიდან ჩანს, რომ ეს არ არის პირდაპირი გაგებით ტბა (გამოცხადება 19:20; 20:10, 14, 15; 21:8). ცეცხლის ტბაში ჩაიყრებიან:

  •   ეშმაკი (გამოცხადება 20:10). პირდაპირი გაგებით ტბა ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს სულიერ ქმნილებას — ეშმაკს (გამოსვლა 3:2; მსაჯულები 13:20).

  •   სიკვდილი (გამოცხადება 20:14). სიკვდილი გულისხმობს არარსებულ, უმოქმედო მდგომარეობას. ეს არის სიცოცხლის საპირისპირო მდგომარეობა (ეკლესიასტე 9:10). შეუძლებელია, სიკვდილი პირდაპირი გაგებით დაიწვას.

  •   „მხეცი“ და „ცრუწინასწარმეტყველი“ (გამოცხადება 19:20). ვინაიდან „მხეცს“ და „ცრუწინასწარმეტყველს“ სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ, განა ლოგიკური არ იქნება დავასკვნათ, რომ ტბაც, რომელშიც ისინი ჩაიყრებიან, სიმბოლურია? (გამოცხადება 13:11, 12; 16:13).

მარადიული განადგურების სიმბოლო

 როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ცეცხლის ტბა „მეორე სიკვდილს ნიშნავს“ (გამოცხადება 20:14; 21:8). ბიბლიის თანახმად, თავდაპირველად სიკვდილის მიზეზი ადამის ცოდვა გახდა. ასეთი სიკვდილისგან დახსნა ანუ აღდგომა შესაძლებელია, თავად სიკვდილს კი ღმერთი მოუღებს ბოლოს (1 კორინთელები 15:21, 22, 26).

სიმბოლური ცეცხლის ტბიდან თავის დახსნა შეუძლებელია

 ცეცხლის ტბა სრულიად განსხვავებულ სიკვდილს, „მეორე სიკვდილს“ წარმოადგენს. მართალია, ამ შემთხვევაშიც სიკვდილი არარსებულ, უმოქმედო მდგომარეობას გულისხმობს, მაგრამ, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, „მეორე სიკვდილისგან“ თავის დახსნა ანუ აღდგომა შეუძლებელია. მაგალითად, ბიბლიაში წერია, რომ იესოს „სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გასაღები“ აქვს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას აქვს ძალაუფლება, ადამიანი იხსნას სიკვდილის მარწუხებისგან, რაც ადამის მიერ ჩადენილი ცოდვის შედეგია (გამოცხადება 1:18; 20:13, კს.). მაგრამ ცეცხლის ტბის გასაღები არც იესოს აქვს და არც სხვა ვინმეს. სიმბოლური ტბა მარადიულ, სამუდამო განადგურებას ნიშნავს (2 თესალონიკელები 1:9).

გეენა, ჰინომის ველი

 ბერძნული სიტყვა „გეენა“ ბიბლიაში 12-ჯერ არის მოხსენიებული. ცეცხლის ტბის მსგავსად, ესეც მარადიული განადგურების სიმბოლოა. მართალია, ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში ეს სიტყვა ნათარგმნია როგორც „ჯოჯოხეთი“, მაგრამ სინამდვილეში გეენა განსხვავდება ჯოჯოხეთისგან (ებრაულად შეოლ, ბერძნულად ჰადეს).

ჰინომის ველი

 სიტყვა „გეენა“ პირდაპირი გაგებით ნიშნავს „ჰინომის ველს“, რომელიც იერუსალიმის გარეთ მდებარეობდა. ბიბლიურ დროში ქალაქში მცხოვრები ხალხი ამ ველს ნაგავსაყრელად იყენებდა. ნაგვის გასანადგურებლად იქ მუდმივად ენთო ცეცხლი; ხოლო იმას, რასაც ცეცხლი ვერ შთანთქავდა, მატლი ჭამდა.

 იესომ გეენა მარადიული განადგურების სიმბოლოდ გამოიყენა (მათე 23:33). მან თქვა, რომ გეენაში „მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრება“ (მარკოზი 9:47, 48). ამ სიტყვებით იესო გულისხმობდა ჰინომის ველს და ესაიას 66:24-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას: „გავლენ და შეხედავენ იმ ადამიანთა გვამებს, რომლებიც მცოდავდნენ. მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება“. იესომ ამ მაგალითით მარადიული განადგურება აღწერა და არა წამება. ბიბლიაში მოხსენიებული მატლი და ცეცხლი უკვე მკვდარ სხეულს ანუ გვამს ანადგურებდა და არა ცოცხალ ადამიანს.

 ბიბლიაში არსად არის მითითება, რომ გეენაში მყოფი პიროვნება აღდგება. „ცეცხლის ტბა“ და „ცეცხლოვანი გეენა“ — ორივე მარადიულ, სამუდამო განადგურებას ნიშნავს (გამოცხადება 20:14, 15; 21:8; მათე 18:9).

რას ნიშნავს სიტყვები „დაიტანჯებიან დღედაღამ, მარადიულად“?

 თუ ცეცხლის ტბა განადგურების სიმბოლოა, რატომ წერია ბიბლიაში, რომ მასში ეშმაკი, მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი „დაიტანჯებიან დღედაღამ, მარადიულად“? (გამოცხადება 20:10). განვიხილოთ ოთხი მიზეზი, თუ რატომ არ ნიშნავს ეს სიტყვები პირდაპირი გაგებით ტანჯვას:

  1.   ეშმაკი რომ მარადიულად დაიტანჯოს, მარადიულად უნდა იცოცხლოს. მაგრამ ბიბლიაში ნათქვამია, რომ მას ბოლო მოეღება ანუ შეწყვეტს არსებობას (ებრაელები 2:14).

  2.   მარადიული სიცოცხლე ღვთისგან ძღვენია და არა სასჯელი (რომაელები 6:23).

  3.   მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი სიმბოლოებია და ისინი ვერ შეძლებენ პირდაპირი გაგებით ტანჯვას.

  4.   ბიბლიის კონტექსტიდან ვიგებთ, რომ ეშმაკის ტანჯვა სინამდვილეში მისი მარადიული განადგურებაა.

 ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „ტანჯვა“ აგრეთვე შეიძლება ნიშნავდეს „შეზღუდულ მდგომარეობასაც“. მაგალითად მათეს 18:34-ში გამოყენებული ბერძნული სიტყვა „მტანჯველები“ ბიბლიის ბევრ თარგმანში გადმოტანილია როგორც „საპყრობილის ზედამხედველები“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სიტყვები „ტანჯვა“ და „შეზღუდვა“ ერთმანეთთან კავშირშია. მათეს 8:29-სა და ლუკას 8:30, 31-ში აღწერილია ერთი და იგივე მოვლენა და ამ მუხლებში მოხსენიებული სიტყვები „ტანჯვა“ და „უფსკრული“ გაიგივებულია ერთმანეთთან და გადატანითი მნიშვნელობით სრულ უმოქმედობას ან სიკვდილს ნიშნავს (რომაელები 10:7; გამოცხადება 20:1, 3). სიტყვა „ტანჯვა“ წიგნ „გამოცხადებაში“ არაერთხელ გამოიყენება სიმბოლური მნიშვნელობით (გამოცხადება 9:5; 11:10; 18:7, 10).